Home » სოციალურ ქსელში კამალა ჰარისის კამპანიასთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში კამალა ჰარისის კამპანიასთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ფოტოს (არქივირებული ფოტოს ბმული) ავრცელებს და ამტკიცებს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატ კამალა ჰარისისთვის რეიტინგის მოსამატებლად აშშ-ის მედია იტყუება და მიჩიგანში მხარდამჭერებთან შეხვედრის კადრებში ხალხი „ფოტოშოპით მიახატა“. რეალურად, ფოტო ავთენტური, ხოლო გავრცელებული ინფორმაცია ყალბია.

7 აგვისტოს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისისა და მინესოტას გუბერნატორის ტიმ უოლზის მიჩიგანში ხალხთან შეხვედრის ფოტო ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა, არასანდო ანგარიშებისა და დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ (ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და სხვა). ინფორმაციის გავრცელებას ხელი თავად დონალდ ტრამპმაც შეუწყო, რომელმაც შეხვედრის კადრი გამოაქვეყნა და კამალა ჰარისი თაღლითობასა და ტყუილში დაადანაშაულა.

ბრალდებას პლატფორმა X-ზე კამალა ჰარისის კამპანიის ოფიციალური ანგარიში გამოეხმაურა. „ეს არის 15000-კაციანი შეკრების რეალური ფოტო ჰარის-უოლზისთვის მიჩიგანში“, – ნათქვამია განცხადებაში. კამპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-თან კომუნიკაციისას განაცხადა, რომ ფოტო გადაღებულია ჰარისის კამპანიის თანამშრომლის მიერ „და არანაირად არ არის შეცვლილი ხელოვნური ინტელექტის მიერ“.

დეზინფორმაციას ასევე გამოეხმაურა კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, ჰანი ფარიდი, რომელიც გამოსახულების ანალიზსა და ციფრულ სასამართლო ექსპერტიზაში არის სპეციალიზებული. მისი განცხადებით, მტკიცებულება, რომ სურათი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ან ციფრულად შეცვლილია, არ მოიპოვება.

„სურათი გავაანალიზე GetReal Labs-ის ორი მოდელით, რომლებიც შექმნილია ხელოვნური ინტელექტით გადამუშავებულ სურათებთან დაკავშირებული სხვადასხვა შაბლონების გამოსავლენად. არც ერთ მოდელს არ გამოუვლენია ხელოვნური ინტელექტის კვალი. გარდა ამისა, ტექსტი ნიშნებსა და თვითმფრინავზე არ აჩვენებს  AI-ის არცერთ ჩვეულებრივ ნიშანს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში (ბმული 1, 2, 3, 4, 5) ასევე  ჩანს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს მართლაც შეეგებნენ მხარდამჭერები და აეროდრომი ცარიელი არ ყოფილა, როგორც ამას დეზინფორმატორები ამტკიცებენ.

დეზინფორმაციას ასევე გამოეხმაურნენ ისეთი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები, როგორებიცაა, Reuters, Snopes.com, PolitiFact, AFP Fact Check, FactCheck.org, AP Fact Check, The Dispatch და მედია მაუწყებლობები – BBC, ABC News, CNN, CBS Detroit, The Hill.

ამდენად, მტკიცება, რომ მიჩიგანში კამალა ჰარისის მხარდამჭერებთან შეხვედრის კადრებში ხალხი ფოტოშოპით არის დამატებული, ტყუილია.

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]