Home » სოციალურ ქსელში სტიქიურ მოვლენებს HAARP-ს უკავშირებენ
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში სტიქიურ მოვლენებს HAARP-ს უკავშირებენ

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში მიმდინარე წლის 25 ივნისს კახეთში დაფიქსირებულ ტორნადოს აშშ-ში მოქმედ HAARP-ს (ატმოსფეროს მაღალი სიხშირის ტალღებით კვლევის პროგრამას) უკავშირებს (დაარქივებული ბმული). „ტორნადოც მოგვიწყვეს ჰარპით“, – წერია პოსტის აღწერაში.

რეალურად, HAARP არის ამერიკული სამეცნიეროკვლევითი პროგრამა, რომელიც იონოსფეროს გამოსაკვლევად შეიქმნა და მას ამინდზე ზემოქმედება და ბუნებრივი კატასტროფების გამოწვევა არ შეუძლია.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში HAARP-ს  სხვადასხვა  სტიქიურ მოვლენებს ხშირად უკავშირებენ. HAARP-ს „კლიმატურ იარაღს“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ სტიქიური კატასტროფები სწორედ მისი გამოყენებით, ხელოვნურად არის გამოწვეული.  ასე მაგალითად,  სოციალურ ქსელში სწორედ  HAARP დაადანაშაულეს  2023 წლის 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრის ხელოვნურად გამოწვევაში.  გარდა ამისა, მსგავსი კონსპირაციის ობიექტი გახდა კახეთში 2023 წლის 2 სექტემბერს მოსული ძლიერი სეტყვა, რომელმაც ყვარლის, თელავის, ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ფერმერების მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.  სწორედ ამ პროგრამას დაუკავშირეს კურორტ შოვში 2023 წლის 3 აგვისტოს მეწყრის ჩამოწოლაც.

რეალურად კი,  HAARP  მსოფლიოში ყველაზე ეფექტურ, მაღალი სიმძლავრისა და სიხშირის  იონოსფეროს შემსწავლელ  პროგრამას წარმოადგენს. სამეცნიერო პროგრამის მიზანი იონოსფეროს, ატმოსფეროს ზედა ნაწილის, შესწავლაა. იონოსფერო ქმნის საზღვარს ატმოსფეროს ქვედა ნაწილსა  – სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ვსუნთქავთ – და სივრცის ვაკუუმს შორის.  იონოსფერო დედამიწის ზედაპირიდან საშუალოდ 60-80 კილომეტრზე იწყება და 500 კილომეტრს აღწევს.

წყარო: researchoutreach.org

იონოსფეროში ექსტრემალური ულტრაიისფერი (EUV) და მზის  გამოსხივება  ატომებსა და მოლეკულებს აიონიზებს, რითაც ელექტრონების ფენას ქმნის. სწორედ იონოსფეროში არის თავისუფალი ელექტრონები და იონები, რომლებთანაც რადიოტალღებს შეუძლიათ ურთიერთქმედება. შესაბამისად, ატმოსფეროს ეს შრე  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რადიო გადამცემებისთვის, რადგან რადიო სიხშირეები სწორედ იონოსფეროში აირეკლება, რაც შორ მანძილზე კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევა.

1990-დან 2014 წლამდე HAARP  შეერთებული შტატების საჰაერო ძალების (USAF) და საზღვაო ძალების ერთობლივად მართული პროგრამას წარმოადგენდა. მისი მიზანი იყო დედამიწის იონოსფეროს ფიზიკური და ელექტრული თვისებების კვლევა, რომელსაც სამხედრო და სამოქალაქო საკომუნიკაციო, ასევე სანავიგაციო სისტემებზე გავლენის მოხდენა შეეძლო. 2015 წლის 11 აგვისტოს კვლევითი დანადგარი აშშ-ის საჰაერო ძალებიდან ალასკის უნივერსიტეტს გადაეცა.

რეალურად, პროგრამას ამინდზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია,  რადგან ამინდი არა იონოსფეროში, არამედ ატმოსფეროს შედარებით ქვედა შრეებში – ტროპოსფეროსა და სტრატოსფეროში წარმოიქმნება. „ამ ტიპის მტკიცებები სრულიად უსაფუძვლოა, სენსაციურია, მაგრამ არც სერიოზული და არც მეცნიერული“,- განუცხადა USA Today-ს ბოსტონის კოლეჯის სამეცნიერო კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა. კეიტ გროვზის თქმით, არ არსებობს მექანიზმი, რომლითაც HAARP-ს ამინდზე ზემოქმედება შეეძლებოდა. მან დამატებით ისიც აღნიშნა, რომ იონოსფეროში ვერ მოხდება ამინდზე ზემოქმედება, რადგან იონოსფეროში ატმოსფერული წნევა მიწაზე არსებული ატმოსფერული წნევის მემილიონედზე ნაკლებია.

მტკიცება, რომ HAARP-ს ისეთი სტიქიური მოვლენების გამოწვევა შეუძლია, როგორიც მაგალითად ქარიშხალი, ან ტორნადოა,  ალოგიკურია, რადგან მსგავსი მოვლენები სპეციფიკურ ატმოსფერულ და გრძელვადიანი ამინდის პირობებს საჭიროებს.  ჩარლზ კონრადი, აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონული კლიმატის ცენტრის დირექტორი,  აღნიშნავს, რომ არავის აქვს შტორმის, ქარიშხლის შექმნის უნარი. „მთავარი ამინდის მოვლენები მოითხოვს წარმოუდგენელ ენერგიას, უბრალოდ, არ არსებობს საშუალება, რომელიც ადამიანებმა შესაძლოა ატმოსფეროში მოათავსონ და ეს მოვლენები გამოიწვიოს“, – განმარტავს კონრადი.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 25 ივნისს კახეთში ქარბორბალა დაფიქსირდა, რომელმაც ალავერდის ტაძარი და მისი მიმდინარე ტერიტორიაა დააზიანა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის ტორნადოს პირველი შემთხვევა საქართველოში. 2023 წელს ქარბორბალა ახალქალაქში, სოფელ ვაჩიანშიც დაფიქსირდა. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიხედვით, ტორნადოს წინ უსწრებდა ჰაერის ტემპერატურის ზრდა და აგრეთვე ქარის გაძლიერებაც.

ამდენად, მცდარია მტკიცება, რომ თითქოს HAARP-ს ამინდზე ზემოქმედება და ბუნებრივი კატასტროფების, მათ შორის, კახეთში მომხდარი ტორნადოს გამოწვევა შეეძლო.

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]