Home » Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
გადამოწმებული ფაქტები მეტწილად სიმართლე

თემურ ცამციშვილი: იმერეთის მასშტაბით, წელიწადში მინუს 2 987 გვაქვს ბუნებრივი მატება. შობადობა გვაქვს 5 215 ადამიანი და 8 202 გვაქვს გარდაცვალება

ვერდიქტი: თემურ ცამციშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

განცხადება: 2008 წელს ქუთაისში იბადებოდა 3 000-მდე ადამიანი, ახლა იბადება 1 700 ადამიანი. იგივე სურათია მთელ იმერეთში: ვანი, სამტრედია, ხონი, წყალტუბო, ბაღდათი, თერჯოლა, ზესტაფონი, ხარაგაული, ტყიბული, საჩხერე და ჭიათურა. იმერეთის მასშტაბით რომ ვიანგარიშოთ, წელიწადში მინუს 2 987 გვაქვს ბუნებრივი მატება. შობადობა გვაქვს 5 215 ადამიანი და 8 202 გვაქვს გარდაცვალება.

რეზიუმე: ზოგადად, საქართველოში შობადობის მაჩვენებელი შემცირებულია და ბუნებრივი მატება, რაც შობადობასა და გარდაცვალებას შორის სხვაობას აღნიშნავს, უარყოფითია, ანუ გარდაცვალება აღემატება ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობას. ეს ტენდენცია იმერეთის რეგიონზეც ვრცელდება. ქუთაისში 2008-2009 წლებში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 3 ათასს მართლაც აღწევდა და გადააჭარბა კიდეც, ამასთანავე, ბუნებრივი მატების მაჩვენებელიც დადებითი იყო (მეტი ადამიანი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა), მაგრამ 2010 წლიდან უკვე კლებისკენ წავიდა და 2014 წლამდე, ქუთაისში გარდაცვლილთა რაოდენობა აღემატებოდა ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობას. რაც შეეხება იმერეთის ჯამურ მაჩვენებლებს, 2008-2023 წლებში დადებითი ბუნებრივი მატება არასდროს დაფიქსირებულა. იმერეთში შობადობის მაჩვენებელი მართლაც შემცირებულია. პოლიტიკოსი 2022 წლის პარამეტრებს ახსენებს, როცა ქუთაისში 1 767 ადამიანი დაიბადა, ხოლო 2 118 გარდაიცვალა. 2023 წლის ძირითადი დემოგრაფიული მონაცემების შესახებ დოკუმენტი საქსტატმა მხოლოდ 28 მარტს გამოაქვეყნა.  ამ ეტაპზე უკვე ცნობილია, რომ დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა (შესაბამისად – 1 582 და 1 843), ოღონდ ბუნებრივი მატება კვლავ უარყოფითი დარჩა როგორც ქუთაისის, ისე მთელი იმერეთის მასშტაბით. კერძოდ, ქუთაისში 2022 წელს ბუნებრივი მატების მაჩვენებელი იყო მინუს 351, ხოლო 2023 წელს – მინუს 261. იმერეთის მასშტაბით კი 2022 წელს 5 215 პირი დაიბადა და 8 202 გარდაიცვალა. 2023 წელს დაიბადა 4 837, ხოლო გარდაიცვალა 7 008 ადამიანი. ბუნებრივი მატების მაჩვენებელი არის, შესაბამისად, მინუს 2 897 და მინუს 2 171, ანუ კვლავ უარყოფითია.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ ახსენებს, რომ იმერეთში ყველაზე მეტი ადამიანი 2014 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიბადა. ასევე მან გამოტოვა ის ფაქტი, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა ყველაზე მაღალი იყო 2010 წელს, თუ არ ჩავთვლით პანდემიურ 2021 წელს, როცა საქართველოში გარდაცვალების მიზეზებს კორონავირუსი დაემატა და 2020-2021 წლებში გარდაცვლილთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ემიგრაციის მაჩვენებელი. საქსტატის მონაცემებით, ემიგრაციაში უფრო მეტი ადამიანი წავიდა, ვიდრე დაბრუნდა. ემიგრაციაში დარჩენილი მოქალაქეების ნაწილი სწორედ რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობაა. ეს კი შობადობის შემცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ზემოთ მოყვანილი მონაცემების გათვალისწინებით, ჯეოფაქტსის დასკვნით, თემურ ცამციშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პოლიტიკოსმა თემურ ცამციშვილმა განაცხადა: „2008 წელს ქუთაისში იბადებოდა 3 000-მდე ადამიანი, ახლა იბადება 1 700 ადამიანი. იგივე სურათია მთელ იმერეთში: ვანი, სამტრედია, ხონი, წყალტუბო, ბაღდათი, თერჯოლა, ზესტაფონი, ხარაგაული, ტყიბული, საჩხერე და ჭიათურა. იმერეთის მასშტაბით რომ ვიანგარიშოთ, წელიწადში მინუს 2 987 გვაქვს ბუნებრივი მატება. შობადობა გვაქვს 5 215 ადამიანი და 8 202 გვაქვს გარდაცვალება.“

პირველ რიგში, ვიტყვით, რომ შობადობის მაჩვენებელი შემცირებულია მთლიანად საქართველოში და ბუნებრივი მატება, რაც შობადობასა და გარდაცვალებას შორის სხვაობას აღნიშნავს, უარყოფითია. ეს მონაცემები უკვე გაასაჯაროვა საქსტატმა. 2023 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით, 5%-ით ნაკლებია. დაბადებულთა რაოდენობის მიხედვით, იმერეთი მეოთხე ადგილზეა.   კერძოდ, 2023 წელს იმერეთში 4 837 ადამიანი დაიბადა. რეგიონი მეოთხე ადგილზეა გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვითაც: შარშან აქ 7 008 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ნიშნავს, რომ ბუნებრივი მატება უარყოფითია, ანუ იმერეთში 2 171-ით მეტი გარდაცვალება დაფიქსირდა.

თუმცა თემურ ცამციშვილი 2022 წლის მონაცემებზე საუბრობს, როცა იმერეთში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი მართლაც იყო მინუს 2 897 ადამიანი. იმ წელს ქუთაისსა და რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, ჯამში, 5 215 პირი დაიბადა, ხოლო 8 202 გარდაიცვალა. თუ ამ მაჩვენებლებს 2023 წლის მონაცემებთან (რომლებიც განცხადების გაკეთების შემდეგ გამოქვეყნდა) შევადარებთ, ვნახავთ, რომ შარშან დაიბადა და გარდაიცვალა უფრო ნაკლები ადამიანი, ვიდრე 2022 წელს.

დიაგრამა 1. ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა იმერეთში, 2022-2023 წლები

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

დიაგრამა 1 აჩვენებს, რომ 2023 წელს იმერეთში 387 ადამიანით (7.2%-ით) ნაკლები დაიბადა, ვიდრე 2022 წელს და 1 194 ადამიანით (14.6%-ით) ნაკლები გარდაიცვალა. როგორც სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, 2023 წელს ბუნებრივი მატება კვლავ უარყოფითი იყო, თუმცა, 2022 წელთან შედარებით – ნაკლები.

პოლიტიკოსი შობადობისა და გარდაცვალების 2022 წლის მონაცემებს 2008 წელთან ადარებს და იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტზე საუბრობს, ამიტომ საანგარიშო პერიოდად 2008-2023 წლები ავიღეთ.

ცხრილი 1. ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა იმერეთის მუნიციპალიტეტებში, 2008-2023 წლები

მუნიციპალიტეტი 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 2021 2022 2023
ქუთაისი 2829 2781 3102 2801 2258 2261 2085 2179 2124 2168 2018 2085 2674 2072 2665 2174 2469 2250 2369 2097 2270 1978 2021 2011 1965 2354 1978 2778 1767 2118 1582 1843
ბაღდათი 210 331 236 332 311 395 292 394 276 385 269 381 336 405 353 410 284 453 279 382 249 348 211 325 215 388 208 423 188 382 175 328
ვანი 235 380 264 379 358 456 334 455 315 443 305 437 358 415 388 420 356 487 345 468 325 411 244 381 217 401 253 423 206 373 199 319
ზესტაფონი 680 928 758 931 840 1013 785 1005 755 986 731 968 864 969 913 914 833 946 802 881 724 851 664 839 617 896 676 1035 571 816 537 727
თერჯოლა 318 522 359 525 501 642 471 644 445 631 436 627 496 598 525 626 474 610 452 644 377 569 357 567 349 575 337 676 316 529 330 453
სამტრედია 665 802 738 809 708 808 661 798 651 789 627 773 770 803 741 739 674 881 645 821 552 714 472 691 471 726 464 845 411 765 350 602
საჩხერე 341 548 387 551 523 665 493 669 469 658 461 657 635 604 611 575 584 623 606 630 477 541 451 583 420 571 453 725 384 578 376 498
ტყიბული 294 371 321 367 321 375 296 367 286 357 272 347 291 420 264 430 260 437 253 404 196 404 181 397 195 371 141 438 165 378 145 319
წყალტუბო 573 868 640 871 814 1020 762 1020 725 998 706 990 804 898 711 875 695 884 675 859 570 812 528 867 536 873 510 993 461 877 435 774
ჭიათურა 448 642 500 641 586 718 545 710 522 694 506 682 709 797 704 734 569 718 592 732 511 652 446 676 456 711 447 811 376 675 381 540
ხარაგაული 176 300 198 299 284 367 265 366 249 356 242 352 315 425 323 382 277 396 265 359 226 365 211 330 213 348 187 386 178 323 167 275
ხონი 287 385 318 386 347 416 323 411 312 403 301 395 341 416 317 446 309 417 291 456 280 360 254 341 219 375 225 467 192 388 160 330
სულ 7056 8858 7821 8892 7851 9136 7312 9018 7129 8868 6874 8593 8515 7784 7574 6757 6040 5873 5879 5215 4837 7008

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ცხრილ 1-ს თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ უარყოფითი ბუნებრივი მატება მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არ დაფიქსირებულა. პოლიტიკოსის მიერ დასახელებული 2008 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, როცა ქვეყნის მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო, გარდაცვლილთა რაოდენობა ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობას მუდმივად აჭარბებდა. ასე იყო ყოველ მომდევნო წელს, 2013 წლიდან 2023 წლის ჩათვლით პერიოდშიც. რაც შეეხება კონკრეტულად ქუთაისს, 2008-2012 წლებში, ენმ-ის მმართველობის პერიოდში, დადებითი ბუნებრივი მატება მხოლოდ 2008 და 2009 წლებში დაფიქსირდა. მომდევნო წლებში მაჩვენებელი უარყოფითი იყო და ასე გაგრძელდა ახალი ხელისუფლების პირობებშიც, 2014 წლამდე. შემდეგ იყო დადებითი მაჩვენებელი და სიტუაცია 2020 წელს შეიცვალა, როცა გარდაცვალების გამომწვევ მიზეზებს კოვიდპანდემია დაემატა. 2020-2021 პანდემიურ წლებში, მთლიანად საქართველოს მასშტაბით, გარდაცვლილთა რაოდენობა ძალიან მაღალი იყო. ამ პერიოდში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი მკვეთრად გაუარესდა როგორც იმერეთის მასშტაბით, ისე – კონკრეტულად ქუთაისში. თუმცა უარყოფითი მაჩვენებელი არაპანდემიურ 2022- 2023 წლებშიც შენარჩუნდა.

დიაგრამა 2. ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა იმერეთში, 2008-2023 წლები

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც ვხედავთ, მთელ საანგარიშო პერიოდში არ ყოფილა არც ერთი წელი, როცა იმერეთის მუნიციპალიტეტებში დაბადებულთა ჯამურმა რაოდენობამ გარდაცვლილთა ჯამურ რაოდენობას გადააჭარბა და დადებითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა. თუმცა ცალკეულ მუნიცპალტეტებში, მათ შორის, ქუთაისში, როგორც ენმ-ის, ისე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, დაბადებულთა რაოდენობა გარდაცვლილთა რაოდენობას რამდენჯერმე აღემატებოდა. იმერეთში ყველაზე მეტი ადამიანი, თუ არ ჩავთვლით 2021 პანდემიურ წელს, 2010 წელს გარდაიცვალა – 9 136. თითქმის ასეთი მაღალი მაჩვენებელი იყო 2011 და 2016 წლებში, შესაბამისად, 9 018 და 9 102 ადამიანი.

ცოცხლად დაბადებულთა სტატისტიკაზე მსჯელობისას, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე გარემოება, რომლებიც მაჩვენებლებზე აისახება. კერძოდ, იმერეთში ურბანულად ყველაზე განვითარებული და დიდი ქალაქი ქუთაისია. ახლოს მდებარე მუნიციპალიტეტებიდან მოსახლეობის ნაწილი სწორედ იმერეთის მხარის ადმინისტრაციულ ცენტრში მიგრირდება. თუმცა ქუთაისში, როგორც ცხრილი 1 აჩვენებს, 2023 წელს  1 247-ით ნაკლები ცოცხლად დაბადებულია, ვიდრე 2008 წელს იყო. უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ემიგრაცია. საქსტატის მონაცემებით, ბოლო ცხრა წელში საქართველოდან 719 ათასამდე ადამიანი გავიდა, ხოლო დაბრუნებულთა რიცხოვნობა 505 ათასს ოდნავ აღემატება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში უარყოფითი მიგრაციული სალდო გვაქვს, ანუ ემიგრაციაში მიდის საქართველოს უფრო მეტი მოქალაქე, ვიდრე ბრუნდება. ამასთანავე, ემიგრირებულთა ნაწილს სწორედ რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობა შეადგენს. ეს კი ნეგატიურად აისახება შობადობის მაჩვენებელზე.

ცამციშვილი ასახელებს 2008 წელს ქუთაისში დაბადებულთა რაოდენობას, მაგრამ არ ამბობს, რომ იმავე ქუთაისში, უკვე 2010 წელს – 571-ით, 2011 წელს კი 744 ადამიანით ნაკლები დაიბადა და დაბადებულებზე  მეტი გარდაიცვალა. ასევე პოლიტიკოსმა გამოტოვა ის ფაქტი, რომ იმერეთში, ჯამურად, ყველაზე მეტი ადამიანი 2014 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, დაიბადა. ამდენად, ჯეოფაქტსი თემურ ცამციშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.