სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში დემურ გიორხელიძის პოსტის ფოტოანაბეჭდს ავრცელებს, (პოსტი წაშლილია) რომელშიც გიორხელიძე თითქოს წერს, რომ უკრაინამ კურსი დაიპყრო და სხვებს ამუნათებს, თუ რატომ არ უწოდებენ ამის გამო უკრაინასა და მის პრეზიდენტ ზელენსკის ოკუპანტს (იხილეთ სურათზე ქვემოთ). სინამდვილეში პოსტი გაყალბებულია და გიორხელიძეს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.
2024 წლის აგვისტოს დასაწყისში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს რუსეთის საზღვრისპირა ოლქებზე. უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე წინსვლას განაგრძობს, 20 აგვისტოს მონაცემებით კი 1263 კვადრატულ კილომეტრსა და 93 დასახლებას აკონტროლებს.
Facebook-ზე იდენტური ტექსტის მქონე პოსტი არასანდო გვერდზე GFP News-ზე გვხვდება. გვერდს 1 მოწონება და 1 გამომწერი ჰყავს. მისი პოსტები კი, ძირითადად, ანტიევროპული და ანტიუკრაინული შინაარსისაა.
მსგავსი შინაარსის პოსტი დემურ გიორხელიძის პირად Facebook-გვერდზე არ იძებნება.
დემურ გიორხელიძე საკუთარ Facebook-გვერდზე კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებს რამდენიმე პოსტით გამოეხმაურა (1; 2; 3). თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის მსგავსი შინაარსი არცერთ მათგანს არ აქვს. გარდა ამისა, არსად ახსენებს, რომ „უკრაინამ კურსკი დაიპყრო“, არამედ მიმდინარე მოვლენებს „კურსკის ოლქში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს და სიტუაციას აღნიშნულ კონტექსტში განიხილავს.
ამგვარად, გავრცელებული პოსტი გაყალბებულია.