Home » დეზინფორმაცია: ჭკვიანი სათვალეებით არავაქცინირებულთა ამოცნობა შეიძლება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: ჭკვიანი სათვალეებით არავაქცინირებულთა ამოცნობა შეიძლება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ვიდეოს ავრცელებს და ამტკიცებს, რომ ჩინეთში წარმოებული ჭკვიანი სათვალეებით არავაქცინირებულთა ამოცნობა შეიძლება. რეალურად, აღნიშნულ სათვალეს ადამიანთა ტემპერატურის დისტანციურად გაზომვა შეუძლია და არა ადამიანების იმუნიტეტის გაანალიზება და არავაქცინირებულთა იდენტიფიცირება.

ჭკვიანი სათვალე, 2019 წლის ბოლოს, COVID-19-ის გავრცელების საპასუხოდ, ჰანჯოუში დაფუძნებულმა სტარტაპმა Rokid-მა შეიმუშავა. სათვალე, რომელსაც კოვიდ-სიმპტომების გამოვლენა შეუძლია, მხოლოდ ორ კვირაში შეიქმნა. Rokid-ის ვიცე-პრეზიდენტი Xiang Wenjie ამბობს, რომ მოთხოვნა კომპანიის T1 სათვალეებზე მას შემდეგ გაიზარდა, რაც მან დაახლოებით 1000 წყვილი მთავრობებს, ინდუსტრიულ პარკებსა და სკოლებს მიჰყიდა.

კომპანია ასევე მუშაობდა შეთანხმებებზე აშშ-ის საავადმყოფოებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის სათვალეების მისაწოდებლად. ტექნოლოგია მიზნად ისახავს, ტემპერატურის გაზომვის ტრადიციული მეთოდების ჩანაცვლებას და ამ პროცესში, როგორც დროის, ასევე, სხვა რესურსების დაზოგვას.

ჩინეთში წარმოებულ ამ ჭკვიან სათვალეებს, კორონავირუსის შემთხვევების იდენტიფიცირების ხელშეწყობისთვის, წუთში ასობით ადამიანის ტემპერატურის შემოწმება შეუძლია. ჩინური საინფორმაციო გამოშვება South China Morning Post-ის თანახმად, ინფრაწითელი გამოსხივების დახმარებით, ტემპერატურის გაზომვის გარდა, ჭკვიან სათვალეებს სიცხის მქონე ნებისმიერი მოქალაქის „ციფრული ჩანაწერის“ გაკეთება შეუძლია. თუმცა არც ერთი გამოცემა სათვალის მიერ არაავაქცინირებული ან ვაქცინირებული ინდივიდების ამოცნობის უნარის შესახებ არ წერს.

ჭკვიან სათვალესთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია Delfi-ც გამოეხმაურა. მათ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ  არავაქცინირებული ადამიანის იდენტიფიცირება „ჭკვიანი სათვალეების“ გამოყენებით უბრალოდ შეუძლებელია, რამდენადაც ადამაიანის იმუნური სისტემის გაანალიზება არც ერთ სათვალეს არ შეუძლია.

ამრიგად, სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.