Home » დეზინფორმაცია: „ქიმტრეილები“ მოსახლეობის მოსაწამლად გამოიყენება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: „ქიმტრეილები“ მოსახლეობის მოსაწამლად გამოიყენება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ვიდეოებს (1, 2, 3) (დაარქივებული ბმული 1; ბმული 2) ავრცელებს. ავტორი ერთ-ერთ პოსტში ამტკიცებს, რომ  სამგზავრო თვითმფრინავს არანაირი ხილული გამონაბოლქვი არ აქვს, თუმცა არსებობს „სპეციალური თვითმფრინავი, რომელიც განზრახ უშვებს და ტოვებს ქიმტრეილებს“. შემდეგ პოსტში კი ვკითხულობთ, რომ სწორედ „ქიმტრეილების“ გამო იზრდება კიბოს რიცხვი.

რეალურად, თვითმფრინავის გადაადგილებისას დატოვებული ღრუბლების ბილიკი, წყლის ორთქლის კონდენსაციის პროდუქტია, რომლის ხილვადობასაც ამა თუ იმ არეალის ტენიანობის ხარისხი განაპირობებს. ინვერსიული კვალი მომწამვლელ ნივთიერებებს არ შეიცავს, შესაბამისად, შეთქმულების თეორიას წარმოადგენს მტკიცება, რომ მას დაავადებების რიცხვის გასაზრდელად იყენებენ.

„კონტრეილი“ (contrail) ან „ორთქლის ბილიკი“ თვითმფრინავის მიერ დატოვებული ინვერსიული კვალია. ის თვითმფრინავის საწვავის წვის შედეგად გამოყოფილი წყლის ორთქლისა და ჰაერში მტვრის წვრილი ნაწილაკების ყინულის კრისტალებად გაყინვით წარმოიქმნება. დაბალტენიანი ჰაერის შემთხვევაში კრისტალები უბრალოდ იშლება, ხოლო მაღალი ტენიანობის პირობებში ნარჩუნდება და დიდ ფართობზე თვალისთვის შესამჩნევი ხდება. სწორედ ტენიანობის აღნიშნული განსხვავებები ხსნის იმას, თუ რატომ არის ზოგიერთი თვითმფრინავის კვალი ხილული, ხოლო ზოგიერთის – არა.

კონსპირაციული თეორია, რომ მთავრობები ან სხვა აქტორები თვითმფრინავების საშუალებით დედამიწას რეგულარულად ასხურებენ ქიმიკატებს და ხელოვნურად ზრდიან დაავადებების რიცხვს, ფართოდ თავდაპირველად 1990-იანი წლებიდან გავრცელდა. კერძოდ, კონსპიროლოგები ამტკიცებდნენ, რომ თვითმფრინავებიდან გამოიყოფოდა ტოქსიკური ლითონის, ბარიუმის შემცველი სპრეი, მისი მთავარი დანიშნულება  მოსახლეობის დამორჩილება ან შემცირება იყო.  თუმცა დროთა განმავლობაში, „ქიმიური ბილიკების“ შეთქმულების თეორია ვითარდებოდა და დღეისთვის მისი რამდენიმე მიმართულება ჩამოყალიბდა. მაგალითად, პანდემიის დროს, გააქტიურდა ვერსია, რომ თვითმფრინავებიდან „ქიმიური ბილიკების“ საშუალებით კორონავირუსსა და ვაქცინებს ავრცელებდნენ და მიზნად ადამიანების „გონების კონტროლს“ ისახავდნენ.

„ქიმტრეილების“ შესახებ კონსპირაცია დღესდღეობითაც ხშირად ვრცელდება, რაზეც მრავალ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციას, მათ შორის – ბრიტანულ Full Fact-ს, ამერიკულ USA TODAY-სა და PolitiFact-ს არა ერთხელ დაუწერია.

გავრცელებულ კონსპირაციას გამოეხმაურა აშშ-ს საჰაერო ძალებიც (The U.S. Air Force). მათ ანგარიშში ნათქვამია, რომ „Chemtrail“ არ არსებობს. ხოლო, „კონტრეილები“ უსაფრთხოა და ბუნებრივი მოვლენაა, „ისინი არანაირ საფრთხეს არ უქმნიან ჯანმრთელობას”, – ნათქვამია ანგარიშში.

იმის დასადგენად, „კონტრეილები“ მართლა „ქიმიური ბილიკებია“, თუ – არა, კვლევაც კი ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობდა სხვადასხვა პრესტიჟული უნივერსიტეტიდან და ინსტიტუტიდან წარმოდგენილი 77 მეცნიერი, რომლებმაც ატმოსფერო შეისწავლეს. კვლევით დადასტურდა, რომ გარკვეული ინტერეს-ჯგუფების მიერ მოსახლეობის დასამორჩილებლად თვითმფრინავებიდან მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებების მასობრივი გაფრქვევა საფუძველს მოკლებული და არარეალურია.

კვლევაში მონაწილე მეცნიერთა 98,7%-მა (76-მა მეცნიერმა 77-დან) განაცხადა, რომ მათ საიდუმლო მასშტაბური ატმოსფერული პროგრამის (secret large-scale atmospheric program – SLAP), იგივე – „ქიმიური ბილიკის (Chemtrail), ვერავითარი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინეს. ხოლო შეთქმულების თეორიის მიმდევრების მიერ მოყვანილი მტკიცებები სრულიად სხვა ბუნებრივი, ქიმიასა და ფიზიკაში კარგად ცნობილი ფაქტორებით აიხსნება, რაც თვითმფრინავების ფრენისა და საწვავის წვის შედეგია.

სამთავრობო უწყებებში შემავალ საჩივართა სიმრავლის გამო, მოსახლეობის ეჭვების გასაფანტად, 2015 წელს აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტომ (EPA) ხელახლა გამოაქვეყნა სახიფათო ნარჩენების ანგარიში NASA-სთან, ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნულ ადმინისტრაციასთან (NOAA) და აშშ-ის ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციასთან (FAA) ერთად. EPA-ს ანგარიში ასკვნის, რომ „კონტრეილები არ წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის“, თუმცა: „კონტრეილურმა ღრუბლიანობამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს კლიმატის ცვლილებას, ხოლო კლიმატის ცვლილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და გარემოს დაცვაზე“, სხვა სიტყვებით, „კონტრეილებს“ შესაძლოა კლიმატის ცვლილებაზე უარყოფითი გავლენა ჰქონდეს, მაგრამ ის მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერებებს ან/და ვირუსებს არ შეიცავს.

ამრიგად, თვითმფრინავის გადაადგილებისას საწვავის წვის შედეგად დატოვებული ინვერსიული კვალი, მომწამვლელ ნივთიერებებს არ შეიცავს, ხოლო მის ხილვადობას არეალის ტენიანობის ხარისხი განაპირობებს.