Home » დეზინფორმაცია: საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის კანდიდატურის მოხსნისას, CNN-ის ეთერში „გედების ტბა“ გადაიცემოდა
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის კანდიდატურის მოხსნისას, CNN-ის ეთერში „გედების ტბა“ გადაიცემოდა

2024 წლის 21 ივლისს, ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელმა „გედების ტბის“ კადრი გამოაქვეყნა, თითქოს, CNN-ის ეთერში მიმდინარე მოვლენების ფონზე, აღნიშნული ბალეტი გადაიცემოდა. სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია ყალბია.

გავრცელებული სურათი თავდაპირველად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ საკუთარ Telegram-არხზე გამოაქვეყნა, რითაც აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ფოტოს აღწერიდან ვიგებთ, რომ ის სატირული ხასიათისაა. ინფორმაცია ზახაროვას რეაქციის შესახებ ასევე გაავრცელა მედიასაშუალებამ „Novaya Gazeta Europe“, რომელიც რუსეთსა და ევროპაში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს.

გარდა ამისა, CNN-ის ვებგვერდის, Youtube-არხისა და Facebook-გვერდის შემოწმებით ცხადი ხდება, რომ 2024 წლის 21 მაისს, ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, ტელეკომპანია აქტიურად აშუქებდა აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანიასთან დაკავშირებულ სიახლეებს, აშშ-ში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.

ცნობისთვის, საბჭოთა კავშირში „გედების ტბას“ პოლიტიკური არასტაბილურობის თუ სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის (ლიდერების გარდაცვალების შესახებ საჯარო განცხადებამდე) დროს უჩვენებდნენ. მაგალითად, ჯერ კიდევ 1982 წელს, ლეონიდ ბრეჟნევის გარდაცვალების შემდეგ, ვიდრე საბჭოთა ლიდერები მემკვიდრეს აირჩევდნენ, საბჭოთა სახელმწიფო ტელევიზიამ შეწყვიტა გადაცემა და ეთერში „გედების ტბა“ გაუშვა; იგივე განმეორდა 1984 წელს, იური ანდროპოვის და 1985 წელს, კონსტანტინე ჩერნენკოს გარდაცვალების შემდეგ. 1991 წელს აგვისტოს პუტჩისას, საბჭოთა ტელევიზიამ ასევე „გედების ტბა“ უჩვენა.