Home » გიორგი ამილახვარი: 52 000 სტატუსის მქონე პედაგოგიდან 70%-ს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზარდათ
გადამოწმებული ფაქტები განათლება მეტწილად სიმართლე

გიორგი ამილახვარი: 52 000 სტატუსის მქონე პედაგოგიდან 70%-ს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზარდათ

ვერდიქტი: „ჯეოფაქტსი“ გიორგი ამილახვრის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: მიმდინარე წლის 1 ივლისიდან მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი ამოქმედდა. ცვლილებამდე, მასწავლებელთა ხელფასი საბაზო ხელფასისა და სტატუსის დანამატისგან შედგებოდა. ცვლილების შედეგად საბაზო ხელფასი გაუქმდა, სტატუსთან მიბმული დანამატი ფუნქციური დანამატით შეიცვალა და საგრძნობლად შემცირდა, წამყვანი მასწავლებლისთვის – 150 ლარამდე, მენტორი მასწავლებლისთვის – 300 ლარამდე. პედაგოგის ხელფასის ძირითადი მდგენელი საათობრივი ანაზღაურება გახდა, რომლის რაოდენობაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თითქმის სამჯერ – 96 ლარამდე, გაიზარდა.

აღნიშნული ცვლილებით, ხელფასი ყველაზე მეტად უფროსს მასწავლებლებს გაეზარდათ (სხვადასხვა კრიტერიუმიდან გამომდინარე, 500-800 ლარით), რომლებიც მასწავლებელთა მთლიანი რაოდენობის 70%-ს შეადგენენ. მენტორ და წამყვან მასწავლებლებს, რომელთაც ცვლილებამდე მოქმედი კარიერული წინსვლის სქემით, ყველაზე მაღალი კომპეტენცია ჰქონდათ დადასტურებული, ცვლილებამდე არსებული ხელფასი, ზოგ შემთხვევაში, შეუმცირდათ. თუმცა სამინისტრო დანაკლისს ორი წლის განმავლობაში შეუვსებს და დამატებით, 200 ლარს გადაუხდის. შესაბამისად, მენტორ და წამყვან მასწავლებლებს ხელფასი 200 ლარით გაეზარდათ.

მინისტრი განცხადებაში ხელფასის 200 ლარით ზრდასაც ახსენებს, თუმცა ამას მასწავლებელთა დაბალი დატვირთულობით ხსნის და არაფერს ამბობს, ამ მასწავლებელთა სტატუსზე. რეალურად, მივიღეთ სურათი, რომ უფრო მაღალი კომპეტენციის მასწავლებლებს ხელფასი ნაკლებად გაეზარდათ, უფრო დაბალი კომპეტენციისას – მეტად.

აღნიშნულის გათვალისწინებით, „ჯეოფაქტსი“ მინისტრის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.

 

ანალიზი

ტელეკომპანია იმედის გადაცემა „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მასწავლებლების ხელფასების ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა: „52 000 სტატუსიანი პედაგოგიდან ყველას გაეზარდა ხელფასი, აქედან 70%-ს მინიმუმ 500 ლარით და ზრდა არის 600, 700, 800 ლარიანიც კი. დარჩენილ 30%-ს ხელფასი ეზრდება 300-400 ლარამდე, რჩება მცირე ნაწილი 5-7%, ვისაც მცირე დატვირთვები და საათები აქვს და მათაც მინიმუმ 200 ლარიანი ხელფასის ნამატი აქვთ“.

მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი ამოქმედდა, რომლის მიხედვით მასწავლებელთა ხელფასები გაიზარდა, როგორც მთავრობა აცხადებს, დაახლოებით 200-800 ლარით.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2023-2024 სასწავლო წლისთვის საქართველოს საჯარო სკოლებში 57 677 მასწავლებელია დასაქმებული, აქედან სტატუსის მქონე 52 000 მასწავლებელია. მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი სქემის მიხედვით, ხელფასები სწორედ სტატუსის მქონე მასწავლებლებს გაეზარდათ.

მიმდინარე სასწავლო წლის მონაცემების მიხედვით (ჩვენ, ამ შემთხვევაში, JAMnews-ის მიერ სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით ვისარგებლეთ), საჯარო სკოლებში 897 მენტორი, 9 998 წამყვანი და 41 209 უფროსი მასწავლებელია. სკოლებში ასევე არის 349 მასწავლებლობის მაძიებელი, 3 928 უსტატუსო და 1 296 პრაქტიკოსი მასწავლებელი.

სტატისტიკური მონაცემის მიხედვით, უფროსი მასწავლებლები, სტატუსის მქონე მასწავლებლების მთლიანი რაოდენობის, დაახლოებით 79%-ს შადგენენ, შესაბამისად, მენტორი და წამყვანი მასწავლებლები – 20%-ს.

რადგან მასწავლებლის შრომის ანაზღაურებას მრავალი მდგენელი განსაზღვრავს და ერთი კონკრეტული ფორმულით არ გამოითვლება, მასწავლებლის შრომის ანაზღაურების უკეთ გასაანალიზებლად, მისი შემადგენელი თითოეული კომპონენტი ცალ-ცალკე განვიხილოთ.

მასწავლებელთა ანაზღაურების ახალი მექანიზმის მიხედვით, მასწავლებლის შრომის ანაზღაურება თანამდებობრივ სარგოს და შესაძლო დანამატისგან შედგება. თავის მხრივ, თანამდებობრივი სარგო შემდეგი კრიტერიუმებით გაანგარიშდება: 1. განათლება და კვალიფიკაცია, 2. სამუშაო სტაჟი; 3. სამუშაო დატვირთვა.

რაც შეეხება შესაძლო დანამატს, ის შემდეგ კატეგორიებად იყოფა:

  • წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი – 150 (წამყვანი), 200 ლარი (მენტორი);
  • კლასკომპლექტით სწავლების დანამატი – 5 ლარი;
  • არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ერთ-ერთი შემდეგი საგნის სწავლებისთვის: ქართული; საქართველოს ისტორია; საქართველოს გეოგრაფია – 5 ლარი;
  • კლასის დამრიგებლის დანამატი – 25 ლარი;
  • მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი, სრული დატვირთვის შემთხვევაში – 150 ლარი.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თანამდებობრივი სარგოს ერთ-ერთი მდგენელია სამუშაო დატვირთა, რაც კვირაში ჩატარებული საათების მიხედვით დგინდება. სამინისტროს გადაწყვეტილებით, კვირაში ჩატარებული ერთი საათის ხელფასი თითქმის სამჯერ გაიზარდა და 96 ლარით განისაზღვრა (დარიცხული, ხელზე ასაღებ ხელფასს 22% – 20% საშემოსავლო და 2% საპენსიო აკლდება, შესაბამისად, ერთი საათის ხელზე ასაღები ანაზღაურება 75 ლარი გამოდის). მასწავლებელმა კვირაში მაქსიმუმ 25 გაკვეთილი შეიძლება ჩაატაროს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, მისი დარიცხული ხელფასი სამუშაო დატვირთვის მიხედვით, 2 350 ლარი იქნება (ხელზე ასაღები 1833).

მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს შემდეგი მდგენელია სამუშაო გამოცდილება – სტაჟი. განხორციელებული ცვლილებით, სამუშაო გამოცდილების მიხედვით დანამატი შემდეგნაირად გაიცემა:

  • 5 წლამდე სტაჟის მქონე მასწავლებელი -15 ლარი;
  • 5-დან 10-წლამდე სტაჟის მქონე – 30 ლარი;
  • 10 წელზე მეტი სტაჟის მქონე – 45 ლარი.

რაც შეეხება დანამატს განათლებისა და კვალიფიკაციის მიხედვით, მისი ოდენობა ასე გამოიყურება:

  • ბაკალავრის სტატუსის მქონე მასწავლებელი – 20 ლარი;
  • მაგისტრის სტატუსის მქონე მასწავლებელი – 40 ლარი;
  • დოქტორის სტატუსის მქონე მასწავლებელი – 100 ლარი.

ზემოთ განხილულის უკეთესად აღსაქმელად, მოვიყვანოთ კონკრეტული მაგალითი. თუ მასწავლებელი კვირაში ატარებს 20 გაკვეთილს, აქვს 10 წელზე მეტი სტაჟი და ფლობს მაგისტრის სტატუსს, მისი თანამდებობრივი სარგო დატვირთვისთვის იქნება 1920 ლარი, რასაც დაემატება სტაჟის 45 და კვალიფიკაციის 40 ლარი, ჯამში, მისი დარიცხული თანამდებობრივი სარგო იქნება 2005 ლარი, რასაც 22% დააკლდება და მასწავლებელი ხელზე 1564.9 ლარს აიღებს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ სამუშაო სტაჟის და განათლების და კვალიფიკაციის მიხედვით დანამატი სრულად გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის დატვირთვა კვირაში მინიმუმ 15 საათს შეადგენს, 15 საათზე ნაკლები დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად.

ამგვარად, როგორც ვხედავთ, მასწავლებლის ხელფასი მრავალკომპონენტიანია და სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით, თითქმის ყველა მასწავლებლისთვის, ინდივიდუალურია.

ცვლილებამდე მასწავლებელთა ხელფასი საბაზო ხელფასისა და სტატუსის დანამატისგან შედგებოდა. საბაზო ხელფასი 2016 წლიდან მოყოლებული არ გაზრდილა და 405 ლარს შეადგენდა. ბოლო წლებში, როდესაც მასწავლებელთა ხელფასები იზრდებოდა, სინამდვილეში, არა საბაზო ხელფასი, არამედ მასწავლებელთა სტატუსთან მიბმული დანამატი იზრდებოდა. სტატუსის დანამატი უფროსი მასწავლებლისთვის – 795 ლარს, პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის – 1175 ლარს, მენტორი მასწავლებლისთვის 1475 ლარს შეადგენდა. ცვლილებამდე, მასწავლებლის ხელფასის ძირითადი განმსაზღვრელი სტატუსის დანამატი იყო.

ცვლილების შედეგად საბაზო ხელფასი გაუქმდა, სტატუსთან მიბმული დანამატი ფუნქციური დანამატით შეიცვალა და საგრძნობლად შემცირდა, წამყვანი მასწავლებლისთვის – 150 ლარამდე, მენტორი მასწავლებლისთვის – 300 ლარამდე. პედაგოგის ხელფასის ძირითადი მდგენელი საათობრივი ანაზღაურება გახდა, რომლის რაოდენობაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 96 ლარამდე გაიზარდა.

გასული წლიდან მოყოლებული მთავრობა მასწავლებელთა ხელფასების 500-ლარიან ზრდას აანონსებდა, თუმცა აცხადებდა, რომ ხელფასები 2024 წლის ივლისიდან გაიზრდებოდა. რა მოხდა სინამდვილეში? ხელფასები ყველა მასწავლებელს გაეზარდა, მაგრამ არა თანაბარი რაოდენობით, თანაც, თუ მანამდე მასწავლებლის ანაზღაურების ძირითადი ნაწილი სტატუსის დანამატი იყო, ცვლილებით, ყველა მასწავლებელი გათანაბრდა და ხელფასის მატების ძირითადი განმსაზღვრელი მასწავლებლის დატვირთვა გახდა. მასწავლებლებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ აქამდე არსებული სტატუსის დანამატი შეუნარჩუნდებოდათ და ხელფასის მატება სტატუსის დანამატის ზემოთ მოხდებოდა.

რეალურად, ცვლილების მიხედვით, მენტორ და წამყვან მასწავლებლებს სტატუსთან მიბმული დანამატი შეუმცირდათ. ვინც ახლა ჩააბარებს მასწავლებლის საკვალიფიკაციო გამოცდებს, ფუნქციურ დანამატს მიიღებს, რაც 150-200 ლარს შეადგენს. ხოლო იმ მენტორ და უფროსს მასწავლებლებს, ვისაც ახალი მექანიზმის ამოქმედების შედეგად ხელფასები შეუმცირდებათ, დანაკლის ხელფასს სამინისტრო შეუვსებთ, ანუ იმავე რაოდენობით ხელფასს მიიღებენ, რაც ცვლილებამდე ჰქონდათ და ხელფასის ეს ოდენობა ორი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ და 200-ლარიანი დანამატიც მიეცემათ. რეალურად, მასწავლებლის ამ კატეგორიას, რომელთა რაოდენობა სკოლებში დაახლოებით 10 000-ზე მეტია, ხელფასი 200 ლარით გაეზარდათ.

ყველაზე მეტად ხელფასი უფროსს (დაახლოებით 500-800 ლარამდე) მასწავლებლებს გაეზარდათ, რომელნიც მასწავლებელთა რაოდენობის 70%-ზე მეტს შეადგენენ (დაახლოებით 41 000).

აქვე უნდა აღინიშნოს დაწყებითი კლასის მასწავლებლები, რომელთა მაქსიმალური დატვირთვა 13 საათია. შესაბამისად, ამ კატეგორიის მასწავლებლებსაც, ახალი სქემის მიხედვით, ხელფასი მხოლოდ 200 ლარით გაეზარდათ.

შესაბამისად, მივიღეთ მოცემულობა, რომ უფრო მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებლებს შრომის ანაზღაურება ნაკლებად გაეზარდათ, საშუალო კვალიფიკაციისას – უფრო მეტად.

მასწავლებელთა ანაზღაურების ახალი მექანიზმის მიხედვით, ხელფასის მატების განმსაზღვრელი მასწავლებლის დატვირთვა გახდა და არა კომპეტენცია. მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემამ, რომელიც აქამდე მოქმედებდა და რასაც, მასწავლებლების გარკვეულმა ნაწილმა დიდი დრო და ენერგია შეალია, ფაქტობრივად გაუქმდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამომავლოდ, მასწავლებლები პროფესიულ განვითარებაზე ნაკლებად იქნებიან ორიენტირებულნი და შეეცდებიან, მაქსიმალური დატვირთვის ხარჯზე მიიღონ გაზრდილი ანაზღაურება. ამ ტიპის დატვირთვა კი, სწავლის ისედაც არც თუ ისე მაღალ ხარისხზე (რაც სხვადასხვა საერთაშორისო კვლევით არის დადასტურებული) უარყოფითად აისახება. გარდა ამისა, საათების რაოდენობაზე ორიენტირება მასწავლებლებს შორის არაჯანსაღ კონკურენციას გამოიწვევს და სკოლაში ახალი კადრების მისვლას შეაფერხებს.

აქედან გამომდინარე, „ჯეოფაქტსი“ მინისტრის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.