Home » ირაკლი კობახიძე: ტუბერკულოზის განკურნების მაჩვენებელი 65%-დან 80%-მდე გაიზარდა
ვერდიქტები მეტწილად სიმართლე

ირაკლი კობახიძე: ტუბერკულოზის განკურნების მაჩვენებელი 65%-დან 80%-მდე გაიზარდა

ირაკლი კობახიძე: ტუბერკულოზის განკურნების მაჩვენებელი 65%-დან 80%-მდე გაიზარდა

ვერდიქტი: „ჯეოფაქტსის“ შეფასებით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე:

ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა „გლობალური ფონდის“ თანადაფინანსებით ხორციელდება. საქართველომ, ბოლო წლების განმავლობაში, ტუბერკულოზთან ბრძოლის თვალსაზრისით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. 2015 წელთან შედარებით, ტუბერკულოზის ინციდენტობა 50%-ით შემცირდა. სენსიტიური ტუბერკულოზის წარმატებული მკურნალობის მაჩვენებელი 87%, ხოლო რეზისტენტული ფორმის – 76%-ია, რითაც 2020 წლისთვის ტუბერკულოზის გლობალური სტრატეგიის სამიზნეები მიღწეულია.  

ირაკლი კობახიძის განცხადება ტუბერკულოზის  ახალი შემთხვევების კლების ტენდენციის შესახებ სიმართლეს შეესაბამება.  რაც შეეხება განკურნების მაჩვენებლებს, აქაც მნიშვნელოვანი პროგრესია. თუმცა პრემიერის მოხსენებაში არ არის დაკონკრეტებული, რა პერიოდის მონაცემები არის ერთმანეთთან შედარებული, ამასთან, ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმების მიხედვით, განკურნების მაჩვენებელიც განსხვავებულია. ფაქტია, რომ საქართველომ, ბოლო წლების განმავლობაში, ტუბერკულოზთან ბრძოლის თვალსაზრისით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. თუმცა „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“; „გლობალური ფონდის“  და სხვა საერთაშორისო დონორების მხარდაჭერას, რის შედეგადაც აღნიშნული პროგრესი მიიღწა, პრემიერი კონტექსტს მიღმა ტოვებს.

ამრიგად, „ჯეოფატქის“ შეფასებით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

28 ივნისს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა. პრემიერმა  ყურადღება გაამახვილა ტუბერკულოზთან ბრძოლის მხრივ არსებულ მიღწევებზეც: „ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიან განხორციელებას მოჰყვა ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია, 65%-დან 80%-მდე გაიზარდა განკურნების მაჩვენებელი, რაც არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა“.

„ჯანდაცვის მოსფლიო ორგანიზაციის“; „გლობალური ფონდის“  და სხვა საერთაშორისო დონორების ჩართულობითა და ფინანსური მხარდაჭერით, საქართველომ ტუბერკულოზთან ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. თუმცა პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში, რომელიც წინასწარ მომზადდა, ყურადღების მიღმაა დატოვებული ის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში  საერთაშორისო დონორებისა და პარტნიორების მხარდაჭერისა და ფინანსური ინტერვენციების შედეგია ტუბერკულოზის შემთხვევების შემცირება და მკურნალობის გაუმჯობესება.

ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა „გლობალური ფონდის“ თანადაფინანსებით ხორციელდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, უზრუნველყოფილია  ტუბერკულოზის ყველა ფორმის, მათ შორის, რეზისტენტული და ექსტენსიურად რეზისტენტული ტუბერკულოზის თანამედროვე დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა.

2015 წლამდე ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მედიკამენტების შესყიდვა სრულად უზრუნველყოფილი იყო „გლობალური ფონდის“[i] ფინანსური მხარდაჭერით. 2015 წლიდან ეტაპობრივად გაიზარდა სახელმწიფოს მიერ შესყიდული მედიკამენტების წილი, რამაც 2022 წლისთვის 75%-ს მიაღწია.

ქვეყანაში ტუბერკულოზით დაავადებულთა მკურნალობის დამყოლობის მხარდაჭერა ხორციელდება „გლობალური ფონდის“ თანადაფინანსებით.  ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმით დაავადებულ პირებს უნაზღაურდებათ კლინიკამდე ტრანსპორტირების საფასური. ამბულატორიულ მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს აქვთ მკურნალობის რამდენიმე ვარიანტი: უშუალო მეთვალყურეობით თერაპია სამედიცინო დაწესებულებაში ან თემში და ვიდეო მხარდაჭერით მკურნალობა (VST).

საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, რომ დონორული დაფინანსებიდან ეტაპობრივად გადავიდეს სახელმწიფო დაფინანსებაზე, თუმცა ჯერ კიდევ საჭიროებს საერთაშორისო დონორების (გლობალური ფონდის) მხარდაჭერას. 2023-2025 წლის სტრატეგიის თანახმად, ყველა ფორმის ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენციული ინტერვენციები, ასევე პაციენტების მკურნალობაზე დამყოლობის მხარდაჭერა და ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის მნიშვნელოვანი ღონისძიებები (ტრენინგი, ზედამხედველობა, საინფორმაციო სისტემა და ა.შ.) მხარდაჭერილი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით და „გლობალური ფონდისა“ და სხვა დონორების თანადაფინანსებით. ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის დაფინანსების მთავარ წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი (2023-2025 წლებში – 59.5%); მნიშვნელოვანია „გლობალური ფონდის“ (2023-2025 წლებში 16.3%), ჯანმოს და სხვა დონორების (2023-2025 – 12.7%) თანადაფინანსება.

პროგრამის შედეგების მიმოხილვა

უკანასკნელი წლების განმავლობაში, ტუბერკულოზის რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა სტაბილურად მცირდებოდა (იხილეთ გრაფიკი 1). 2015 წლის შემდეგ, ტუბერკულოზის ახალი შემთხვევები 50%-ით არის შემცირებული. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  ცნობით, 2020 წლამდე ეს ტენდენცია, რომელიც N1 გრაფიკზეა ასახული, ინციდენტობის ჭეშმარიტ შემცირებას ასახავდა. 2020-2021 წლებში COVID-19-ის პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა ტუბერკულოზის გამოვლენაზე უარყოფითი გავლენა იქონია. 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, ტუბერკულოზის რეგისტრირებული შემთხვევების საერთო რაოდენობა (მათ შორის ახალი შემთხვევები) არ შემცირებულა.

მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, ქვეყანაში ტუბერკულოზის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ მაღალია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, 2022 წლისთვის,  საქართველოში ტუბერკულოზის სავარაუდო ინციდენტობა 2,200-ს შეადგენდა, რაც 100,000 მოსახლეზე დაახლოებით 60 შემთხვევაა. აღნიშნული მონაცემები ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებელს (25/100,000 მოსახლეზე) მნიშვნელოვნად აღემატება. ჯანმოს მონაცემებსა და რეგისტრირებულ მონაცემებს შორის ამგვარი სხვაობა იმაზე მიუთითებს, რომ ტუბერკულოზის შემთხვევათა გარკვეული ნაწილი (დაახლოებით 25%) გამოუვლენელი რჩება.

აქვე აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან საქართველო აღარ შედის მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის (MDR-TB) მაღალი ტვირთის მქონე ქვეყნებს შორის. თუმცა, წამლისადმი რეზისტენტობის ტვირთი ჯერ კიდევ მაღალია, რაც ქვეყანაში ტუბერკულოზის ეფექტური ელიმინაციის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.

გრაფიკი 1: ტუბერკულოზის რეგისტრირებული შემთხვევები აბსოლუტურ რიცხვებში,  2015-2022

წყარო: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

ჯანმოს მონაცემებით, საქართველოში წარმატებული მკურნალობის მაჩვენებელმა ტუბერკულოზის ახალ და რეციდივის შემთხვევაში 87%-ს [2021], ხოლო მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევაში – 76%-ს [2020] მიაღწია, რაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა წინა წლებთან შედარებით.  ჯანმოს მონაცემებით, საქართველოში 2016 წელს წარმატებული მკურნალობის მაჩვენებელი ტუბერკულოზის ახალ და რელაფს [რეციდივის] შემთხვევებში 83%-ს შეადგენდა, ხოლო მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევაში –  56%-ს [2015 წლის მონაცემები].

NCDC-ის 2021 წლის ანგარიშის თანახმად, 2013-2021 წლებში ფილტვის ახალი მგბ+ ტუბერკულოზის შემთხვევები ყოველწლიურად მცირდება, ამასთან ამავე პერიოდში განკურნების მაჩვენებელი 65.4%-დან 80.2%-მდე გაიზარდა.

საქართველოს 2023-2025 წლების ტუბერკულოზის კონტროლის ეროვნული სტრატეგის თანახმად, 2020 წლის ბოლოს ქვეყანამ მიაღწია სტრატეგიის სამიზნე მაჩვენებლებს  ტუბერკულოზით ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირების კუთხით. მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, ტუბერკულოზით დაავადებულთა ნაწილი ჯერ კიდევ არ არის ჩართული მკურნალობაში. დაავადებისა და ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა კვლავ რჩება პროგრამის სუსტ მხარედ. ტუბერკულოზის სისტემური სკრინინგი და ამ პროცესში პირველადი ჯანდაცვის სისტემის ეფექტური ჩართულობა კვლავ რჩება ტუბერკულოზის მართვის პროგრამის ერთ-ერთ გამოწვევად.


[i]  გლობალური ფონდი 2002 წელს შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის შეიქმნა, რომელიც დაავადებასთან საბრძოლველად საჭირო თანხების მობილიზებას ახდენს და ქვეყნებზე გრანტების სახით გასცემს.