Home » სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები საფრანგეთის პრეზიდენტის ვიდეოს ავრცელებენ (1,2) (დაარქივებული ბმული). „ფეიკი არ არის ვიდეო, გეიწვეულება ჰქონდათ, ესეც ფოტო მასალა“,- წერს ერთ-ერთი ანგარიში. რეალურად,  გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შექმნილი.

აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა, რასაც სხვადასხვა ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია, მათ შორის, ბრიტანული Logically Facts და ფრანგული France 24-ის ფაქტების გადამოწმების განყოფილება The Observers-ი გამოეხმაურა.

როგორც ცნობილია, ხელოვნური ინტელექტი ადამიანის სახეს და სხეულის გარკვეულ ნაწილებს ზუსტად ვერ ქმნის. პრეზიდენტის ვიდეოც რომ  ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული, რამდენიმე დეტალით დგინდება.  ვიდეოს ერთ-ერთ მონაკვეთში  მამაკაცი პრეზიდენტის მკლავს ხელს უშვებს და კისერზე ხვევს,  მისი ხელის თითები ამ  მომენტში მაკრონის მკლავზე რჩება, შემდეგ კი იდაყვიდან თითებამდე ნაწილი მთლიანად ქრება.

ვიდეო იწყება კადრით, რომელიც რეალურ ფოტოს წარმოადგენს და 2 აგვისტოს ჟურნალ Voici-ში გამოქვეყნდა. შესაძლოა, რომ  სწორედ ეს ფოტო, რომელშიც მამაკაცს მაკრონის ხელი უჭირავს, გამოიყენეს გავრცელებული ვიდეოს შესაქმნელად.

ვიდეოს გამოეხმაურა BBC Verify-ს ჟურნალისტი შაიან შარდარიზადეც, რომელმაც თავის X ანგარიშზე აღნიშნა, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული და რეალობას არ ასახავს.