სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლები ნიკა გვარამიას ვიდეოს ავრცელებენ (ბმული 1, 2). ვიდეოში პარტიის „ახალი“ დამფუძნებელი და „მთავარი არხის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ქართულ ფეხბურთს სამარცხვინოსა და დაბეჩავებულს უწოდებს.
ნიკა გვარამიას სიტყვას თან ერთვის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოსა და პორტუგალიას შორის გამართული თამაშის კადრები და ქმნის წარმოდგენას, თითქოს, გვარამიამ სიტყვებით, „წლის დამარცხებული, დაბეჩავებული, სამარცხვინო და გაუბედურებული, ქართული ფეხბურთი, რომელმაც წააგო ყველაფერი და ყველასთან, რომელმაც გაუშვა ყველანაირი ისტორიული შანსი და იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას სთხოვდნენ პასუხს, ქართული ფეხბურთის ჩინოვნიკები სცემენ გულშემატკივრებს“, 2024 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაში დაახასიათა.
რეალურად, მან აღნიშნული სიტყვა „მთავარი აქცენტების“ შემაჯამებელ გადაცემაში, 2020 წელს წარმოთქვა. სპეციალურ ეთერში „მთავარი არხის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა 10 ნომინაცია და 10 გამარჯვებული დაასახელა. მათ შორის, ისაუბრა ქართული ფეხბურთის, 2020 წელს მისი მარცხის შესახებ (იხილეთ სრული ჩანაწერი 23:26-დან). სავარაუდოდ, მისი კრიტიკა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაკრების მიერ მხოლოდ 2 მატჩის მოგებას და ბოლოსწინა, მე-4 ადგილის დაკავებას მოჰყვა.
ამდენად, ნიკა გვარამიას მიერ ეთერში წარმოთქმული სიტყვა არა საქართველოს ეროვნული ნაკრების 2024 წლის ძალისხმევას, არამედ 2020 წელს მიმდინარე მოვლენებს შეეხებოდა.