ვერდიქტი: „ჯეოფაქტსის“ შეფასებით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
რეზიუმე:
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის დონე 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8% შეადგინა. 2012 წლის შემდეგ, აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა ჯამში, დაახლოებით 679.6 ათასით, 30%-დან 11.8%-მდე, შემცირდა.
პრემიერ-მინისტრი სტატისტიკურ მონაცემებს სწორად ასახელებს, თუმცა მისი განცხადება საჭიროებს განმარტებას, რომ საუბარია აბსოლუტურ სიღარიბეზე და არა ზოგად სიღარიბეზე. აბსოლუტური სიღარიბის დონის შემცირება ნიშნავს, რომ აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილმა თავი დააღწია უკიდურეს სიღატაკეს, თუმცა უმეტესწილად ისინი კვლავ რჩებიან ზოგად სიღარიბეში.
პრემიერის განცხადებაში იგნორირებულია ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში, აბსოლუტური სიღარიბის შემცირების პარალელურად, რეკორდულად გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა. თავის მხრივ, სოციალურად დაუცველთა რაოდენობის და ფულადი სოციალური დახმარებების ზრდას აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებაზე პირდაპირი გავლენა ჰქონდა, რადგან თუ ადამიანს გააჩნია არსებობისთვის აუცილებელი მინიმუმი, ის აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა სტატისტიკაში არ ხვდება.
აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირების იმგვარად ინტერპრეტირება, თითქოს მოსახლეობამ სიღარიბე დაძლია,მანიპულაციურია და არ ასახავს ობიექტურ რეალობას. ამასთან, პრემიერის მტკიცებით, სიღარიბის შემცირება ეკონომიკური ზრდის შედეგია. რეალურად, უკიდურესი სიღარიბე შემცირდა შემოსავლების ზრდის ხარჯზე, აღნიშნული შემოსავლები კი მოიცავს, როგორც ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებს, ასევე სოციალურ დახმარებებსა და ემიგრანტებისგან მიღებულ გზავნილებს. შესაბამისად, „ჯეოფაქტსის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
ანალიზი
28 ივნისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტს ყოველწლიური მოხსენება წარუდგინა, სადაც საუბარია ქვეყანაში სიღარიბის შემცირებაზე. კერძოდ, „საქართველოში 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა მარტო შარშან სიღარიბე. წელსაც გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. აქედან გამომდინარე, წელსაც ათი ათასობით ადამიანი დაძლევს სიღარიბეს და მაღალი ალბათობით, 2024 წელს უკვე ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდება სიღარიბის კუთხით. მთლიანობაში, შეგახსენებთ, რომ 700 000-მდე მოქალაქემ დაძლია სიღარიბე 2012 წლიდან დღემდე, რაც არის მნიშვნელოვანი მიღწევა, თუმცა, ჩვენი საბოლოო ეროვნული ამოცანაა სიღარიბის საბოლოოდ განულება”.
პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ, რომ საუბარია აბსოლუტურ სიღარიბეზე და არა ზოგად სიღარიბეზე. აბსოლუტური სიღარიბე აჩვენებს, მოსახლეობის რა ნაწილს არ გააჩნია საარსებო მინიმუმი.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი, წინა წელთან შედარებით, 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8% შეადგინა. 2012 წლის შემდეგ, ანუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის დონე ჯამში, 30%-დან 11.8%-მდე, დაახლოებით 679.6 ათასი ადამიანით შემცირდა. (იხილეთ გრაფიკი 1).
გრაფიკი 1: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა და მათი წილი მთლიან მოსახლეობასთან
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
თუ აბსოლუტური სიღარიბის შემცირების მაჩვენებელს გრძელვადიან პერიოდში [2013-2023 წლები] განვიხილავთ, ბუნებრივია, რიცხვები უფრო შთამბეჭდავი ჩანს. რაც შეეხება ტენდენციას, როდესაც მმართველმა გუნდმა ხელისუფლება გადაიბარა, ქვეყანაში სიღარიბის შემცირების დადებითი ტენდენცია იყო, 2011-2012 წლებში, ორწლიან პერიოდში, აბსოლუტური სიღარიბე 7.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა. დადებითი ტენდენცია გაგრძელდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველ წლებში [2013-2015], შემდგომ პერიოდში ტენდენცია არაერთგვაროვანია, აბსოლუტური სიღარიბის დონე იცვლება როგორც ზრდისკენ, ასევე კლებისკენ. 2020 წელს, ანუ პანდემიის პერიოდში, მკვეთრად იზრდება აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრებთა რიცხვი. 2021-2023 წლებში კი აბსოლუტური სიღარიბის დონე მნიშვნელოვნად მცირდება.
მიუხედავად დადებითი დინამიკისა, უკიდურესი სიღარიბე კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, ქვეყნის მოსახლეობის 11.8%-ს, დაახლოებით 435.9 ათასი ადამიანს, არსებობისთვის აუცილებელი მინიმუმი არ გააჩნია.
ბოლო წლებში აბსოლუტური სიღარიბის დონის შემცირების პარალელურად, მკვეთრად გაიზარდა სოციალურად დაუცველთა, ანუ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. სოციალურად დაუცველთა რაოდენობის და ფულადი დახმარებების ზრდას აბსოლუტური სიღარიბის დონის შემცირებაზე პირდაპირი გავლენა ჰქონდა, რადგან თუ ადამიანს გააჩნია არსებობისთვის აუცილებელი მინიმუმი, ის აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა სტატისტიკაში არ ხვდება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2020-2022 წლებში ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. 2023 წელს მცირედით შემცირდა, თუმცა 2024 წელს კვლავ გაიზარდა (იხილეთ გრაფიკი 2). მიმდინარე წლის მაისის მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღები არის ჯამში, 667,528 ადამიანი, რაც მთლიანი მოსახლეობის 18%-ს შეადგენს. საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდა დიდწილად მოქალაქეთა მხრიდან მიმართვიანობის ზრდამ (სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაცია) განაპირობა. ამასთან, პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობის ზრდაზე, პირდაპირი გავლენა მთავრობის სოციალურმა პოლიტიკამ და პროგრამის გაფართოებამ იქონია.
ფულადი სოციალური დახმარება სოციალურად დაუცველი ოჯახის თითოეულ ზრდასრულ წევრზე თვეში 30-დან 60-ლარამდე მერყეობს; 16 წლამდე ასაკის პირის ფულადი დახმარება თვეში 200 ლარს შეადგენს. ამასთან, თუ სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ჩართულია საზოგადოებრივი დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში, ის საარსებო შემწეობასთან ერთად თვეში დამატებით 300 ლარს იღებს. სწორედ ამ მინიმალური ფულადი ბენეფიტების ხარჯზე, სოციალურად დაუცველთა გარკვეულ ნაწილს ოფიციალურად განსაზღვრული საარსებო მინიმუმი გააჩნია და, შესაბამისად, აბსოლუტური სიღარიბის სტატისტიკაში აღარ ხვდება. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ მათ სიღარიბე დაძლიეს. ცხადია, რომ სოციალურად დაუცველები არიან მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და ფიზიკური გადარჩენისთვის სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას საჭიროებს.
გრაფიკი 2: საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა და მათი წილი მთლიან მოსახლეობასთან
წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო
პრემიერი აბსოლუტური სიღარიბის დონის შემცირებას მაღალი ეკონომიკურ ზრდით ხსნის. გრძელვადიან პერიოდში, აბსოლუტური სიღარიბის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, როგორც ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებამ, ასევე სოციალურმა დახმარებებმა. მოსახლეობის მაღალი წილი აბსოლუტურ სიღარიბეს სოციალური შემწეობებით [ბავშვის ფულადი დახმარება, საარსებო შემწეობა და ა.შ.] აღწევს თავს, თუმცა ისინი რჩებიან მოწყვლად ჯგუფად – ზოგად სიღარიბეში. ამასთან, სიღარიბის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ემიგრანტების გზავნილებს. ბოლო წლებში საქართველოდან მოქალაქეების ემიგრაციის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა, განსაკუთრებით 2021-2023 წლებში. ემიგრაციის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ ოჯახების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა.
პირველ რიგში, პრემიერის განცხადება საჭიროებს განმარტებას, რომ საუბარია აბსოლუტური სიღარიბის დონეზე და არა ზოგად სიღარიბეზე. აბსოლუტურ სიღარიბის მიღმა მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა მართლაც შემცირდა, თუმცა მტკიცება, თითქოს დაახლოებით 700 ათასმა ადამიანმა სიღარიბე დაძლია, არასწორი ინტერპრეტირებაა, რადგან მათი დიდი ნაწილი კვლავ რჩება ზოგად სიღარიბეში. მით უმეტეს, რომ სოციალურად დაუცველთა რიცხვი რეკორდულად არის გაზრდილი და ქვეყნის მოსახლეობის 18% საარსებო შემწეობაზეა დამოკიდებული. ამასთან, პრემიერი სიღარიბის შემცირების მიზეზად ეკონომიკურ ზრდას ასახელებს და სხვა ფაქტორებს – სოციალური დახმარებები, ემიგრანტების გზავნილები, რომელთაც აბსოლუტური სიღარიბის დონის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ, უგულებელყოფს.