Home » დეზინფორმაცია: რუმინელი პოლიტიკოსი ევროპარლამენტიდან ხატის ტარების გამო გააძევეს
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: რუმინელი პოლიტიკოსი ევროპარლამენტიდან ხატის ტარების გამო გააძევეს

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი რუმინელი ევროპარლამენტარის, დიანა სოსოაკას ვიდეოს აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ პოლიტიკოსი ევროპარლამენტის შენობიდან „ხატის გამო გამოაგდეს“. სინამდვილეში, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დიანა სოსოაკა დარბაზიდან არა ხატის გამო, არამედ ყვირილისა და სესიისთვის ხელის შეშლისთვის მიღებული რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ გააძევა.

დიანა სოსოაკა ევროპარლამენტში რუმინეთის წარმომადგენელია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ პირველი ვადით აირჩიეს. მან პოპულარობა რუმინეთში ანტიმიგრაციული და ვაქცინის საწინააღმდეგო პოზიციებით მოიპოვა.

სოსოაკას სოციალურ ქსელებში ხშირად აქვს პირდაპირი ტრანსლაციები ევროპარლამენტის შენობიდან. მაგალითად, 16 ივლისს პლატფორმა Facebook-ზე ერთ-ერთი ასეთი ჩვენებისას,  ევროპის საკანონმდებლო ორგანოს ახალი პრეზიდენტის არჩევნებისას, მან  ორივე კანდიდატის სახელი და გვარი გადახაზა, ბიულეტენზე კი დაწერა, რომ უკრაინის, LGBT ადამიანების, „ევროკავშირის დიქტატურის“,  წინააღმდეგია.

სოსოაკა საკუთარ თავს ახასიათებს, როგორც „ხმა, რომელიც სხვა ნაციონალისტურ ხმებთან ერთად აღძრავს მთელ ევროპას, რათა იბრძოლოს ჩვენი ქვეყნების გლობალისტებისგან გადასარჩენად“. ამასთანავე, ის ხშირად ესწრება ბუქარესტში რუსეთის საელჩოში გამართულ ღონისძიებებს.

2024 წლის 18 ივლისს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა ევროპარლამენტარებს შენობის „ეშმაკებისგან“ გასაწმენდად, მღვდლის მიყვანა შესთავაზა. „მოვიყვან მღვდელს, რათა აკურთხოს ოფისები და სადაც შემეძლება. ეს არის ჩემი უფლება რელიგიის, ჩემი რელიგიური რწმენის გამოხატვის“, – განაცხადა მან. სოსოაკამ, რომელსაც პარლამენტში ყოფნის პირველ დღეს ტრადიციული რუმინული ხალხური სამოსი ეცვა, ევროპარლამენტის შენობაში მირონი, სურნელოვანი ფისი და „წმინდა პარასკევას ხატი“ მიიტანა.

იმავე სესიაზე, ყვირილისა და ხელის შეშლისთვის მიღებული რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ, რუმინელი დეპუტატი დარბაზიდან გააძევეს. მას შემდეგ, რაც სოსოაკამ ევროპარლამენტარებს დებატები ყვირილით მესამედ შეაწყვეტინა, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა: – „ეს უკვე მესამე შემთხვევაა, რაც თქვენ ამას [ხელისშემშლელ ქცევას] იმეორებთ, ვითხოვ წევრი ოთახიდან იქნას გაყვანილი“ (იხ. სესიის სრული ჩანაწერი 1:06:20-დან).

რობერტა მეცოლას ბრძანებას ევროპარლამენტარების ოვაციები და სოსოაკას მხრიდან ხმაური და დაუმორჩილებლობა მოჰყვა (იხ. სრული ჩანაწერი 1:07:01-დან).

ამრიგად, სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცება, ტყუილია.

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]