Home » Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
გადამოწმებული ფაქტები ვერდიქტები პოლიტიკა სამართალი ტყუილი

ანრი ოხანაშვილი: გამჭვირვალობა რომ არის ლეგიტიმური მიზანი, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადასტურა

ვერდიქტი: ჯეოფაქტსის დასკვნით ანრი ოხანაშვილის განცხადება არის ტყუილი.

ანალიზი: 2024 წლის 30 აპრილს საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განიხილებოდა. საპარლამენტო ოპოზიციის კითხვებზე პასუხისას ანრი ოხანაშვილმა გამჭვირვალობაზე, როგორც ლეგიტიმურ მიზანზე საუბრისას აღნიშნა: „გამჭვირვალობა რომ არის ლეგიტიმური მიზანი, ამის შესახებ ECG-მ (იგულისხმება CJEU) ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ, უნგრეთის საქმეში დაადასტურა, რომ ნამდვილად გამჭვირვალობის მიზანი არის ის ლეგიტიმური მიზანი, რომელიც ნებისმიერი ცვლილებისთვის შეიძლება იყოს საჭირო, ამიტომ როდესაც მოიშველიებთ უნგრეთის საქმეს ევროკავშირის სასამართლოში, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში, პარაგრაფი 78-79, ვციტირებ პარაგრაგი 78-79, ხაზგასმით აღნიშნა ამ საქმეში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ, რომ გამჭვირვალობა სავსებით შესაძლებელია, მიჩნეულ იქნეს ლეგიტიმურ მიზნად. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია გამჭვირვალობა და რა თქმა უნდა გამჭვირვალობა უზრუნველყოფს სუვერენიტეტის დაცვას.“

ჯეოფაქტსმა ანრი ოხანაშვილის განცხადება გადაამოწმა.

აღნიშნულ განცხადებაში ანრი ოხანაშვილი გამჭვირვალობას ლეგიტიმურ მიზნად ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების საფუზველზე ასახელებს. 2020 წლის უნგრეთის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო ამბობს, რომ ფიზიკური და იურიდიული პირების ფინანსური მხარდაჭერის გამჭვირვალობა, მათ შორის დეკლარაციების შევსებისა და გამოქვეყნების ვალდებულება, ღიაობისა და გამჭვირვალობის პრინციპის შესაბამისად, შესაძლოა იყოს საჯარო ინტერესის დაცვისთვის უმნიშვნელოვანესი საფუძველი. მეტიც, ეს გააუმჯობესებს ინფორმაციის საჯაროობის დონეს, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ საჯარო დებატში. ზოგიერთ სამოქალაქო ორგანიზაციას შესაძლოა ჰქონდეს მნიშვნელოვანი გავლენა საჯარო ცხოვრებასა თუ საჯარო დებატზე, ამიტომ ამგვარი ორგანიზაციების ფინანსური დახმარების გამჭვირვალობის მიზანი შესაძლოა იყოს მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის საგანი.[1]

მიუხედავად ამგვარი მსჯელობისა, სასამართლო საკითხს უფრო დეტალურად განიხილავს. კერძოდ, ანრი ოხანაშვილის მიერ ციტირებული 78-79 პარაგრაფების შემდგომ პარაგრაფებში სასამართლო ხსნის, რატომ არ არის გამჭვირვალობის მიზნის ლეგიტიმურობა მოცემულ კანონთან დაკავშირებით რელევანტური.

სასამართლოს პოზიციით, ორგანიზაციების ფინანსური დახმარების გამჭვირვალობის მიზანი, მიუხედავად იმისა, რომ ლეგიტიმურია, არ შეიძლება ამართლებდეს ისეთი კანონმდებლობის მიღებას, რომელიც ეფუძნება დაშვებას, თითქოს ნებისმიერი ფინანსური დახმარება, რომელსაც იღებენ ორგანიზაციები ან ფიზიკური პირები უცხოეთიდან ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან ამ სახელმწიფოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს საფრთხეს უქმნიდეს.

ანრი ოხანაშვილის განცხადება იმგვარად არის ფორმულირებული, თითქოს გამჭვირვალობა ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება იყოს თვითმიზანი და თითქოს სწორედ ამას ამბობს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო. რეალურად, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს თანახმად, გამჭვირვალობა თვითმიზანი არაა და იგი კონკრეტული, რეალურად არსებული საფრთხეების განეიტრალებისკენ უნდა იყოს მიმართული და არ უნდა არქმევდეს ნებისმიერ უცხოეთიდან შემოსულ დაფინანსებას საფრთხის შემცველს, თუ ეს საფრხე დადასტურებული არ არის.

უნგრული კანონის მიხედვით,  რეგისტრაციის, დეკლარაციის და გასაჯაროების ვალდებულება და სანქციები ყველა იმ ორგანიზაციას ეხებოდა, რომელიც მესამე სახელმწიფოსგან იღებდა დაწესებულ ზღვარზე მეტ დაფინანსებას.  ამასთან, უნგრეთის სურვილი გაეზარდა ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობას უკავშირდებოდა მის პოზიციას, რომ სხვა სახელმწიფოებისგან მიღებული დაფინანსება უნგრეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოიყენებოდა. კანონი არ განსაზღვრავდა რატომ არის ეს ვალდებულებები გამართლებული, ასევე, რატომ უნდა შეხებოდა ყველა ორგანიზაციას, ნაცვლად იმ ორგანიზაციებისა, რომლებსაც ნამდვილად აქვთ გავლენა საჯარო ცხოვრებასა და დისკუსიაზე. კანონი არ ასაბუთებდა როგორ ხდება ინტერესების გატარების დამტკიცება.

დასახელებულ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლომ დაადგინა, რომ გამჭვირვალობის გაზრდის ამოცანა, ამ შემთხვევაში, როდესაც მიზანი უცხოური ძალის მხრიდნ ინტერესების გატარების გამჭვირვალობაზეა საუბარი, ლეგიტიმურია, მაგრამ ვერ ამართლებს უნგრეთში გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას, რადგან  ყველა ფინანსური დახმარება მესამე სახელმწიფოში დაფუძნებული პირის მხრიდან და ყველა სამოქალაქო ორგანიზაცია რომელიც ამ დაფინანსებას იღებს,  პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებსა და ინსტიტუტების ჩარევისგან თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობას არ უთხრის ძირს. შესაბამისად, გამჭვირვალობის გაზრდის ამოცანა მოცემულ საქმეში ვერ ამართლებს გამჭვირვალობის კანონს მასში მოცემული შინაარსისა და დანიშნულების გათვალისწინებით.[2]

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჯეოფაქტსი ანრი ოხანაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.


[1] https://curia.europa.eu/juris/document/document.jsf;jsessionid=58232053DFFD7487E4EC01BAA31A27CE?text=&docid=227569&pageIndex=0&doclang=en&mode=lst&dir=&occ=first&part=1&cid=1699790&fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTAAAR1y5TUwLkSXYlUqMk1vZhcwAcRVvXvS8Nu65AolNNuhP4QGeooKduT6__k_aem_AebjbjD55jqUkJlDIcmyW1KfH24cMoxYezUoBGGSbCu_l2D1VUjmcizEto5JVVXc0S-Xtj0VrlXzZr2D1qFkegJQ – პარ 78-79.

[2] იქვე. პარ. 81-87

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]