სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები (1; 2; 3; 4; 5; 6) ავრცელებენ ვიდეოს, რომელზეც თითქოს 2 ივლისს გამართულ შეხვედრაზე, სადაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მოქალაქეების წინაშე წარდგნენ, ღონისძიების წამყვანი და ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი, დიმა ობოლაძე, ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძეს შემდეგი რეპლიკით მიმართავს: „შენ არ გამოდიხარ, არ გაქვს სიტყვა“. სინამდვილეში გავრცელებული ინფორმაცია ყალბია და დიმა ობოლაძეს ამ სიტყვებით ბუდუ ზივზივაძისთვის მიუმართავს.
რეალურად, თუ ვიდეოს სრულ ვერსიას ვნახავთ, ჩანს, რომ ბუდუ ზივზივაძე და დიმა ობოლაძე სცენის სხვადასხვა მხარეს დგანან. როდესაც დიმა ობოლაძე ამ სიტყვებს ამბობს, პარალელურად სცენაზე გურამ კაშია გამოდის სიტყვით. გურამ კაშიას სიტყვით გამოსვლისას, დიმა ობოლაძე მას მიკროფონს აწვდის და სცენის ბოლოსკენ ბრუნდება, სადაც წამყვანები დგანან.
ბუდუ ზივზივაძე კი გურამ კაშიას უკან დგას და ფეხბურთელებს შორის მოძრაობს, თუმცა სცენის ბოლოსკენ, სადაც დიმა ობოლაძე დგას, არ გასულა, შესაბამისად, ობოლაძის რეპლიკა მას არ მიემართებოდა.
ინფორმაციას დიმა ობოლაძე ვიდეოთი გამოეხმაურა, სადაც უარყო გავრცელებული მტკიცება, თითქოს ბუდუ ზივზივაძეს სიტყვა შეუზღუდა: „ზღვარი ხომ აქვს ყველაფერს, მსგავსი არაფერი არ ყოფილა. საერთოდ არ მქონია ასეთი კონტაქტი ბუდუსთან. შეიძლება სხვას ვუთხარი. ლევან კობიაშვილი უნდა გამოსულიყო სიტყვით, აღარ გამოვიდა და შეიძლება იმას ვკითხე, ნაღდად მახსოვს ვკითხე, სიტყვით არ გამოდიხარ-მეთქი და არაო. რა ბუდუს ვუთხარი?! რას იგონებთ?! – სისულელეა. თვითონ ბუდუსაც შეგიძლიათ დაელაპარაკოთ“, – განაცხადა დიმა ობოლაძემ.
სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებულ მტკიცებას ბუდუ ზივზივაძის მამა, კახა ზივზივაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბუდუსთან გადაამოწმა და დიმა ობოლაძეს მისთვის მსგავსი არაფერი უთქვამს: „მეგობრებო,ვკითხე ბუდუს და მისთვის არ უთქვამს ის სიტყვები დიმა ობოლაძეს..მადლობა რომ გიყვართ ბუდუ. სამართლიანები ვიყოთ“ – ვკითხულობთ Facebook-პოსტში.
მოგვიანებით კომენტარი ბუდუ ზივზივაძემაც გააკეთა და განაცხადა: „სისულელეა და მაგ ადამიანს დაანებეთ თავი. თუ ვინმე რამე ცუდს ამბობს დიმაზე, პირიქით, ვფიქრობ, რომ ბოდიში აქვთ მოსახდელი, იმიტომ, რომ არანაირი ეგეთი ფაქტი არ ყოფილა.“
აღსანიშნავია, რომ დიმა ობოლაძის, ბუდუ ზივზივაძის და მისი მამის განცხადებების შემდეგ, რიგმა ანგარიშებმა სოციალურ ქსელში შეასწორეს მანამდე გამოქვეყნებული მცდარი ინფორმაცია. (1; 2😉
ამგვარად, მტკიცება, რომლის თანახმადაც დიმა ობოლაძემ ბუდუ ზივზივაძეს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა, მცდარია.