Home » რა ვიცით დონალდ ტრამპზე თავდასხმის შემდეგ გავრცელებული თეორიების შესახებ, რომელიც თავდასხმას მის წინააღმდეგ შეთქმულებად წარმოაჩენს
გადამოწმებული ფაქტები საგაზეთო სტატია

რა ვიცით დონალდ ტრამპზე თავდასხმის შემდეგ გავრცელებული თეორიების შესახებ, რომელიც თავდასხმას მის წინააღმდეგ შეთქმულებად წარმოაჩენს

2024 წლის 13 ივლისს პენსილვანიის ქალაქ ბატლერთან აშშ-ის 45-ე პრეზიდენტსა და პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს, რომელიც მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავდა, AR-15-ის ტიპის იარაღიდან ესროლეს. FBI-ს ცნობით, თავდასხმა 20 წლის ტომას მეთიუ კრუკსმა განახორციელა, რომელმაც ტრამპს მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი შენობის სახურავიდან, დაახლოებით 120-150 მეტრის დისტანციიდან, რამდენჯერმე ესროლა და ყური დაუზიანა.

დონალდ ტრამპზე თავდასხმის შემდეგ, სოციალურ ქსელში საერთაშორისო მასშტაბით გავრცელდა მტკიცებები, რომლის მიხედვით, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის, რომელიც, მათ შორის, ტრამპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი, თანამშრომლებმა და სამართალდამცველებმა, მიუხედავად იმისა, რომ შენობის სახურავზე თავდამსხმელის ყოფნის შესახებ იცოდნენ, რეაგირება არ მოახდინეს და თავდამსხმელს სროლის შესაძლებლობა განზრახ მისცეს.

აღნიშნული მტკიცებები ქმნიან შეხედულებას, რომლის მიხედვით, ტრამპის მკვლელობას აშშ-ის უსაფრთხოების და სამართალდამცავი სამსახურები ხელს შეგნებულად უწყობდნენ ან შეთქმულებაში თანამონაწილეობას იღებდნენ.

ტრამპის წინააღმდეგ სამართალდამცავთა შეთქმულების შესახებ თეორია ეყრდნობა კადრებს, რომელშიც ჩანს საიდუმლო სამსახურის სნაიპერები, რომლებმაც თავდამსხმელი მხოლოდ მის მიერ რამდენიმე გასროლის განხორციელების შემდეგ გააუვნებელყვეს. საერთაშორისო მასშტაბით, ასევე გავრცელებულია კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ გასროლამდე ცოტა ხნით ადრე, მიმდებარედ მყოფი დამსწრეები თავდამსხმელს ნათლად ხედავენ და მასზე ხმამაღლა მიანიშნებენ (დაარქივებული ბმული).

შემთხვევამ შეერთებულ შტატებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია და უსაფრთხოების შესახებ კითხვები წარმოშვა. „ჯეოფაქტსმა“ ამ კითხვებზე ოფიციალური პასუხები, ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია და ექსპერტთა მოსაზრებები შეისწავლა.

აღსანიშნავია, რომ საიდუმლო სამსახურის დირექტორმა, კიმბერლი ჩიტლმა (Kimberly Cheatle) 22 ივლისს კონგრესის მოსმენაზე ტრამპზე თავდასხმას მისი სააგენტოს ჩავარდნა უწოდა. უსაფრთხოების სამსახურის ჩავარდნაზე საუბრობს მრავალი წყარო და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ფაქტზე, რომ თავდამსხმელმა ტრამპთან ახლო მანძილზე მიახლოება მოახერხა.

კითხვაზე, თუ როგორ დაუშვა საიდუმლო სამსახურმა AR-სტილის სასროლი იარაღით აღჭურვილი თავდამსხმელის ყოფილ პრეზიდენტ ტრამპთან მიახლოება, რამდენიმე პასუხი გაიცა.

საიდუმლო სამსახურის დირექტორმა კიმბერლი ჩიტლმა განაცხადა, რომ იმ შენობაზე, სადაც თავდამსხმელი გამაგრდა და ტრამპის მისამართით სროლა განახორციელა, საიდუმლო სამსახურის აგენტები იმიტომ არ განლაგდნენ, რომ მას დამრეცი სახურავი ჰქონდა. მისივე განცხადებით, უსაფრთხოების მიზეზებით, შენობის შიგნიდან გამაგრება გადაწყდა.

თუმცა ეს განმარტება, ასევე კრიტიკის ქვეშ მოექცა, რამდენადაც ინფორმაციის მიხედვით, ორი კონტრ-სნაიპერული გუნდიდან (Hawkeye და Hercules) ერთ-ერთი დამრეც სახურავზე ისედაც იყო განთავსებული (დაარქივებული ბმული).

მედიებმა სამართალდამცავებზე დაყრდნობით გადმოსცეს ინფორმაცია, რომ ადგილობრივმა ოფიცრებმა ტომას მეთიუ კრუქსი ღონისძიების გარეთა პერიმეტრზე შენიშნეს და საეჭვოდ მიიჩნიეს. მათ სამართალდამცავთა რადიოშიც გადასცეს ინფორმაცია, რომ მისთვის თვალყური ედევნებინათ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ოფიცერი შენობის სახურავზეც ავიდა და თავდამსხმელი დაინახა, თუმცა კრუქსმა იარაღი მისკენ მიმართა და პოლიციელმა ვერ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა, რის შემდეგაც თავდამსხმელმა სროლა მალევე დაიწყო.

გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, სახურავის თავზე თავდამსხმელი, გასროლის განხორციელებამდე 2 წუთით ადრე, ქვემოთ ტრამპის გამოსვლაზე დასასწრებად შეკრებილმა ხალხმაც შენიშნა.

ფაქტებზე დაყრდნობით, ექსპერტთა ნაწილი ხაზს კომუნიკაციის პრობლემას უსვამს და შემთხვევას სწორედ ამით ხსნის.

FBI-ს ყოფილი აგენტისა და უსაფრთხოების სააგენტოს PAX Group-ის ხელმძღვანელის ფილ ენდრიუს განცხადებით, მსგავს ღონისძიებებზე უსაფრთხოება 3 რკალისგან შედგება. უსაფრთხოების პირველი წრე გულისხმობს საიდუმლო სამსახურის აგენტების მიერ პიროვნების დაცვას და „ფარის“ ფუნქციის ტვირთებას, მეორე წრე გულისხმობს ღონისძიების პერიმეტრის კონტროლს, ხოლო მესამე წრე – გარე არეალის კონტროლს. პირველ ორ რკალს საიდუმლო სამსახური შეადგენს, მესამე რკალში კი ადგილობრივი სამართალდამცველები შეიძლება გამოიყენებოდნენ. ამდენად, შიდა პერიმეტრს უმეტესად საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლები აკონტროლებდნენ, გარე პერიმეტრს კი – ადგილობრივი სამართალდამცავები. აღსანიშნავია, რომ შენობა, სადაც ტომას მეთიუ კრუქსი იყო განლაგებული, მეტალოდეტექტორების გარეთ, უსაფრთხოების პერიმეტრის მიღმა მდებარეობდა.

ფოტო: New York Times

BeaverCountian.com-თან საუბრისას ბივერის, ბატლერისა და ვაშინგტონის ოლქის პოლიციის ოფიცრებმა განაცხადეს, რომ ტრამპის სიცოცხლე საფრთხეში პერსონალის ნაკლებობამ და ცუდმა დაგეგმვამ ჩააგდო. მათ შემთხვევა კომუნიკაციის ნაკლებობასაც დაუკავშირეს.

მაგალითად, ბივერის ოლქის SWAT (Special Weapons and Tactics) გუნდის წევრებმა განაცხადეს, რომ 13 ივლისს მათ არ ჰქონიათ კონტაქტი ტრამპის საიდუმლო სამსახურის აგენტებთან, რაც მოსალოდნელი იყო, რომ პირისპირი შეხვედრის სახით უნდა ჰქონოდათ ადგილზე საიდუმლო სამსახურის ოფიცრების მისვლისთანავე.

BeaverCountian.com-ის მიხედვით, ბივერის ოლქის პოლიციის ოფიცრებმა ტრამპზე თავდასხმამდე გააფრთხილეს სამეთაურო ცენტრი, რომ მათ შენიშნეს მამაკაცი მანძილმზომით. მათ ასევე გაგზავნეს გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ეს ადამიანი როგორც კონტრსნაიპერი, ათვალიერებდა იმ შენობის სახურავს, რომელზეც განთავსებული იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილობრივ სამართალდამცავთა გუნდის წევრმა, რომელმაც ტომას მეთიუ კრუქსი საეჭვო გარემოებებში დაინახა, მისი ფოტოები იმ ჯგუფში გაგზავნა, სადაც ადგილობრივი სნაიპერებიც იყვნენ, შემდეგ კი სამეთაურო ცენტრს რადიოს საშუალებით შეატყობინა, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია. ხოლო Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია საიდუმლო სამსახურის თანამშრომლების საჩივრების შესახებ, რომ მათ არ აცნობეს გაფრთხილებების შესახებ.

შემთხვევის შემდეგ დემოკრატიული პარტიის წევრმა ბენი ტომპსონმა (Bennie Thompson), რომელიც ტრამპზე თავდასხმის ადგილის მოსანახულებლად შექმნილი დელეგაციის წევრი იყო, განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა, რომლებმაც კონგრესმენები შემთხვევის ადგილამდე მიიყვანეს, უთხრეს, რომ იმ დღეს მოხდა კომუნიკაციის მნიშვნელოვანი შეფერხება, რის შედეგადაც ადგილზე მომუშავე ყველა სააგენტოს შორის ინფორმაცია გაზიარებული არ იყო.

ფაქტს, რომ ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ტომას მეთიუ კრუქსი საეჭვო პიროვნებად აღიქვეს, ისიც ადასტურებს, რომ საიდუმლო სამსახურის დირექტორის განცხადებით, დონალდ ტრამპის სიტყვის გამოსვლის დაწყებამდე საიდუმლო სამსახურის აგენტებს ორიდან ხუთამდე შეტყობინება მიუვიდათ, რომ იმ ტერიტორიაზე საეჭვო ადამიანი იმყოფებოდა.

ენდრიუ მაქქეიბიმ (Andrew McCabe), რომელიც FBI-ის დირექტორის ყოფილი მოადგილეა,  განაცხადა, რომ „იყო კომუნიკაციის პრობლემა მანამდე, [შემთხვევის] დროს და მის შემდეგ და ამაზე არავითარი კითხვა არ არსებობს. აცნობა, თუ – არა საიდუმლო სამსახურმა [ადგილობრივ პოლიციას] რომ მათ ეკისრებოდა პასუხისმგებლობა, ან გააკეთა ან სთხოვა ვინმეს ეს, და მათ ეს ვერ გაიგეს და არ გააკეთეს… აქ არის რაღაც სახის წინასწარი კომუნიკაციის პრობლემა“.

რაც შეეხება ფაქტს, რომ სნაიპერთა ჯგუფმა სახურავზე მყოფ ტომას მეთიუ კრუქსს სროლის განხორციელების უფლება მისცა, ამერიკის საზღვაო ფლოტის ყოფილმა წევრმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა დენ ქრინშოუმ (Crenshaw) განაცხადა, რომ თუ საიდუმლო სამსახურის აგენტებს სჯეროდათ, რომ შენობა დაცული იყო ადგილობრივი სამართალდამცავი გუნდის მიერ, მათ შეიძლება ეგონათ, რომ მსროლელი SWAT-ის (Special Weapons and Tactics) ოფიცერი იყო, რადგან ეს ის ბიჭები ნაგულისხმევი იყვნენ, რომ იმ შენობაზე იქნებოდნენ“. იმ კონსპირაციაზე კომენტირებისას, რომ სნაიპერებმა მიზანმიმართულად არ გაისროლეს თავდამსხმელის მიმართულებით, ქრინშოუმ აღნიშნა, რომ [კონტრ-სნაიპერთა] აგენტებმა კონტროლი უნდა განახორციელონ ისეთ განვითარებად სიტუაციაში, სადაც საკითხები ნათელი არაა.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის მკვლელობის შემდეგ საიდუმლო სამსახურის დირექტორი კონგრესში დაიბარეს, სადაც მას ორივე პარტიის წარმომადგენლებმა კრიტიკული კითხვები დაუსვეს. წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის რესპუბლიკელმა და დემოკრატიულმა ლიდერებმა, პარლამენტარმა ჯეიმს კომერმა და პარლამენტარმა ჯეიმი რასკინმა, ორშაბათის მოსმენის შემდეგ, 22 ივლისს გამოაქვეყნეს ოფიციალური წერილი საიდუმლო სამსახურის დირექტორის კიმბერლი ჩიტლის გადადგომის მოთხოვნით.

მოსმენაზე რესპუბლიკელი რასელ ფრაის (Russell Fry) კითხვაზე, თუ როდის დააიდენტიფიცირეს ტომას მეთიუ კრუქსი, როგორც საფრთხე, საიდუმლო სამსახურის დირექტორმა განაცხადა, რომ ეს სროლის დაწყებამდე წამებით ადრე მოხდა.

მოსმენაზე კიდევ ერთი კითხვა წარმოშვა საიდუმლო სამსახურის მიერ ტრამპისთვის საიდუმლო სამსახურის აგენტებისა და რესურსების გამოყოფის შესახებ საკითხებმა. კერძოდ, ტრამპის უსაფრთხოების გუნდმა განაცხადა, რომ გასული ორი წლის განმავლობაში საიდუმლო სამსახურმა არ გამოყო საკმარისი რესურსები და პერსონალი ტრამპის უსაფრთხოებისთვის. თუმცა, მოსმენაზე კიმბერლი ჩიტლმა განაცხადა რომ 13 ივლისის ღონისძიებაზე უსაფრთხოებისთვის მოთხოვნილი ყველა რესურსი საიდუმლო სამსახურის მიერ გაცემული იყო.

აღსანიშნავია, რომ საიდუმლო სამსახურის დირექტორის, კიმბერლი ჩიტლის, მოსმენაზე წარმომადგენელთა პალატის წევრმა, მერჯორი ტეილორ გრინმა, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წევრია და შეთქმულების თეორიებს ხშირად ავრცელებს, კიმბერლი ჩიტლს ჰკითხა იყო, თუ – არა შემთხვევა ტრამპის წინააღმდეგ სამართალდამცავთა შეთქმულება, რაც საიდუმლო სამსახურის დირექტორმა კატეგორიულად უარყო. ამის საპირისპიროდ, კიმბერლი ჩიტლმა განაცხადა, რომ საიდუმლო სამსახურის მოვალეობა ქვეყნის ლიდერების დაცვაა და ამ კუთხით 13 ივლისის შემთხვევას თავისი სამსახურის ათწლეულების ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერაციული მარცხი უწოდა.

ამდენად, ექსპერტები და საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლები აღიარებენ, რომ ადგილზე მნიშვნელოვანი შეფერხებები დაფიქსირდა, რამაც ტრამპზე ტომას მეთიუ კრუქსის თავდასხმა შესაძლებელი გახადა, თუმცა არცერთი ოფიციალური წყარო ან წარმომადგენელი არ განიხილავს შესაძლებლობას, რომ აღნიშნული შემთხვევა სამართალდამცავთა ტრამპის წინააღმდეგ შეთქმულების ნაწილი იყო.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ შემთხვევის შემდეგ სროლაზე სამართალდამცავების რეაგირებისთვის დონალდ ტრამპმა მათ მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ „მათ ფანტასტიკური სამუშაო გასწიეს“. ეს განცხადება ალოგიკური იქნებოდა იმ შემთხვევაში, ტრამპი შემთხვევას მის წინააღმდეგ სამართალდამცავთა შეთქმულებად რომ აღიქვამდეს.

23 ივლისს საიდუმლო სამსახურის დირექტორი, კიმბერლი ჩიტლი, დაკავებული თანამდებობიდან გადადგა და სამსახურის ოპერაციულ ჩავარდნაზე სრული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ამის შემდეგ ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს კომერმა განაცხადა, რომ „პენსილვანიის ბატლერის კამპანიის შეკრებამდე და მის დროს უსაფრთხოებაში საშიშმა ჩავარდნამ გამოიწვია პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობის მცდელობა, უდანაშაულო მსხვერპლი და შეკრებილი ხალხის დაზიანება […] ჩვენ გავაგრძელებთ საიდუმლო სამსახურზე ზედამხედველობას წარმომადგენელთა პალატის სპეციალიზებული ჯგუფის (House Task Force) მხარდასაჭერად, რათა უზრუნველვყოთ გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და გადაწყვეტილებები, რათა ეს აღარასოდეს განმეორდეს”.

ამდენად, ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლები და ექსპერტები ყურადღებას საიდუმლო სამსახურის მუშაობის ხარვეზებში ხედავენ და არა სამართალდამცავთა და საიდუმლო სამსახურის აგენტთა განზრახ შეთქმულებაში, ამასვე უსვამენ ხაზს კონგრესის როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი წარმომადგენლები. შეთქმულების თეორია იმის შესახებ, რომ შემთხვევა სამართალდამცავთა შეთქმულებას უკავშირდება, კატეგორიულად უარყო საიდუმლო სამსახურის ყოფილმა დირექტორმა, ხოლო თავად ტრამპმა სამართალდამცავებს მათი მოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა. ამდენად, მტკიცებები იმის შესახებ, რომ სამართალდამცველებმა ტომას მეთიუ კრუქსს სროლის განხორციელების შესაძლებლობა განზრახ მისცეს, რათა მას ტრამპი მოეკლა, ოფიციალური წყაროებით არ დასტურდება.