სოციალურ ქსელში სხვადასხვა სახით ვრცელდება შეცდომაში შემყვანი მანიპულაციური ან მცდარი ინფორმაცია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველო-რუსეთის კონფლიქტის შესახებ რუსეთისთვის სასურველი ფორმულირებები გამოიყენა. კერძოდ, კონფლიქტის მხარეებად მოიხსენია „თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველო“, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთი“, ხოლო რუსეთს გარკვეულწილად კონფლიქტის მომგვარებლად წარმოაჩენდა.
2024 წლის ბუქარესტის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში წარდგენილი დამატების ტექსტი მსგავს ფორმულირებებს მართლაც შეიცავდა. თუმცა აღნიშნული წინააღმდეგობრივი ჩანაწერი საბოლოოდ დამტკიცებული რეზოლუციის ტექსტში აღარ მოხვედრილა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში წარდგენილი დამატების ტექსტი შემდეგნაირად ჟღერდა: „[რეზოლუცია] აღნიშნავს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაციას, რომელიც არღვევს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და იმეორებს, რომ შერიგება რჩება თბილისის მიერ კონტროლირებად საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის პრიორიტეტად რეგიონული მშვიდობისა და ადამიანური უსაფრთხოებისთვის, მაგრამ დამატებით აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ მიღწეული ან მხარდაჭერილი ნებისმიერი შეთანხმება გამოიწვევს მოსკოვის ფარულ ან აშკარა დომინირებას და აუცილებლად ძირს გამოუთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და შერიგების შესაძლებლობებს (ქართული თარგმანი შესრულებულია „ჯეოფაქტსის“ მიერ, იხილეთ ინგლისური ორიგინალი: Recalling the ongoing Russian occupation of the Georgian regions of Abkhazia and Tskhinvali/South Ossetia, which continues to violate Georgia’s independence, sovereignty and territorial integrity within its internationally recognized borders, and reiterating that reconciliation between Tbilisi-controlled Georgia and occupied Abkhazia and South Ossetia remains a priority for regional peace and human security, but further noting that any arrangement brokered or supported by the Russian Federation would invite the implicit or explicit dominion of Moscow and inevitably undermine Georgian sovereignty and opportunities for reconciliation).
აღნიშნული ჩანაწერი მართლაც ბუნდოვანი და არათანმიმდევრულია და მისი ნაწილი საქართველოსთვის მიუღებელ ფორმულირებას შეიცავს. კერძოდ, პარაგრაფი იწყება რუსულ ოკუპაციაზე ხაზგასმით და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით, ხოლო შემდგომ საუბრობს „თბილისის მიერ კონტროლირებად საქართველოსა“ და „ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს“ შორის შერიგების პრიორიტეტულობაზე, და შემდგომ აღნიშნულ მხარეებს შორის რუსეთის მიერ მიღწეული ან მხარდაჭერილი პოტენციური შეთანხმების საფრთხეზე. პარაგრაფის პირველი და მეორე ნაწილიც კი ერთმანეთთან შეუსაბამოა. ასევე, ბუნდოვანია ჩანაწერი რუსეთის მიერ პოტენციურად შეთანხმების მიღწევის შესახებ, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მსგავსი ფორმულირება ან შინაარსი აქამდე რუსული ოკუპაციის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების ტექსტებში არ გამოიყენებოდა.
2024 წლის 2 ივლისს, ბუქარესტში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოსთან დაკავშირებით დამატებულ შესწორებებზე ისაუბრა (ნიკოლოზ სამხარაძის სიტყვით გამოსვლის ორიგინალი ვერსია ინგლისურ ენაზე იხილეთ ბმულზე (2:25:00-დან)) და აღნიშნული ჩანაწერი გააკრიტიკა, როგორც „ზუსტად იმგვარი, როგორსაც რუსეთი, ბოლო 16 წელია ცდილობს წარმოაჩინოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში – რომ თითქოს რუსეთი არ არის კონფლიქტის მხარე“. მისი განცხადებით, ცვლილება ასევე გულისხმობს იმას, რომ რუსეთი ცდილობს კონფლიქტის მოგვარებას სხვადასხვა არხით, რაც ასევე დეზინფორმაციაა და ჟენევის ფორმატში რუსეთის დესტრუქციული ქცევის „სახის შენახვას“ გულისხმობს. ეს ყველაფერი სერიოზულად შემაშფოთებელია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეუთო არის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე და ამერიკის შეერთებული შტატები (რომლის წარმომადგენლებიც არიან ამ ცვლილების ავტორები) არის ჟენევის ფორმატის წევრი და ჩემი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი. სიტყვების ამგვარი ფორმულირებით რეზოლუციაში შეტანა ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეუთო-სა და ამერიკის შეერთებული შტატების გაცხადებულ პოლიტიკას“.
სიტყვების ამგვარი ფორმულირებით რეზოლუციაში შეტანა ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეუთო-სა და ამერიკის შეერთებული შტატების გაცხადებულ პოლიტიკას. აშშ-ს წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავენ და ასევე მსგავსი პოზიციები ფიქსირდება აშშ-სა და ეუთო-ს ოფიციალურ დოკუმენტებში, რომ ისინი აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიქტზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებენ. მათ შორის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის აღნიშნულ რეზოლუციაში ნათქვამია:
„[რეზოლუცია] იმეორებს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად რუსეთის შეიარაღებული ძალების საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებიდან დაუყოვნებლივი და უპირობის გაყვანის შესახებ მოწოდებას,“ (ქართული თარგმანი შესრულებულია „ჯეოფაქტსის“ მიერ, ინგლისური ორიგინალი იხილეთ რეზოლუციაში (გვერდი 7, პარაგრაფი 59))“
„[რეზოლუცია] ხაზს უსვამს აქტიური ჩართულობის გაგრძელების აუცილებლობას, განსაკუთრებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მისაღწევად, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით“ (ქართული თარგმანი შესრულებულია „ჯეოფაქტსის“ მიერ, ინგლისური ორიგინალი იხილეთ რეზოლუციაში (გვერდი 7, პარაგრაფი 60)).
„[რეზოლუცია] გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების სიტუაციის გაუარესებას, რაც შედეგია იქ მცხოვრებთა ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევების, ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციის მიმდინარე ოკუპაციისა და „რუსიფიკაციის“ პოლიტიკის პირდაპირ შედეგად ორივე რეგიონში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული ნიშნების შეცვლისა და მოსპობისა“ (ქართული თარგმანი შესრულებულია „ჯეოფაქტსის“ მიერ, ინგლისური ორიგინალი იხილეთ რეზოლუციაში (გვერდი 20, პარაგრაფი 171)).
აღსანიშნავია, რომ განსახილველი წინააღმდეგობრივი ჩანაწერი ეუთო-ს საპარლამენტო რეზოლუციის საბოლოო ტექსტში არ შესულა. ნიკოლოზ სამხარაძემ განცხადება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე 2 ივლისს გააკეთა. 3 ივლისის სხდომაზე კენჭისყრის დროს, საქართველოს დელეგაციიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, თინა ბოკუჩავამ, დააყენა შუამდგომლობა, რომ აღნიშნული პარაგრაფი ამოღებულიყო რეზოლუციიდან და განაცხადა, რომ საკითხი შეთანხმებული იყო აშშ-ის დელეგაციასთანაც (რომელიც დამატების ავტორი იყო). შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარე და ამავდროულად აშშ-ის დეპუტატიც დაეთანხმა, რომ ჩანაწერის ამოღება მიზანშეწონილი და სწორი იყო. საპარლამენტო ასამბლეამ პარაგრაფის რეზოლუციის ტექსტიდან ამოღებას დაუჭირა მხარი და საბოლოოდ, ის რეზოლუციის საბოლოო ტექსტში აღარ მოხვდა.
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის მიუღებელი ჩანაწერი ეუთო-ს საპარლამენტო რეზოლუციის ერთ-ერთ დამატებაში მართლაც არსებობდა, საბოლოოდ, საპარლამენტო ასამბლეამ მის ამოღებას დაუჭირა მხარი და ის საბოლოოდ დამტკიცებული რეზოლუციის ტექსტში აღარ მოხვედრილა. მიღებული რეზოლუცია საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან და საქართველოს ტერიტორიის რუსეთის მიერ ოკუპაციის შესახებ საქართველოსთვის მისაღებ ჩანაწერებს შეიცავს, რომლებიც რუსულ ოკუპაციას და ოკუპაციის შედეგად ადგილზე შექმნილ მძიმე ვითარებას გმობს, ხოლო რუსეთს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ჯარების გაყვანისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისა პატივისცემისკენ მოუწოდებს.
აქედან გამომდინარე, სოციალურ ქსელში გავრცელებული მანიპულაციური ინფორმაცია და მტკიცებები, რომლებიც სიტუაციას ისე წარმოაჩენს, თითქოს ეუთო-ს მიერ დამტკიცებულ საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოსთვის მიუღებელი და რუსეთისთვის სასურველი ფორმულირებები არის, რეალობას არ შეესაბამება, რამდენადაც საპარლამენტო ასამბლეამ აღნიშნული ჩანაწერი ამოიღო და სხვა ჩანაწერი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციებთან შესაბამისობაშია.