Home » დავით ბაციკაძე: 2012 წელს, როცა ხელისუფლებაში მოვედით, 120 მლნ ლარი იყო აჭარის ბიუჯეტი. დღეს [აჭარის ა/რ] განათლების სამინისტროს ბიუჯეტია 140 მლნ ლარზე მეტი
ვერდიქტები მეტწილად სიმართლე

დავით ბაციკაძე: 2012 წელს, როცა ხელისუფლებაში მოვედით, 120 მლნ ლარი იყო აჭარის ბიუჯეტი. დღეს [აჭარის ა/რ] განათლების სამინისტროს ბიუჯეტია 140 მლნ ლარზე მეტი

დავით ბაციკაძე: 2012 წელს, როცა ხელისუფლებაში მოვედით, 120 მლნ ლარი იყო აჭარის [ავტონომიური რესპუბლიკის] ბიუჯეტი. დღეს მხოლოდ [აჭარის ა/რ] განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტია 140 მლნ ლარზე მეტი.

ვერდიქტი: ჯეოფაქტსის დასკვნით, დავით ბაციკაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: აჭარის ა/რ 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის თანახმად, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება მართლაც 140 621 700 ლარს შეადგენს, თუმცა დღევანდელ რეალობასთან  ათი და მეტი წლის წინ არსებული ეკონომიკური პარამეტრების პირდაპირ შედარება არარელევანტურია. ამიტომ, უფრო ზუსტი იქნება, თუ სამინისტროსთვის გამოყოფილი დაფინანსების წილს მთლიან გადასახდელებთან მიმართებით დავითვლით. წინა ხელისუფლების პერიოდის ბოლო სამი წლის მონაცემების შედარება 2022-2023-2024 წლების მონაცემებთან ასეთ სურათს გვაძლევს:  2010 წელს უწყების ბიუჯეტი შეადგენდა მთლიანი გადასახდელების 24.01%-ს, 2011 წელს – 31.83%-ს, 2012 წელს – 19.49%-ს, ხოლო 2022 წელს იყო 18.64%, 2023 წელს – 20.11% და 2024 წელს – 19.35%. რაც შეეხება 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელების მოცულობას, ის 145 900 100 ლარი იყო (ფაქტი).

ამდენად, პოლიტიკოსი სამინისტროსთვის განკუთვნილ თანხას სწორად ასახელებს, თუმცა წინა ხელისუფლების პირობებში, უწყების დაფინანსებაზე მოდიოდა რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების  თითქმის იმდენივე (შედარებული წლების მიხედვით, მეტი ან ოდნავ ნაკლები) წილი, რამდენიც ბოლო სამი წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, დავით ბაციკაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაციკაძემ განაცხადა: „2012 წელს, როცა ხელისუფლებაში მოვედით, 120 მლნ ლარი იყო აჭარის [ავტონომიური რესპუბლიკის] ბიუჯეტი. დღეს მხოლოდ [აჭარის ა/რ] განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტია 140 მლნ ლარზე მეტი.“

„ჯეოფაქტსმა“ აღნიშნული განცხადება გადაამოწმა. პირველ რიგში, ბიუჯეტზე საუბრისას მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინება. მაგალითად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში, ფაქტობრივად, არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუცია გამართულად არ მუშაობდა, რაც სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის, ტურიზმსა თუ ინვესტიციების მოზიდვას ბარიერს უქმნიდა. ამდენად, რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები და, შესაბამისად, გადასახდელები ნელ-ნელა და უმნიშვნელოდ იზრდებოდა. თუმცა მთლიან ასიგნებებთან მიმართებით, განათლების სამინისტროსთვის გამოყოფილი დაფინანსების წილი იყო მეტი, ვიდრე 2023 ან 2024 წელსაა.

აჭარის ა/რ 2010 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის თანახმად (რომელშიც წინა ორი წლის ფაქტობრივი პარამეტრებია ასახული), 2008 წელს,  2009 წელთან შედარებით, შემოსულობებიც და გადასახდელებიც გაზრდილია, თუმცა 2010 წელს, ორივე მაჩვენებელთან მიმართებით, ბიუჯეტი ნაკლები პარამეტრებით დაიგეგმა, შესაბამისად, 98 680 000 ლარი და 101 997 600 ლარი. 2012 წლის ბიუჯეტის მიხედვით, 2010 წლის შემოსულობები (ფაქტობრივი) გაზრდილია, თუმცა წინა წლებისას მაინც ჩამორჩება.

ცხრილი 1. რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროზე გამოყოფილი დაფინანსება, 2008 წლიდან 2015 წლის ჩათვლით პერიოდი, ფაქტი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის მიხედვით, სამინისტროში დასაქმებულთა რიცხოვნობა 123 ადამიანს შეადგენდა, 2014 წლიდან მათი რიცხვი მკვეთრად გაიზარდა და 2 385-ს მიაღწია. კერძოდ, სახელოვნებო თუ სპორტული  მიმართულებების სკოლებსა და დაწესებულებებში დასაქმებულების რიცხოვნობა ბიუჯეტში ასახულია 2014 წლიდან. მაგალითად, თუ კულტურის განვითარების, ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისთვის მანამდე ბიუჯეტში არც დასაქმებულთა რაოდენობა და არც ხელფასი ასახული არ იყო, 2014 წლიდან 947 დასაქმებულისთვის განკუთვნილი შრომის ანაზღაურებამ 7 175 400 ლარი შეადგინა. დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდა. თავისთავად, ამან გაზარდა შრომის ანაზღაურების მოცულობაც, რაც სამინისტროს მთლიან ასიგნებებზე აისახა.

ცხრილი 1-ის მიხედვით, შეგვიძლია თვალი მივადევნოთ, გარკვეულ ტენდენციას. კერძოდ, წინა ხელისუფლების პირობებში, 2008 წელთან შედარებით, მომდევნო ორ წელს განათლების სამინისტროს დაფინანსება მცირდებოდა, ხოლო 2011 წელს მკვეთრად გაიზარდა და 38 მლნ ლარს გადააჭარბა. 2012 წელს ისევ შემცირდა და უკვე „ქართული ოცნების“ პირობებში, 2013 წლიდან ზრდა დაიწყო, თუმცა 2011 წლის მონაცემს მხოლოდ 2016 წელს გადააჭარბა, როცა სამინისტროსთვის 38 777 800 ლარი გამოიყო. ამის შემდეგ, დაფინანსება მუდმივად იზრდებოდა, თუ არ ჩავთვლით 2020 (პანდემიურ) წელს.

რაც შეეხება ბოლო სამ წელს, აჭარის ა/რ 2024 წლის ბიუჯეტის მიხედვით, შემოსულობები და გადასახდელები ასე გამოიყურება:

ცხრილი 2. რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროზე გამოყოფილი დაფინანსება, 2022-2024 წლები

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

ბოლო წლებში გაზრდილია მომუშავეთა რიცხოვნობაც. კონკრეტულად: 2022 წელს სამინისტროში (შტატში) დასაქმებული იყო 2 371 ადამიანი, 2023 წელს – 2 378 ადამიანი, ხოლო წელს  უწყებაში 2 384 დასაქმებულია. გაზრდილია მათი შრომის ანაზღაურებაც, შესაბამისად: 21 660 4000 ლარი; 27 527 200 ლარი და 30 662 200 ლარი.

თუ სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების მოცულობას ბიუჯეტის მთლიან გადასახდელებთან მიმართებით ვიანგარიშებთ, ვნახავთ, რომ 2012 წლამდე პერიოდში უწყების წილი მეტი იყო, ვიდრე 2024 წელსაა.

დიაგრამა 1. აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელები და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის გამოყოფილი დაფინანსება, 2010-2012 და 2022-2024 წლები

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

დიაგრამა 1 აჩვენებს, რომ 2012 წელს სამინისტროს დაფინანსება შემცირებულია. რაც შეეხება პროცენტულ თანაფარდობას, 2010 წელს უწყების ბიუჯეტი შეადგენდა მთლიანი გადასახდელების 24.01%-ს, 2011 წელს – 31.83%-ს, 2012 წელს – 19.49%-ს. ბოლო სამი წლის მაჩვენებლები კი ასეთია: 2022 წელს – 18.64%, 2023 წელს – 20.11% და 2024 წელს – 19.35%.

როგორც ვხედავთ, 2010 და 2011 წლებში სამინისტროს დაფინანსების წილი აღემატება ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოყოფილი ასიგნებების წილს. 2012 წლის მაჩვენებელი კი მხოლოდ 2023 წლისას ჩამორჩება.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, ბიუჯეტის პარამეტრების შესაბამისად, სამინისტროს დაფინანსების წილი დღეისთვის არსებულს ან აჭარბებდა, ან უმნიშვნელოდ ჩამორჩებოდა, დავით ბაციკაძის განცხადებას ვაფასებთ ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.

თეგები