სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში აფრიკაში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და წერს, რომ ,,მაიმუნის ყვავილის“ ეგიდით პანდემიური ზღაპრების ამოქმედება აფრიკაში უკვე დაიწყეს. „აფრიკელებს ამზადებენ საგანგებო მდგომარეობაში გადასაყვანად… ჩვენთან კი ჯერ კლიმატის ხელოვნური ცვლილებითა და ჟანგბადის დეფიციტით ვითომდა გამოწვეულ მითებს დაგვაჯერებენ ვითომდა ისევ ჩვენი და ჩვენი სამყაროს გულისთვის…იფხიზლე ერო“,- ვკითხულობთ პოსტის აღწერაში.
რეალურად, „მაიმუნის ყვავილი“ არ არის ახალი ვირუსი, ის ენდემურია დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში და მეცნიერებს ვირუსის ბუნება უკვე დიდი ხანია შესწავლილი აქვთ. მტკიცება, თითქოს ვირუსი რეალურად არ არსებობს, მცდარია.
რაც შეეხება კლიმატის ცვლილებას, მეცნიერები თანხმდებიან, რომ კლიმატის ცვლილება სახეზეა და რეალურია. ის შესაძლოა ბუნებრივი პროცესებითაც იყოს განპირობებული, თუმცა, 1800-იანი წლებიდან მოყოლებული, კლიმატის ცვლილების მთავარ გამომწვევად ადამიანის საქმიანობა იქცა, უპირველეს ყოვლისა, წიაღისეული საწვავის (როგორებიცაა: ქვანახშირი, ნავთობი და გაზი) წვა.
Reuter-ის სტატიაში, რომლის ფოტო ანაბეჭდსაც Facebook-ანგარიში ავრცელებს, ვკითხულობთ, რომ აფრიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აპირებს, რადგან ე.წ. „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი საგანგაშოა. დიდია მასშტაბი, რომელიც უკვე კონგოს რესპუბლიკის საზღვრებსაც კი სცდება.
აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების გენერალური დირექტორის თქმით, ვირუსის შემთხვევები აფრიკაში 2022-2023 წლებთან შედარებით 79%-ით გაიზარდა. Reuters-თან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი კონგოში განმარტავს, რომ ქვეყანაში ამ წლის განმავლობაში ვირუსით 503 ადამიანი დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა კომიტეტის შეხვედრა დააანონსა, სადაც დამოუკიდებელი ექსპერტებთან ერთად გადაწყვეტენ, წარმოადგენს, თუ – არა „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელება „საერთაშორისო შეშფოთების საგანგებო მდგომარეობას“.
საინტერესოა, რომ „მაიმუნის ყვავილი“ ზოონოზური ვირუსული დაავადებაა, რომელიც სწორედ ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში გვხვდება. „მაიმუნის ყვავილი“ ყვავილის ვირუსთა ოჯახს მიეკუთვნება, რომელიც კლინიკურად „ადამიანის ყვავილის“ მსგავსია, თუმცა ნაკლებად მძიმეა. ინფექცია ადამიანებს შორის რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ ნივთებთან შეხების შედეგად ვრცელდება. ასევე, დაფიქსირებულია შემთხვევა, როცა ინფექცია თბურად ბოლომდე დაუმუშავებელი ხორც-პროდუქტების მიღებისას გადაცემულა.
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკა იყო პირველი ქვეყანა, სადაც „მაიმუნის ყვავილი“ პირველად ადამიანში დაფიქსირდა. დღესდღეობით, ვირუსის ორი ძირითადი შტამია გავრცელებული – დასავლეთ აფრიკული და ცენტრალურ აფრიკული.
წყარო: CDC
„მაიმუნის ყვავილის“ ბოლო დიდი ეპიდაფეთქება 2017 წელს ნიგერიაში მოხდა. „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევები დღემდე ფიქსირდება აფრიკულ ქვეყნებში. აფრიკული ქვეყნებიდან ვირუსის ექსპორტი შესაძლოა არაენდემურ ტერიტორიაზეც მოხდეს. ასე მაგალითად, 2022 წლის მაისში არაენდემურ ქვეყნებში, ძირითადად ევროპის კონტინენტზე, „მაიმუნის ყვავილის“ მრავალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გლობალური ჯანდაცვის ყურადღების ცენტრში მოექცა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დროული და სწრაფი ქმედების შემთხვევაში, არაენდემურ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების შეკავება სავსებით შესაძლებელია. დღესდღეობით, როგორც აღინიშნა, ვირუსის გავრცელების არეალი და გამოვლენის სიხშირე გაზრდილია, რის გამომწვევ მნიშვნელოვან ფაქტორად ტყეების გაჩეხა და გარემოზე მიყენებული რიგი ზიანი შეიძლება ჩაითვალოს, შესაბამისად, მაიმუნის ყვავილი ფასდება როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხე.
ცნობისთვის, საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა 2022 წელს დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ Facebook-ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული პოსტის კომენტარებში ვკითხულობთ, რომ „მაიმუნის ყვავილის“ ინფექცია „ჰომოსექსუალების ვირუსს“ წარმოადგენს. საინტერესოა, რომ აღნიშნული დეზინფორმაცია ჯერ კიდევ 2022 წელს გაჩნდა, როცა ევროპაში შემთხვევების უმეტესობა ჰომოსექსუალ მამაკაცებში დაფიქსირდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანმოს ევროპის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ „ვირუსი არ არის მიმაგრებული რომელიმე კონკრეტულ ჯგუფზე“.
რეალურად, ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გავრცელება ინფიცირებულთან ახლო კონტაქტით ხდება, მათ შორის – სქესობრივი გზითაც. ვირუსისთვის მნიშვნელობა არ აქვს, სქესობრივი კონტაქტი როგორ და რომელი ორიენტაციის ადამიანებს შორის მოხდება.
რაც შეეხება კლიმატის ცვლილებას, მიუხედავად მრავალი კვლევისა, რომელიც კლიმატის ცვლილების ნამდვილობასა და მის მავნე შედეგებს ადასტურებს, საკითხი დეზინფორმაციის სამიზნედ მაინც იქცა. სოციალურ ქსელებში კვლავ გრძელდება მტკიცება, რომ კლიმატის ცვლილება „აფიორა“ და „აბსურდია“.
სინამდვილეში, კლიმატის ცვლილება რეალურია და ის დედამიწაზე სხვადასხვა პროცესზე გავლენას ახდენს. მაგალითად, 1880 წლიდან, დედამიწაზე საშუალო გლობალური ტემპერატურა დაახლოებით 1 °C-ით გაიზარდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გლობალური ტემპერატურის ცვლილება 2050 წლისთვის დაახლოებით 1,5 °C მიაღწევს და 2100 წლისთვის ზრდის მაჩვენებელი 2-4 °C იქნება. ტემპერატურის ზრდის შედეგად ყინულის ფართო მასები, განსაკუთრებით დედამიწის პოლუსებზე, დნება, რაც ხელს უწყობს ზღვის დონის აწევას. ზღვის დონე წელიწადში 3,2 მილიმეტრით იზრდება. ზრდა ბოლო წლებში უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და უახლოეს ათწლეულებში, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, შესაძლოა, დაჩქარდეს.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კლიმატის ცვლილება უკვე ათწლეულებია, რაც შესამჩნევია. კლიმატის ცვლილება ტემპერატურისა და ამინდის შაბლონების გრძელვადიან ცვლას ეხება. ასეთი ძვრები შეიძლება იყოს ბუნებრივი, მზის აქტივობის ცვლილების ან დიდი ვულკანური ამოფრქვევის შედეგი. მაგრამ 1800-იანი წლებიდან მოყოლებული, ადამიანის საქმიანობა იქცა კლიმატის ცვლილების მთავარ მამოძრავებელ ძალად, უპირველეს ყოვლისა, ისეთი წიაღისეული საწვავის დაწვის გამო, როგორებიცაა: ქვანახშირი, ნავთობი და გაზი. ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაციის (NASA) თანახმად, კლიმატის ცვლილების „ბუნებრივი გამომწვევი მიზეზები დღესაც მოქმედებს, მაგრამ მათი გავლენა ბოლო ათწლეულების განმავლობაში არსებული სწრაფი ცვლილებების ასახსნელად, ძალიან მცირე და სუსტია“.
გლობალური კლიმატის ცვლილების თეორიის მიხედვით, წიაღისეული საწვავის დაწვა ქმნის საფარს, რომელიც დედამიწაზე მზის სითბოს იკავებს და ამგვარად, გლობალურ ტემპერატურას ზრდის. გლობალური დათბობა კი, თავის მხრივ, ისეთ მოვლენებს იწვევს, როგორებიცაა: გვალვები, წყლის დეფიციტი, ძლიერი ხანძარი, ზღვის დონის აწევა, წყალდიდობა, პოლარული ყინულის დნობა, ძლიერი ქარიშხალი და ბიომრავალფეროვნების შემცირება.