Home » დეზინფორმაცია: „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსი COVID 19-ის ვაქცინირებით გამოწვეულ გვერდით მოვლენას წარმოადგენს
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსი COVID 19-ის ვაქცინირებით გამოწვეულ გვერდით მოვლენას წარმოადგენს

სოციალურ ქსელში პოლიტიკური პარტია „ხალხის ძასის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ვიდეოს ავრცელებს (დაარქივებული ბმული), სადაც ჟღერდება  მტკიცება, რომ „მაიმუნის ყვავილი“ დამოუკიდებელი სახით არც არსებობს, არამედ წარმოადგენს COVID 19-ის ვაქცინირებით გამოწვეულ გვერდით მოვლენას (იხილეთ სურათზე ქვემოთ). „რაც შეეხება “მაიმუნის ყვავილს”, დოქტორ პურნიმა ვაგის მტკიცებით – დამოუკიდებელი სახით ისიც არ არსებობს, არამედ წარმოადგენს Covid-ის ვაქცინირებით გამოწვეულ გვერდით მოვლენას,-წერს ანგარიში.

რეალურად, მედიცინის ექსპერტების მიხედვით, არ არსებობს არანაირი კავშირი COVID-19-ის ვაქცინებსა და „მაიმუნის ყვავილის“ (Mpox) ვირუსს შორის. მეტიც, “მაიმუნის ყვავილის“ ვირუსი COVID 19-ის ვაქცინებამდე დიდი ხნით ადრეც არსებობდა.

აღნიშნული მტკიცება, რომ „მაიმუნის ყვავილი“ დამოუკიდებელი სახით არც არსებობს, არამედ COVID 19-ის ვაქცინირებით გამოწვეულ გვერდით მოვლენას წარმოადგენს, მსოფლიო მასშტაბით ფართოდ გავრცელდა, რასაც არა ერთი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია, მათ შორის AFP, Full Fact და Reuters, გამოეხმაურა.

14 აგვისტოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) აფრიკაში „მაიმუნის ყვავილის“ (Mpox) მორიგი აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. „მაიმუნის ყვავილი“ ზოონოზური ვირუსული დაავადებაა, რომელიც, ძირითადად, ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში გვხვდება. „მაიმუნის ყვავილი“ ყვავილის ვირუსთა ოჯახს მიეკუთვნება, რომელიც კლინიკურად „ადამიანის ყვავილის“ მსგავსია, თუმცა ნაკლებად მძიმეა. ინფექცია ადამიანებს შორის რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ ნივთებთან შეხების შედეგად ვრცელდება. ასევე, დაფიქსირებულია შემთხვევა, როცა ინფექცია თბურად ბოლომდე დაუმუშავებელი ხორცპროდუქტების მიღებისას გადაცემულა. ორსული ქალიდან ვირუსი ნაყოფზე შესაძლოა პლაცენტის მეშვეობითაც გადავიდეს. მაიმუნის ყვავილის მქონე ადამიანი გადამდები სიმპტომების დაწყებიდან მანამდეა, სანამ გამონაყარი სრულად შეხორცდება და კანის ახალი ფენა წარმოიქმნება. დაავადება ჩვეულებრივ 2-4 კვირა გრძელდება. შეშფოთება გამოიწვია ვირუსის ახალმა შტამმა, რადგან, როგორც ჩანს, ის სწრაფად ვრცელდება და მის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი შტამი გადადის სქესობრივი კონტაქტით, ისევე როგორც სხვა ახლო კონტაქტით, მაგალითად, ვირუსი გავრცელდა კონგოს დევნილთა ბანაკებში მყოფ ბავშვებს შორის. ახალი შტამი აღმოსავლეთ კონგოდან რუანდაში, უგანდაში, ბურუნდსა და კენიაში გადავიდა.

„მაიმუნის ყვავილი“ საერთაშორისო ყურადღების ცენტრში პირველად 2022 წელს მოექცა, როდესაც ვირუსი ენდემურ ზონას, დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკას გასცდა და ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში დაიწყო გავრცელება. „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა. მაშინაც, 2022 წლის ივლისში, ჯანმომ MPox-ის არაენდემურ ქვეყნებში გავრცელება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა 2023 წლის მაისში დასრულდა, მას შემდეგ, რაც გლობალური შემთხვევების მდგრადი შემცირება დაფიქსირდა.

ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანოს (MHRA) თანახმად, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მაიმუნის ყვავილის ვირუსი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გვერდითი ეფექტითაა გამოწვეული. COVID-19 ვაქცინას არ შეუძლია მაიმუნის ყვავილის ვირუსის გამოწვევა, რადგან არცერთი ვაქცინა არ შეიცავს „მაიმუნის ყვავილის ვირუსს“.

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია „Pfizer“-მა Reuters-თან განაცხადა, რომ COVID-19-ის ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს და არის მთლიანად სინთეზური. გარდა ამისა, ის არ ავრცელებს ვირუსს, რომელიც გადადის ადამიანიდან ადამიანზე.

აღსანიშნავია, რომ „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსისთვის დამახასიათებელია გამონაყარი სხეულზე. სხვადასხვა ტიპის ვაქცინები კი (მათ შორის COVID-19-ის ვაქცინები) ჩვეულებრივ არ იწვევენ კანის დაზიანებებს. მედიცინის ექსპერტები AFP-სთან აღნიშნავენ, რომ ვაქცინაციის შემდეგ აუტოიმუნური ბუშტუკოვანი დაავადების გაჩენა 1) ძალიან იშვიათი, 2) სავარაუდოდ, ჯერ კიდევ არ არის დაკავშირებული ვაქცინაციასთან (მიზეზობრივი კავშირი არ არსებობს), და 3) არ არის დაკავშირებული „მაიმუნის ყვავილთან“.

აქვე აღსანიშნავია, რომ „მაიმუნის ყვავილი“ უკვე დიდი ხანია, ჯერ კიდევ COVID-19-მდე არსებობს. ვირუსი პირველად დანიაში 1958 წელს აღმოაჩინეს. ადამიანებში Mpox-ის პირველი შემთხვევა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1970 წელს დაფიქსირდა.

რაც შეეხება კიდევ ერთ დეზინფორმაციულ მტკიცებას, რომელსაც პოსტში ვკითხულობთ და  COVID-ის არ არსებობას უკავშირდება. აღნიშნული მტკიცება შეთქმულების თეორიას წარმოადგენს, რომელსაც ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია – კორონავირუსის ხელოვნურად შექმნის შესახებ არსებული მოსაზრება მეცნიერთა მიერ უკუგდებულია. 2020 წლის მარტში ათობით მეცნიერის მიერ ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ ლანცეტში გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადების თანახმად, COVID-19-ს ბუნებრივი საფუძვლები აქვს და, შესაბამისად, ვირუსი ბიოინჟინერიის პროდუქტი არაა. აშშ-ის „ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის“ დირექტორის, ენტონი ფაუჩის, თქმით, კორონავირუსის ლაბორატორიაში წარმოქმნის შესახებ მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს. ამავეს აცხადებენ, „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია“ და ამერიკის „გალვესტონის ეროვნული ლაბორატორიის“ წამყვანი მკვლევრებიც. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, COVID-19-ის გავრცელების პირველწყარო ქალაქ ვუჰანის ჰუანანის ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზრობაა, სადაც ზღვის პროდუქტებთან და შინაურ ცხოველებთან ერთად გარეული ცხოველებითაც ვაჭრობდნენ. ცნობილია, რომ COVID-19-ის გავრცელება ცხოველიდან ადამიანზე MERS და SARS ინფექციების პრინციპით მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ვირუსების ხელოვნურად შექმნის შესახებ შეთქმულების თეორიები სხვა დროსაც გავრცელებულა, კერძოდ, 2002 წელს, SARS-ის ეპიდემიის, ხოლო 2009 წელს H1N1-ის პანდემიის შემთხვევაში.

ამდენად, COVID-19-ის ვაქცინასმაიმუნის ყვავილის“ ვირუსის გამოწვევა არ შეუძლია, რადგან არცერთი ვაქცინამაიმუნის ყვავილის“ ვირუსს არ შეიცავს. აღსანიშნავია ისიც, რომ „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსი COVID-19-ის ვაქცინებამდე დიდი ხნით ადრეც არსებობდა. შესაბამისად, დავით ქართველიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყალბ ამბავს წარმოადგენს.

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]