სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ფოტოსურათი (1; 2; 3; 4), რომელზეც ჩანს მამაკაცი, ქალის საცურაო კოსტიუმში. Facebook-ანგარიშები ამტკიცებენ, რომ ფოტო პარიზის ოლიმპიადაზეა გადაღებული (არქივირებული ბმული).
ფოტოს ძიების ინსტრუმენტის (reverse image search) გამოყენებით, ფოტოსურათი ბევრ სხვადასხვა ვებგვერდზე მოიძებნა. მათი უმრავლესობის სანდოობა საეჭვოა და ძირითადად სოციალური ქსელის (Facebook; X) პოსტებს წარმოადგენენ (1; 2). ასევე, საგულისხმოა, რომ ცნობილ და სანდო მედიასაშუალებებს მსგავსი ფოტოსურათი ან ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.
გარდა ამისა, თავად ფოტოსურათიც რამდენიმე უზუსტობას შეიცავს. მაგალითად, ფოტოზე მყოფი პიროვნების მუხლები ძალიან არაბუნებრივია და ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილს ჰგავს. როგორც ცნობილია, ხელოვნურ ინტელექტს უჭირს ადამიანის კიდურების ზუსტად გენერირება. უზუსტობებს შეიცავს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ლოგოც, რომელიც ფოტოზე ორგან ჩანს. პირველზე, ლოგოს შემადგენელი ხუთი რგოლი ერთი ზომის არ არის. შუაში მყოფი შედარებით პატარა ზომისაა. ხოლო მეორე ლოგოზე 5-ის ნაცვლად 6 რგოლია.
კიდევ ერთი დეტალია წარწერა „Paris“, ოლიმპიადის კონტექსტში პარიზთან ერთად ყოველთვის მითითებულია წელი – 2024.
შესაბამისად, გავრცელებული ფოტოსურათი ნამდვილი არ არის და ის სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული.