Home » დეზინფორმაცია:WEF-მა დედამიწის წყლის რესურსების რაციონირება დაიწყო
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია:WEF-მა დედამიწის წყლის რესურსების რაციონირება დაიწყო

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმთან დაკავშირებით (WEF) ინფორმაციას ავრცელებს. პოსტის მტკიცებით, WEF აცხადებს დედამიწის წყლის რესურსების პრივატიზაციას, ასევე წყლისა და ჰაერის მკაცრ რაციონირებას“. რეალურად, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ WEF-მა დედამიწის წყლის რესურსების რაციონირება დაიწყო.

 

Facebook- ანგარიში The People’s Voice-ის სტატიას ეყრდნობა, რომელიც 2023 წლის აპრილში გამოქვეყნდა. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ The People’s voice წარმოადგენს გამოცემას, რომელიც   Media Bias/Fact Check-ის (გამოცემა, რომელიც მედიის მიკერძოებულობისა და მცდარი/ყალბი ახალი ამბების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება) თანახმად, ყალბ ამბებს ხშირად ავრცელებს და არასანდო წყაროდ ითვლება.

The people’s voice-ის სტატიას რამდენიმე ამერიკული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია გამოეხმაურა, მათ შორის USA Today და Snopes.

სტატიაში სახელწოდებით „წყალი არ არის ადამიანის უფლება“: WEF უბრძანებს მთავრობას, დაიწყოს სახლებში წყლის რაციონირება“ ვკითხულობთ, რომ WEF გაეროსთან თანამშრომლობით მთავრობებს მოუწოდებს, იმ დღის წესრიგის ფარგლებში, რომელიც გაეროს 2023 წლის წყლის კონფერენციაზე ნიუ-იორკში შემუშავდა, წყლის რაციონირება მოახდინოს. WEF-სა და UN-ის მიერ კონფერენციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა  700 ვალდებულება, მათგან არც ერთი ეხება წყლის რაციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მეტიც, WEF-ის ვებსაიტზე კონფერენციის შესახებ მომზადებულ  სტატიაში წყლის რაციონირებას საერთოდ არ არ არის ნახსენები. მსგავსი ინფორმაცია არც  გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და წყლის კონფერენციის ვებსაიტებზე იძებნება.

როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში, The people’s voice კონსპირაციულ მტკიცებებს WEF-ის ვებსაიტზე, კონფერენციის შესახებ  გამოქვეყნებული სტატიის გამოყენებით ადგენს.  კერძოდ, ვებსაიტზე ვკითხულობთ:

  • „კონფერენცია მიზნად ისახავს წყლის გლობალური კრიზისის შესახებ ცნობიერება აამაღლოს და წყალთან დაკავშირებული საერთაშორისო მიზნების მისაღწევად შეიმუშაოს ღონისძიებები“.
  • „წყლის ეკონომიკის გლობალური კომისია, რომელიც შეიქმნა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრაზე 2022 წელს, წარადგენს წყლის, როგორც საერთო სიკეთის, შეფასებისა და მართვის შესახებ მნიშვნელოვან გზებს“.
  • „ნათელია, რომ ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს მიდგომას, თუ როგორ შეგვიძლია საუკეთესოდ გავანაწილოთ და დავაფასოთ წყლის ღირებულება“.
  • „როგორ გავანაწილოთ გლობალური დათბობით გამწვავებული გვალვებისა და წყალდიდობების პრევენციის ან შერბილების ხარჯები?“

ბოლო შეკითხვას The People’s Voice თავად პასუხობს „მთელი ადამიანური აქტივობის  გაეროსთვისა და გლობალურ პოლიტიკაში მის მერ არჩეული პარტნიორებისთვის გადაცემით“.

გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ WEF სახელმწიფოებს მოსთხოვს წყლის რაციონირება დაიწყოს. USA Today-ს იან ზოპფმა, WEF-ის სპიკერმა განუმარტა, რომ WEF-ს არ აქვს უფლება, დაავალოს მთავრობებს წყლის ან სხვა რესურსების რაციონირება. „მე შემიძლია დავადასტურო, რომ ეს არის ყალბი და გამოგონილი“, – განაცხადა USA TODAY-სთვის გაგზავნილ წერილში.

სკოტ მურმა, პენსილვანიის უნივერსიტეტის პოლიტოლოგმა, USA Today-ს ასევე განუმარტა,  რომ წყლის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა რთულია, რადგან ის „რთულად რეგულირდება, განსაკუთრებულად ფრაგმენტულია და ზოგადად ძალიან შეუვალია გლობალური ან მრავალმხრივი სტანდარტების შექმნის  მცდელობების მიმართ“.

აღსანიშნავია, რომ როგორც მსოფლიო ეკონომიკის ფორუმი, ასევე გაერო მიიჩნევს, რომ სუფთა სასმელ წყალზე წვდომა ყველა ადამიანის უფლებას წარმოადგენს.

ცნობისთვის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც ყოველწლიურად ფორუმს ტრადიციულად დავოსში, შვეიცარიაში ატარებს. ფორუმზე  სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, მათ შორის,  გლობალური ვაჭრობა, ეკონომიკური განვითარება და  სოციალური თემები. ფორუმს, როგორც წესი,  ბიზნეს ლიდერები, ფილანთროპები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეცნიერები და პოლიტიკოსები ესწრებიან. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „პროგრესის მიღწევა საზოგადოების ყველა ჯგუფის (პოლიტიკის, ბიზნესის, კულტურის წარმომადგენლების, სხვ.) გაერთიანებითაა შესაძლებელი, რომელსაც აქვს სურვილი და გავლენა პოზიტიური ცვლილებები განახორციელონ“.

WEF-ის საქმიანობა და ყოველწლიური ფორუმები უკვე დიდი ხანია შეთქმულების თეორიებისა და ანტიმეცნიერული დეზინფორმაციის სამიზნეა. The USA Today-მ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციულ მტკიცებაზე ვრცელი სტატია მოამზადა, სადაც WEF-თან დაკავშირებული  რამდენიმე ყალბი მტკიცებაა ჩამოთვლილი. მაგალითად: „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი პანდემიას იყენებდა „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დასამყარებლად“; „WEF-ის მოთხოვნით  ადამიანებს უნდა ჩაუნერგონ მიკროჩიპები, რათა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღონ“; „WEF აცხადებს, რომ კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად, ხალხმა ადამიანური ნარჩენების მიღება უნდა დაიწყოს“; „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მოითხოვს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დაწერილი ბიბლია ახალი, „ფაქტობრივად სწორი“ რელიგიის შესაქმნელად იქნას გამოყენებული“;  „გაეროს და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს სურს „15 წუთიანმა ქალაქები“, რომ შეზღუდონ მოძრაობა და ადამიანებს დავალების შესრულება მოსთხოვონ“ და სხვ.

 

 

 

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]