Home » დეზინფორმაცია: დევიდ კრამერისა და იან კელის ციტატები მოწმობს, რომ მათ საქართველოს ომში ჩათრევა უნდოდათ
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: დევიდ კრამერისა და იან კელის ციტატები მოწმობს, რომ მათ საქართველოს ომში ჩათრევა უნდოდათ

სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოქვეყნდა ვიდეო (დაარქივებული ვიდეო), რომელშიც ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ კრამერის, საუბარს ერთვის შემდეგი ქართული თარგმანი: „საუკეთესო გზა საქართველოსთვის იქნება, დაიბრუნოს რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორია და ამით დაეხმაროს უკრაინასაც გამარჯვებაში. ანუ რუსეთი იძულებული უნდა გახადოს გაიყვანოს თავისი არმია უკრაინიდან“. დევიდ კრამერის შემდეგ ვიდეოში ჩანს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, იან კელის გამოსახულება, რომელსაც ქართულად გადადებული აქვს ხმა, რომელიც იან კელის სიტყვების თარგმანს წარმოადგენს. ვიდეოში ქართულ ენაზე ისმის: „ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება აშკარად ზურგს აქცევს დასავლეთს და გვიჩნდება ორი კითხვა: განვაგრძოთ, თუ – არა მისი მხარდაჭერა NATO-ს გზაზე და მეორე, როგორ შემოვაბრუნოთ მისი ანტიდასავლური კურსი. ვფიქრობ, უნდა მოვნახოთ ისინი, ვინც ამ შემობრუნებას გამოიწვევს და დავუფინანსოთ წერტილოვანი შეტევები, რომ შევაჩეროთ ქვეყნის გადახვევა სწორი გზიდან, თუნდაც ამაში დანარჩენი დასავლეთი არ გვეთანხმებოდეს“.

ვიდეოს თანდართული აქვს წარწერა: „ამერიკას უნდათ რომ საქართველო ომში ჩაათრიონ! ვისაც ყური აქვს ისმინოს, ვისაც თვალი აქვს დაინახოს ჩვენგან რას ითხოვენ“.

ვიდეოში დევიდ კრამერისა და იან კელის ქართულად გახმოვანებული ციტატები და ვიდეოს თანდართული წარწერები ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ისინი საქართველოსგან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხედრო შეტევის დაწყებას და შედეგად ომში ჩართვას ითხოვდნენ.

სინამდვილეში, თარგმანი არასწორია და ვიდეოში როგორც დევიდ კრამერი, ისე იან კელი სხვა შინაარსის წინადადებებს ამბობენ. ვიდეოს ორიგინალი ვერსია YouTube-პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი და ის 2022 წლის 29 ნოემბრითაა დათარიღებული.

ვიდეოში ევროპარლამენტის პოლონელი წევრი, ანა ფოტიგა, უძღვება კონფერენციის -„ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი“ – ბრიფინგს. ბრიფინგზე საუბარი ანა ფოტიგას,  იან კელის, დევიდ კრამერსა და თორნიკე გორდაძეს შორის მიმდინარეობს. ვიდეოში ვხვდებით იმ მონაკვეთებსაც, რომელიც Facebook-ზე მომხმარებელმა ქართული თარგმანით გაავრცელა, თუმცა ის თუ რას ამბობენ სპიკერები რეალურად განსხვავდება იმისგან, თუ რა არის ქართულ ენაზე თარგმნილი და გავრცელებული.

ორიგინალ ვიდეოში 8:30 წუთზე ანა ფოტიგა სვამს კითხვას: „მინდა ვკითხო დავიდ კრამერს იმ ნარატივზე, რომელსაც ზოგჯერ ვისმენთ საქართველოში, რომელიც ეხება ძალიან მტკივნეულ წარსულს. ხალხს საქართველოში ისევ ახსოვს რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ და საქართველოს ტერიტორიების დაახლოებით 20%-ის დაკავება, ასევე სოფლებსა და ქალაქებში, როგორიცაა მაგალითად გორი, უბრალო ხალხის საფრთხეში ჩაგდება. როგორ უნდა დავარწმუნოთ ქართველები, რომ კოლექტიურ დასავლეთს არ სურს საქართველოს ჩათრევა ომში, რომ ჩვენ გვინდა ერთიანობა და პირიქით, ჩვენ გვინდა შევაკავოთ რუსეთი, რათა უკრაინას ამ ომის მოგებაში დავეხმაროთ“.

ამ კითხვაზე პასუხად დავიდ კრამერი არ საუბრობს საქართველოს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების [სამხედრო გზით] დაბრუნებასა და შედეგად უკრაინის დახმარებაზე. არამედ ის ამბობს სრულიად საპირისპიროს (9:45 წუთი): „მე ვფიქრობ, რომ ეს ტკივილი მოდის კიდევ უფრო ადრინდელი პერიოდიდან, ადრეული 1990-იანი წლებიდან აფხაზეთში, უფრო კონკრეტულად. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო გზა საქართველოსთვის, იყოს იმ პოზიციაში, რომ შეეძლოს საკუთარი ტერიტორიების 20%-ის დაბრუნება, არის უკრაინის დახმარება გასამარჯვებლად. უკრაინის გამარჯვებაში დახმარება და ამაში მე ვგულისხმობ რუსული ძალების უკრაინის ტერიტორიიდან განდევნას, უკან რუსეთში დაბრუნებას, უკრაინის განთავისუფლებას, მისცემს საქართველოს შესაძლებლობას, რომ დაიბრუნოს კონტროლი თავის ტერიტორიებზე არა აუცილებლად ომის საშუალებით. არავის სურს ომი, არავის სურს იმ ომის გავრცელება, რომელსაც ვხედავთ 24 თებერვლის მერე. მაგრამ გამარჯვებული უკრაინის შემდეგ დასუსტებულმა რუსეთმა შესაძლოა გაანალიზოს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე კონტროლის შენარჩუნება არა მხოლოდ ამორალური, უსამართლო და უკანონოა, არამედ, საბოლოო ჯამში, რუსეთის ინტერესებშიც არ შედის. საუკეთესო გზა რითაც რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესება შეუძლია, არის საქართველოს სრული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის აღიარება და საქართველოს უფლების აღიარება, აირჩიოს მისი მომავალი და ორიენტაცია. ასე რომ, ვფიქრობ, ქართველებიც და საქართველოს ხელისუფლებაც გვერდით უნდა დაუდგეს… და ქართველი ხალხი იყო უკრაინელების გვერდით, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება – არა. ისინი უნდა დადგნენ უკრაინის გვერდით და დაეხმარონ მას გამარჯვებაში და ეს იქნება საქართველოს სასარგებლოდ, ისევე როგორც მე ვფიქრობ რეგიონის ყველა ქვეყნის და საბოლოოდ თავად რუსეთის სასარგებლოდაც“. ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში არსებული თარგმანი დევიდ კრამერის მიერ ნათქვამი წინადადების კომპონენტებს აზრობრივად ერთმანეთს არასწორი თანმიმდევრობით ანაცვლებს, რაც შესაბამისად შინაარსსაც არასწორად გადმოსცემს. დევიდ კრამერი არ ამბობს, რომ საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დაიბრუნოს და ამ გზით უკრაინას უნდა დაეხმაროს. რაც ვიდეოზე განთავსებულ წარწერებთან ერთად ქმნის შთაბეჭდილებას, რომ დევიდ კრამერი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მიერ ომის დაწყებას მოითხოვდა. ამის საპირისპიროდ, დევიდ კრამერი სინამდვილეში ამბობს, რომ საქართველოს მიერ უკრაინის დახმარება და მის გვერდში დგომა არის საქართველოსთვის ტერიტორიების 20%-ის დაბრუნების საუკეთესო გზა; ამასთან აღნიშნავს, რომ არ სურს ეს ომის გზით მოხდეს. უკრაინის დახმარებაში კი თავად კრამერიც განმარტავს, რომ საქართველოს მიერ სამხედრო ქმედებების ან ომის დაწყება არ იგულისხმება.

რაც შეეხება იან კელის სიტყვებს, Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში ქართული თარგმანი შემდეგნაირადაა მოცემული: „ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება აშკარად ზურგს აქცევს დასავლეთს და გვიჩნდება ორი კითხვა: განვაგრძოთ, თუ – არა მისი მხარდაჭერა NATO-ს გზაზე და მეორე, როგორ შემოვაბრუნოთ მისი ანტიდასავლური კურსი. ვფიქრობ, უნდა მოვნახოთ ისინი, ვინც ამ შემობრუნებას გამოიწვევს და დავუფინანსოთ წერტილოვანი შეტევები, რომ შევაჩეროთ ქვეყნის გადახვევა სწორი გზიდან, თუნდაც ამაში დანარჩენი დასავლეთი არ გვეთანხმებოდეს“.

თარგმანი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს, იან კელი ისეთი ადამიანების პოვნასა და მათთვის „წერტილოვანი შეტევების დაფინანსებაზე“ საუბრობს, ვინც საქართველოს პროდასავლური კურსის ცვლილების შეჩერებაში დაეხმარება.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში იან კელის მიერ საუბრის დაწყების მონაკვეთი (0:16) ემთხვევა ორიგინალ ვიდეოში მონაკვეთს 6:51 წუთიდან, რომელშიც იან კელი სინამდვილეში ამბობს: „ამ სახის გზიდან გადახვევა, რომელიც შერწყმულია შეერთებული შტატების წინააღმდეგ ძალიან მწვავე თავდასხმებთან. ისეთი თავდასხმები, რომლებიც მართლაც უპრეცედენტოა საქართველოსთან ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ნამდვილად გვაიძულებს ვიფიქროთ, გვჭირდება, თუ – არა კიდევ ერთხელ გადავხედოთ, როგორ ვუჭერთ მხარს ამ [საქართველოს] ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. და რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევაჩეროთ ეს ტენდენცია, ეს ანტიდასავლური ტენდენცია, ეს ტენდენცია [რომელიც] შორსაა ისეთი რეფორმების განხორციელებისგან, რომელიც მათ სჭირდებათ და რეალურად ეს პირადი თავდასხმები შეერთებული შტატების წინააღმდეგ. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვეძებოთ გზები, რომლითაც შეგვიძლია პოზიტიური როლის თამაში ქართველი ხალხისა და მისი ისტორიული მისწრაფებების მხარდაჭერაში კოლექტიურ დასავლეთში გაწევრიანების საქმეში.  და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ყურადღება მივაქციოთ ზოგიერთ ადამიანს, ვინც დასავლეთისგან ამ გადახვევაზე პასუხისმგებელია და ვნახოთ, რა სახის საფასური შეგვიძლია გადავახდევინოთ მათ, რათა თავიდან ავიცილოთ ის, რაც მოლიპულ გზას წარმოადგენს, მრავალი თვალსაზრისით, [რომელიც მიდის] თუნდაც დასავლეთთან მიუმხრობლობა[-ის გამოცხადებამდე]. ეს არის ზოგიერთი რამ, რასაც ვფიქრობ, რომ უნდა შევხედოთ…“.

ამდენად, იან კელი თავის სიტყვაში არ გულისხმობდა საქართველოში ადამიანების პოვნასა და მათთვის „წერტილოვანი შეტევების“ დაფინანსებას, იმისთვის, რომ ქვეყნის მიერ კურსის შეცვლა აერიდებინა. ის ასევე არ ახსენებს სიტყვებს „თუნდაც ამაში დანარჩენი დასავლეთი არ გვეთანხმებოდეს“. ამის საპირისპიროდ, ის ამბობს, რომ მათ უნდა ნახონ ის ადამიანები, ვინც საქართველოს პოლიტიკური კურსის ცვლილებას ცდილობს და შესაბამისი საფასური გადაახდევინოს, რადგან ისინი პასუხისმგებლები არიან დასავლეთის გზიდან გადახვევაზე, რაშიც იან კელი, მათ შორის, პოტენციურად დასავლეთთან მიუმხრობლობის გზის არჩევასაც მოიაზრებს.

აქედან გამომდინარე, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს თარგმანი არასწორია და შესაბამისად, ვიდეოს შინაარსი და მტკიცება, თითქოს აშშ-ს საქართველოს ომში ჩათრევა სურს, ყალბია.

 

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]