აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს 13 ივლისს საღამოს, პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში შეიარაღებულმა პირმა რამდენიმე ტყვია ესროლა. დონალდ ტრამპს თავდასხმის დროს ყური დაუზიანდა. გამოძიების ფედერალური სამსახურის (FBI) ინფორმაციით, თავდამსხმელი 20 წლის თომას მეთიუ კრუქსია. ჯერჯერობით, თავდამსხმელის შესახებ რამდენიმე დეტალია ცნობილი. თომას კრუქსმა 2022 წელს ბეთელ პარკის საშუალო სკოლა დაამთავრა, 2 თვის წინ კი ალეგენის ოლქის სათემო კოლეჯი დაასრულა და მუშაობა მოხუცთა თავშესაფარში დაიწყო. თავდამსხმელის მოტივების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
დონალდ ტრამპზე თავდასხმასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში მრავალი ყალბი ამბავი გავრცელდა. დეზინფორმაციულ მტკიცებებს არა ერთი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია გამოეხმაურა, მათ შორის, ამერიკული PolitiFact, Reuters, USA Today, Leadstories და სხვ.
წინამდებარე სტატიაში აერთიანებს რამდენიმე დეზინფორმაციულ მტკიცებას, რომლებიც, მათ შორის, საქართველოშიც გავრცელდა.
მტკიცება 1: მეთიუ კრუქსმა ტრამპის მკვლელობის მცდელობამდე ვიდეო ჩაწერა
სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც, მტკიცების მიხედვით, ჩანს მამაკაცი, რომელმაც დონალდ ტრამპის მკვლელობა სცადა. ვიდეო ქართული Facebook-ანგარიშების მიერაც გავრცელდა.
ამერიკულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია PolitiFact-მა, დონალდ ტრამპზე თავდასხმის შემდეგ გავრცელებული ყალბი ან კონსპირაციული მტკიცებები შეისწავლა და, მათ შორის, გავრცელებული ვიდეოც მიმოიხილა, სადაც მამაკაცი ამბობს, რომ მეთიუ ტომას კრუქსია და რესპუბლიკელები და ტრამპი სძულს. ვიდეომ, რომელშიც მამაკაცი თავს მეთიუ კრუქსად წარმოაჩენდა, ოფიციალური პირების მიერ თავდასხმაში ეჭვმიტანილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის დადასტურების შემდეგ, რამდენიმე საათში დაიწყო გავრცელება.
BBC Verify-ს ჟურნალისტმა შაიან შარდარიზადემ თავის X ანგარიშზე დაწერა, რომ აღნიშნული ვიდეო პენსილვანიაში ტრამპზე თავდამსხმელს არ ეკუთვნის და ის X-ის (წარსულში twitter) ზუსტად იმ ანგარიშმა გაავრცელა, ვინც თავს ხუმრობით თავდამსხმელად წარმოაჩენს (დაარქივებული ბმული).
შაიან შარდარიზადე გულისხმობდა ამ ადამიანის მიერ საკუთარ ანგარიშზე (@jewgazing) გამოქვეყნებულ ფოტოებს, რომელიც მან სახუმაროდ ე.წ. „ტროლინგისთვის“ გამოაქვეყნა და სადაც ის საკუთარ თავსა და თავდამსხმელს შორის ფიზიკურ მსგავსებას უსვამდა ხაზს.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილას მოკლეს, ხოლო მისი ფოტო მოგვიანებით გავრცელდა. სწორედ თავდამსხმელის ფოტოზე ნანახი გარეგნული მსგავსების შემდეგ გამოაქვეყნა X-ანგარიშმა (@jewgazing) ფოტოები და ვიდეო, რომელშიც მან საკუთარი თავი თავდამსხმელად მოიხსენია. ამდენად, X-ანგარიშის მიერ საკუთარი ფოტოს და ვიდეოს გამოქვეყნება, სადაც ის თავს თავდამსხმელს უწოდებს, ქრონოლოგიურად მოსდევს რეალური ეჭვმიტანილის მოკვლის შემდეგ მედიის მიერ თავდამსხმელის ფოტოების გავრცელებას.
მტკიცება 2: აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები თავდასხმის შემდეგ იცინოდნენ
სოციალურ ქსელში გავრცელდა დამუშავებული ფოტო, რომელზეც ჩანს, თითქოს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები თავდასხმის შემდეგ იცინიან. აღნიშნულ თემაზე სტატია Reuters-მაც მოამზადა.
რეალურად, ფოტო დამუშავებულია. თავდაპირველ ფოტოზე, რომელიც Associated Press-ის ფოტოგრაფმა ევან ვუჩიმ გადაიღო, ტრამპი და მის ირგვლივ მყოფი ადამიანები არ იღიმიან (იხილეთ ფოტო).
მტკიცება 3: დონალდ ტრამპი თავდასხმიდან მეორე დღეს გოლფის თამაშისას შენიშნეს
14 ივლისს, სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის ფოტო გავრცელდა მტკიცებით, რომ თავდასხმის მეორე დღეს ტრამპი გოლფს თამაშობდა. აღნიშნულ ფოტოს USA Today-ც გამოეხმაურა.
რეალურად, ფოტო ძველია და 2022 წლის 12 სექტემბერს არის გადაღებული. ფოტო Associated Press-ის ფოტოგრაფმა ტრამპის ეროვნულ გოლფის კლუბში, სტერლინგში, ვირჯინიაში გადაიღო. ამავდროულად, არ არსებობს სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდასხმის შემდეგ ტრამპი გოლფს თამაშობდა. თავდასხმის შემდეგ, ტრამპი 15 ივლისს, რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე პირველად გამოჩნდა, სადაც ის კანდიდატად უკვე ოფიციალურად წარადგინეს.
მტკიცება 4: დონალდ ტრამპს მკვლელობის მცდელობის დროს სხეულის დაზიანება არ მიუღია
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო მტკიცებით, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს სხეულის არანაირი დაზიანება არ აღენიშნება. ანგარიშები ამტკიცებენ, რომ ფოტო 13 ივლისის თავდასხმის შემდეგ არის გადაღებული. გავრცელებულ მტკიცებას USA Today გამოეხმაურა.
მტკიცება, რომ მას არანაირი დაზიანება არ აღენიშნება, მცდარია, რასაც ინტერნეტში გავრცელებული მრავალი ფოტო/ვიდეომასალა ადასტურებს. რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი შეხვეული ყურით მივიდა.
წყარო: Politico.com
ამავდროულად, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტო, რომელზეც ტრამპს არანაირი დაზიანება არ აქვს, 2022 წლის სექტემბერში, ოჰაიოშია გადაღებული.
მტკიცება 5: ტრამპის პიჯაკზე ტყვიის კვალი შეინიშნებოდა
კიდევ ერთი მტკიცება, რომელიც სხვადასხვა პლატფორმაზე გავრცელდა, დონალდ ტრამპის პიჯაკზე ტყვიის კვალს უკავშირდება. აღნიშნულ თემაზე სტატია Reuters-მაც მოამზადა.
რეალურად, პოსტებში წარმოდგენილია დაბალი გარჩევადობის ფოტო, რომლითაც იქმნება წარმოდგენა, რომ ტრამპმა დაზიანება სხეულის მარჯვენა არეშიც მიიღო. თუმცა 13 ივლისს ევან ვუჩის მიერ გადაღებული მაღალი რეზოლუციის ფოტოზე შესამჩნევია, რომ რეალურად მუქი ლაქა საიდუმლო სამსახურის თანამშრომლის პიჯაკის ნაწილია. თანამშრომლისა და ტრამპის პიჯაკებს ფერი განასხვავებს, რაც, განსაკუთრებით დაბალი გარჩევადობის ფოტოს შემთხვევაში, ოპტიკურ ილუზიას ქმნის.
ამავდროულად, ტრამპმა 13 ივლისს Truth Social პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ტყვიით ყური დაუზიანდა, მას სხვა ჭრილობა არ უხსენებია.
მტკიცება 6: „სიმპსონებმა“ დონალდ ტრამპის მკვლელობა იწინასწარმეტყველეს
ტრამპზე თავდასხმის შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო, რომელიც თითქოს „სიმპსონების“ მონაკვეთიდან არის აღებული და მასში გარდაცვლილი დონალდ ტრამპი ჩანს. ფოტო ქართული Facebook-ანგარიშების მიერაც (1, 2, 3, 4) გავრცელდა.
ფოტო, რომელზეც გარდაცვლილი ტრამპი ჩანს, ჯერ კიდევ 2017 წლიდან ვრცელდება. ფოტოსთან დაკავშირებული ინფორმაცია გადაამოწმეს ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა, როგორებიცაა: LeadStories, Reuters, Snopes.
მეტ სელმანმა, „The Simpsons“-ის აღმასრულებელმა პროდიუსერმა Reuters-თან აღნიშნა, რომ სერიალში მსგავსი ეპიზოდი გვხვდება და ფოტო დამუშავებულია.
პირველ რიგში, არსებობს ვებგვერდი Wikisimpsons, რომელშიც მოცემულია სერიალიდან ყველა იმ ეპიზოდის ჩამონათვალია, სადაც დონალდ ტრამპია ნახსენები ან სადაც ის ჩანს. გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ აღნიშნულ ვებგვერდზე არსადაა მონაკვეთი, სადაც ტრამპი გარდაცვლილია. სავარაუდოდ, ფოტო ამოღებულია და რედაქტირებულია ეპიზოდიდან „Funeral for a Fiend“, სადაც დაკრძალვის სცენა გვხვდება. ტრამპი ამ ეპიზოდში არ გვხვდება. სავარაუდოდ, ტრამპის ფოტო სწორედ ამ მონაკვეთიდან კადრის რედაქტირებით შეიქმნა.
მტკიცება 7: ფოტო ადასტურებს, რომ ტრამპზე თავდამსხმელი ტრენინგებს „ბლექროკში“ გადიოდა
საქართველოში მეთიუ კრუქსთან დაკავშირებით გავრცელდა პოსტი, რომლის მიხედვითაც, დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი თომას მეთიუ კრუკსი ტრენინგებს ამერიკულ ინვესტიციების მართვის კომპანია „ბლექროკში“ გადიოდა.
რეალურად, ფოტო ამოღებულია „ბლექროკის“, საინვესტიციო კომპანიის, რეკლამიდან. ცნობისთვის, BlackRock ცნობილი ინვესტიციების მართვის კომპანია, რომელიც როგორც ინსტიტუციურ, ასევე საცალო კლიენტებს ინვესტიციების მართვაში დახმარებას უწევს და მათ ტექნოლოგიურ სერვისებს სთავაზობს. „ბლექროკის“ მენეჯერმა Reuters-თან აღნიშნა: „2022 წელს ჩვენ გავავრცელეთ რეკლამა, რომელშიც წარმოდგენილი იყო ბეთელ პარკის საშუალო სკოლის მასწავლებელი, ვიდეოში უკან რამდენიმე მოსწავლე ჩანდა, რომელთაც რეკლამაში მონაწილეობისთვის თანხა არ მიუღიათ, მათ შორისაა თომას მეთიუ კრუქსი“.
ტრამპზე თავდამსხმელთან დაკავშირებით ჯერჯერობით რამდენიმე დეტალია ცნობილი, მათ შორის, მედიის ინფორმაციით, თომას კრუქსმა 2022 წელს სწორედ ბეთელ პარკის საშუალო სკოლა დაამთავრა, სადაც აღნიშნული რეკლამაა გადაღებული.
ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ფოტოზე ტომას მეთიუ კრუქსთან ერთად მასწავლებელი ბრაიან დელალო ჩანს. როგორც ირკვევა, „ბლექროკის“ ბენეფიციარი იყო ბეთელ პარკის სკოლის მასწავლებელი ბრაიან დელალო, რომლის ისტორიაზეც გავრცელებული რეკლამაში გვიყვებიან. რეკლამის აღწერაშიც ვკითხულობთ: „ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ადამიანებს, როგორიცაა ბრაიანი, მასწავლებელი ბეთელ პარკში, პენსილვანია, მიაღწიონ ფინანსურ უსაფრთხოებას, რათა მან შეძლოს ფოკუსირება იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მის სტუდენტებზე“.