Home » მოსკოვში აშშ-ის საელჩოს შენობას რუსეთის დროშა რუსმა მომღერალმა მიანათა
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

მოსკოვში აშშ-ის საელჩოს შენობას რუსეთის დროშა რუსმა მომღერალმა მიანათა

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ვიდეოს აქვეყნებს, მტკიცებით, რომ „კულტურის გაცვლის ფარგლებში“ მოსკოვში, აშშ-ის საელჩოს შენობაზე რუსეთის დროშა გამოსახეს.

სინამდვილეში, აშშ-ის საელჩოს შენობაზე დროშა თავად რუსეთის მოქალაქეებმა, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის მომხრე და პროკრემლისტური განწყობების მქონე მომღერლის, SHAMAN-ის საპროტესტო კონცერტის ფარგლებში მიანათეს.

2024 წლის 19 ივლისს რუსი მომღერალი საკუთარ Telegram-არხზე წერდა, რომ აშშ-მა მისი YouTube-არხი მხოლოდ იმიტომ დაბლოკა, რომ მომღერალი რუსია, ამიტომ იგი საპასუხო ქმედებისთვის ემზადებოდა. „ჩვენს სიმღერებს ვერავინ აკრძალავს“, – განაცხადა მომღერალმა თანდართულ ვიდეომიმართვაში და აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო კონცერტი დააანონსა.

ინფორმაციისთვის, YouTube-მა და მუსიკალურმა პლატფორმა Spotify-იმ ბოლო კვირებში SHAMAN-ისა და სხვა, უკრაინაში რუსეთის ომის ღიად მხარდამჭერი, შემსრულებლების არხები დაბლოკა. აღნიშნული ნაბიჯები ევროკავშირის მიერ გასულ თვეში მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა. გადაწყვეტილება ომის მომხრე მუსიკოსებისთვის  სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა, ოკუპირებულ უკრაინაში გამოსვლისა და „სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროპაგანდისტულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის“.

19 ივლისის საღამოს ასობით ადამიანი საელჩოს წინ შეიკრიბა, რუსეთის მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ და SHAMAN-ის სიმღერებს მღეროდნენ. ამასთანავე, აშშ-ის საელჩოს შენობაზე რუსეთის დროშის გიგანტურ გამოსახულებას ანათებდნენ, რასაც კონცერტზე დამსწრეთა მიერ გამოქვეყნებული ვიდეოებიც მოწმობს (ბმული 1, 2, 3, 4).

მუსიკოსი ყურადღების ცენტრში რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე მოექცა, როცა რუსეთის ხელისუფლებამ კულტურის სფეროს წარმომადგენლები საზოგადოებაში მათი შეტევითი, ანტიდასავლური გზავნილების გასავრცელებლად დააწინაურა. მომღერალი ვლადიმერ პუტინის მხურვალე მხარდამჭერია და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი ჯარისკაცებისთვის კონცერტები არაერთხელ გაუმართავს.

ამრიგად, მტკიცება, რომ აშშ-ის საელჩოს შენობაზე რუსეთის დროშა „კულტურული გაცვლის ფარგლებში“ მიანათეს, ტყუილია.