ვერდიქტი: თემურ ცამციშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
განცხადება: 2008 წელს ქუთაისში იბადებოდა 3 000-მდე ადამიანი, ახლა იბადება 1 700 ადამიანი. იგივე სურათია მთელ იმერეთში: ვანი, სამტრედია, ხონი, წყალტუბო, ბაღდათი, თერჯოლა, ზესტაფონი, ხარაგაული, ტყიბული, საჩხერე და ჭიათურა. იმერეთის მასშტაბით რომ ვიანგარიშოთ, წელიწადში მინუს 2 987 გვაქვს ბუნებრივი მატება. შობადობა გვაქვს 5 215 ადამიანი და 8 202 გვაქვს გარდაცვალება.
რეზიუმე: ზოგადად, საქართველოში შობადობის მაჩვენებელი შემცირებულია და ბუნებრივი მატება, რაც შობადობასა და გარდაცვალებას შორის სხვაობას აღნიშნავს, უარყოფითია, ანუ გარდაცვალება აღემატება ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობას. ეს ტენდენცია იმერეთის რეგიონზეც ვრცელდება. ქუთაისში 2008-2009 წლებში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 3 ათასს მართლაც აღწევდა და გადააჭარბა კიდეც, ამასთანავე, ბუნებრივი მატების მაჩვენებელიც დადებითი იყო (მეტი ადამიანი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა), მაგრამ 2010 წლიდან უკვე კლებისკენ წავიდა და 2014 წლამდე, ქუთაისში გარდაცვლილთა რაოდენობა აღემატებოდა ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობას. რაც შეეხება იმერეთის ჯამურ მაჩვენებლებს, 2008-2023 წლებში დადებითი ბუნებრივი მატება არასდროს დაფიქსირებულა. იმერეთში შობადობის მაჩვენებელი მართლაც შემცირებულია. პოლიტიკოსი 2022 წლის პარამეტრებს ახსენებს, როცა ქუთაისში 1 767 ადამიანი დაიბადა, ხოლო 2 118 გარდაიცვალა. 2023 წლის ძირითადი დემოგრაფიული მონაცემების შესახებ დოკუმენტი საქსტატმა მხოლოდ 28 მარტს გამოაქვეყნა. ამ ეტაპზე უკვე ცნობილია, რომ დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა (შესაბამისად – 1 582 და 1 843), ოღონდ ბუნებრივი მატება კვლავ უარყოფითი დარჩა როგორც ქუთაისის, ისე მთელი იმერეთის მასშტაბით. კერძოდ, ქუთაისში 2022 წელს ბუნებრივი მატების მაჩვენებელი იყო მინუს 351, ხოლო 2023 წელს – მინუს 261. იმერეთის მასშტაბით კი 2022 წელს 5 215 პირი დაიბადა და 8 202 გარდაიცვალა. 2023 წელს დაიბადა 4 837, ხოლო გარდაიცვალა 7 008 ადამიანი. ბუნებრივი მატების მაჩვენებელი არის, შესაბამისად, მინუს 2 897 და მინუს 2 171, ანუ კვლავ უარყოფითია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ ახსენებს, რომ იმერეთში ყველაზე მეტი ადამიანი 2014 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიბადა. ასევე მან გამოტოვა ის ფაქტი, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა ყველაზე მაღალი იყო 2010 წელს, თუ არ ჩავთვლით პანდემიურ 2021 წელს, როცა საქართველოში გარდაცვალების მიზეზებს კორონავირუსი დაემატა და 2020-2021 წლებში გარდაცვლილთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ემიგრაციის მაჩვენებელი. საქსტატის მონაცემებით, ემიგრაციაში უფრო მეტი ადამიანი წავიდა, ვიდრე დაბრუნდა. ემიგრაციაში დარჩენილი მოქალაქეების ნაწილი სწორედ რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობაა. ეს კი შობადობის შემცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ზემოთ მოყვანილი მონაცემების გათვალისწინებით, ჯეოფაქტსის დასკვნით, თემურ ცამციშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
ანალიზი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პოლიტიკოსმა თემურ ცამციშვილმა განაცხადა: „2008 წელს ქუთაისში იბადებოდა 3 000-მდე ადამიანი, ახლა იბადება 1 700 ადამიანი. იგივე სურათია მთელ იმერეთში: ვანი, სამტრედია, ხონი, წყალტუბო, ბაღდათი, თერჯოლა, ზესტაფონი, ხარაგაული, ტყიბული, საჩხერე და ჭიათურა. იმერეთის მასშტაბით რომ ვიანგარიშოთ, წელიწადში მინუს 2 987 გვაქვს ბუნებრივი მატება. შობადობა გვაქვს 5 215 ადამიანი და 8 202 გვაქვს გარდაცვალება.“
პირველ რიგში, ვიტყვით, რომ შობადობის მაჩვენებელი შემცირებულია მთლიანად საქართველოში და ბუნებრივი მატება, რაც შობადობასა და გარდაცვალებას შორის სხვაობას აღნიშნავს, უარყოფითია. ეს მონაცემები უკვე გაასაჯაროვა საქსტატმა. 2023 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით, 5%-ით ნაკლებია. დაბადებულთა რაოდენობის მიხედვით, იმერეთი მეოთხე ადგილზეა. კერძოდ, 2023 წელს იმერეთში 4 837 ადამიანი დაიბადა. რეგიონი მეოთხე ადგილზეა გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვითაც: შარშან აქ 7 008 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ნიშნავს, რომ ბუნებრივი მატება უარყოფითია, ანუ იმერეთში 2 171-ით მეტი გარდაცვალება დაფიქსირდა.
თუმცა თემურ ცამციშვილი 2022 წლის მონაცემებზე საუბრობს, როცა იმერეთში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი მართლაც იყო მინუს 2 897 ადამიანი. იმ წელს ქუთაისსა და რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, ჯამში, 5 215 პირი დაიბადა, ხოლო 8 202 გარდაიცვალა. თუ ამ მაჩვენებლებს 2023 წლის მონაცემებთან (რომლებიც განცხადების გაკეთების შემდეგ გამოქვეყნდა) შევადარებთ, ვნახავთ, რომ შარშან დაიბადა და გარდაიცვალა უფრო ნაკლები ადამიანი, ვიდრე 2022 წელს.
დიაგრამა 1. ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა იმერეთში, 2022-2023 წლები
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
დიაგრამა 1 აჩვენებს, რომ 2023 წელს იმერეთში 387 ადამიანით (7.2%-ით) ნაკლები დაიბადა, ვიდრე 2022 წელს და 1 194 ადამიანით (14.6%-ით) ნაკლები გარდაიცვალა. როგორც სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, 2023 წელს ბუნებრივი მატება კვლავ უარყოფითი იყო, თუმცა, 2022 წელთან შედარებით – ნაკლები.
პოლიტიკოსი შობადობისა და გარდაცვალების 2022 წლის მონაცემებს 2008 წელთან ადარებს და იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტზე საუბრობს, ამიტომ საანგარიშო პერიოდად 2008-2023 წლები ავიღეთ.
ცხრილი 1. ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა იმერეთის მუნიციპალიტეტებში, 2008-2023 წლები
მუნიციპალიტეტი | 2008 | 2009 | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 | 2018 | 2019 | 2020 | 2021 | 2022 | 2023 | ||||||||||||||||
დ | გ | დ | გ | დ | გ | დ | გ | დ | გ | დ | გ | დ | გ | დ | გ | დ | გ | დ | გ | დ | გ | დ | გ | დ | გ | დ | გ | დ | გ | დ | გ | |
ქუთაისი | 2829 | 2781 | 3102 | 2801 | 2258 | 2261 | 2085 | 2179 | 2124 | 2168 | 2018 | 2085 | 2674 | 2072 | 2665 | 2174 | 2469 | 2250 | 2369 | 2097 | 2270 | 1978 | 2021 | 2011 | 1965 | 2354 | 1978 | 2778 | 1767 | 2118 | 1582 | 1843 |
ბაღდათი | 210 | 331 | 236 | 332 | 311 | 395 | 292 | 394 | 276 | 385 | 269 | 381 | 336 | 405 | 353 | 410 | 284 | 453 | 279 | 382 | 249 | 348 | 211 | 325 | 215 | 388 | 208 | 423 | 188 | 382 | 175 | 328 |
ვანი | 235 | 380 | 264 | 379 | 358 | 456 | 334 | 455 | 315 | 443 | 305 | 437 | 358 | 415 | 388 | 420 | 356 | 487 | 345 | 468 | 325 | 411 | 244 | 381 | 217 | 401 | 253 | 423 | 206 | 373 | 199 | 319 |
ზესტაფონი | 680 | 928 | 758 | 931 | 840 | 1013 | 785 | 1005 | 755 | 986 | 731 | 968 | 864 | 969 | 913 | 914 | 833 | 946 | 802 | 881 | 724 | 851 | 664 | 839 | 617 | 896 | 676 | 1035 | 571 | 816 | 537 | 727 |
თერჯოლა | 318 | 522 | 359 | 525 | 501 | 642 | 471 | 644 | 445 | 631 | 436 | 627 | 496 | 598 | 525 | 626 | 474 | 610 | 452 | 644 | 377 | 569 | 357 | 567 | 349 | 575 | 337 | 676 | 316 | 529 | 330 | 453 |
სამტრედია | 665 | 802 | 738 | 809 | 708 | 808 | 661 | 798 | 651 | 789 | 627 | 773 | 770 | 803 | 741 | 739 | 674 | 881 | 645 | 821 | 552 | 714 | 472 | 691 | 471 | 726 | 464 | 845 | 411 | 765 | 350 | 602 |
საჩხერე | 341 | 548 | 387 | 551 | 523 | 665 | 493 | 669 | 469 | 658 | 461 | 657 | 635 | 604 | 611 | 575 | 584 | 623 | 606 | 630 | 477 | 541 | 451 | 583 | 420 | 571 | 453 | 725 | 384 | 578 | 376 | 498 |
ტყიბული | 294 | 371 | 321 | 367 | 321 | 375 | 296 | 367 | 286 | 357 | 272 | 347 | 291 | 420 | 264 | 430 | 260 | 437 | 253 | 404 | 196 | 404 | 181 | 397 | 195 | 371 | 141 | 438 | 165 | 378 | 145 | 319 |
წყალტუბო | 573 | 868 | 640 | 871 | 814 | 1020 | 762 | 1020 | 725 | 998 | 706 | 990 | 804 | 898 | 711 | 875 | 695 | 884 | 675 | 859 | 570 | 812 | 528 | 867 | 536 | 873 | 510 | 993 | 461 | 877 | 435 | 774 |
ჭიათურა | 448 | 642 | 500 | 641 | 586 | 718 | 545 | 710 | 522 | 694 | 506 | 682 | 709 | 797 | 704 | 734 | 569 | 718 | 592 | 732 | 511 | 652 | 446 | 676 | 456 | 711 | 447 | 811 | 376 | 675 | 381 | 540 |
ხარაგაული | 176 | 300 | 198 | 299 | 284 | 367 | 265 | 366 | 249 | 356 | 242 | 352 | 315 | 425 | 323 | 382 | 277 | 396 | 265 | 359 | 226 | 365 | 211 | 330 | 213 | 348 | 187 | 386 | 178 | 323 | 167 | 275 |
ხონი | 287 | 385 | 318 | 386 | 347 | 416 | 323 | 411 | 312 | 403 | 301 | 395 | 341 | 416 | 317 | 446 | 309 | 417 | 291 | 456 | 280 | 360 | 254 | 341 | 219 | 375 | 225 | 467 | 192 | 388 | 160 | 330 |
სულ | 7056 | 8858 | 7821 | 8892 | 7851 | 9136 | 7312 | 9018 | 7129 | 8868 | 6874 | 8593 | 8515 | 7784 | 7574 | 6757 | 6040 | 5873 | 5879 | 5215 | 4837 | 7008 |
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ცხრილ 1-ს თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ უარყოფითი ბუნებრივი მატება მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არ დაფიქსირებულა. პოლიტიკოსის მიერ დასახელებული 2008 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, როცა ქვეყნის მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო, გარდაცვლილთა რაოდენობა ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობას მუდმივად აჭარბებდა. ასე იყო ყოველ მომდევნო წელს, 2013 წლიდან 2023 წლის ჩათვლით პერიოდშიც. რაც შეეხება კონკრეტულად ქუთაისს, 2008-2012 წლებში, ენმ-ის მმართველობის პერიოდში, დადებითი ბუნებრივი მატება მხოლოდ 2008 და 2009 წლებში დაფიქსირდა. მომდევნო წლებში მაჩვენებელი უარყოფითი იყო და ასე გაგრძელდა ახალი ხელისუფლების პირობებშიც, 2014 წლამდე. შემდეგ იყო დადებითი მაჩვენებელი და სიტუაცია 2020 წელს შეიცვალა, როცა გარდაცვალების გამომწვევ მიზეზებს კოვიდპანდემია დაემატა. 2020-2021 პანდემიურ წლებში, მთლიანად საქართველოს მასშტაბით, გარდაცვლილთა რაოდენობა ძალიან მაღალი იყო. ამ პერიოდში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი მკვეთრად გაუარესდა როგორც იმერეთის მასშტაბით, ისე – კონკრეტულად ქუთაისში. თუმცა უარყოფითი მაჩვენებელი არაპანდემიურ 2022- 2023 წლებშიც შენარჩუნდა.
დიაგრამა 2. ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა იმერეთში, 2008-2023 წლები
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
როგორც ვხედავთ, მთელ საანგარიშო პერიოდში არ ყოფილა არც ერთი წელი, როცა იმერეთის მუნიციპალიტეტებში დაბადებულთა ჯამურმა რაოდენობამ გარდაცვლილთა ჯამურ რაოდენობას გადააჭარბა და დადებითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა. თუმცა ცალკეულ მუნიცპალტეტებში, მათ შორის, ქუთაისში, როგორც ენმ-ის, ისე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, დაბადებულთა რაოდენობა გარდაცვლილთა რაოდენობას რამდენჯერმე აღემატებოდა. იმერეთში ყველაზე მეტი ადამიანი, თუ არ ჩავთვლით 2021 პანდემიურ წელს, 2010 წელს გარდაიცვალა – 9 136. თითქმის ასეთი მაღალი მაჩვენებელი იყო 2011 და 2016 წლებში, შესაბამისად, 9 018 და 9 102 ადამიანი.
ცოცხლად დაბადებულთა სტატისტიკაზე მსჯელობისას, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე გარემოება, რომლებიც მაჩვენებლებზე აისახება. კერძოდ, იმერეთში ურბანულად ყველაზე განვითარებული და დიდი ქალაქი ქუთაისია. ახლოს მდებარე მუნიციპალიტეტებიდან მოსახლეობის ნაწილი სწორედ იმერეთის მხარის ადმინისტრაციულ ცენტრში მიგრირდება. თუმცა ქუთაისში, როგორც ცხრილი 1 აჩვენებს, 2023 წელს 1 247-ით ნაკლები ცოცხლად დაბადებულია, ვიდრე 2008 წელს იყო. უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ემიგრაცია. საქსტატის მონაცემებით, ბოლო ცხრა წელში საქართველოდან 719 ათასამდე ადამიანი გავიდა, ხოლო დაბრუნებულთა რიცხოვნობა 505 ათასს ოდნავ აღემატება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში უარყოფითი მიგრაციული სალდო გვაქვს, ანუ ემიგრაციაში მიდის საქართველოს უფრო მეტი მოქალაქე, ვიდრე ბრუნდება. ამასთანავე, ემიგრირებულთა ნაწილს სწორედ რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობა შეადგენს. ეს კი ნეგატიურად აისახება შობადობის მაჩვენებელზე.
ცამციშვილი ასახელებს 2008 წელს ქუთაისში დაბადებულთა რაოდენობას, მაგრამ არ ამბობს, რომ იმავე ქუთაისში, უკვე 2010 წელს – 571-ით, 2011 წელს კი 744 ადამიანით ნაკლები დაიბადა და დაბადებულებზე მეტი გარდაიცვალა. ასევე პოლიტიკოსმა გამოტოვა ის ფაქტი, რომ იმერეთში, ჯამურად, ყველაზე მეტი ადამიანი 2014 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, დაიბადა. ამდენად, ჯეოფაქტსი თემურ ცამციშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.