სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად (არქივირებული პოსტის ბმული), „მხატვარი, რომელმაც პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მოაწყო, მეხის დარტყმის შემდეგ საავადმყოფოშია გადაყვანილი“. Facebook-პოსტს თან ერთვის AP News-ის სტატიის ფოტოანაბეჭდი. რეალურად, ფოტოანაბეჭდი ყალბია და გავრცელებული ინფორმაცია – ტყუილი.
გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ცერემონიის სამხატვრო ხელმძღვანელის, თომას ჟოლის შესახებ ცნობები ინტერნეტსივრცეში ვირუსულად არასანდო ვებგვერდებისა და ანგარიშების მიერ (ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10) გავრცელდა, ხოლო AP News-ს მსგავსი სათაურით სტატია არ გამოუქვეყნებია.
AP News-ს თომას ჟოლის შესახებ ფოტოანაბეჭდში წარმოდგენილი სურათით მხოლოდ ერთი სტატია აქვს გამოქვეყნებული. იგი პოლიციის მიერ სამხატვრო ხელმძღვანელის წინააღმდეგ გამოყენებული სიძულვილის ენის გამოძიებას ეხება. გავრცელებულ ფოტოანაბეჭდში კი სტატიის სათაური რედაქტირებულია.
ინფორმაცია თომას ჟოლისთვის მეხის დაცემის შესახებ არც სხვა სანდო მედიების ან ოფიციალური წყაროების ვებგვერდებზე არ იძებნება.
ამრიგად, Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული მტკიცება ყალბია.