დაპირება: იმერეთში 2018 წელს დაიწყება და 2019 წელს დასრულდება ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მშენებლობა.
ვერდიქტი: ჯეოფაქტსის დასკვნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაპირება არ შესრულდა.
რეზიუმე: ხელისუფლებამ არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ განხორციელებას იწყებდა. ბოლო ვერსიით, მშენებლობა 2018 წელს უნდა დაწყებულიყო. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2017 წელს გავრცელებულ განცხადებაში. იმავე წლის დეკემბერში უკვე მზად იყო „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საბოლოო ვერსია. პროექტი ითვალისწინებს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში ნარჩენების მართვის ახალი სისტემის დანერგვას, რაც გულისხმობს რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის აშენებას, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელის მოწყობასა და მუნიციპალიტეტების აღჭურვას ნარჩენების შეგროვებისა და დასუფთავებისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებებით. აღნიშნულმა სისტემამ სრულად უნდა ჩაანაცვლოს ძველი ნაგავსაყრელები, რომლებიც ეტაპობრივად, სტანდარტების შესაბამისად დაიხურება. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 27,5 მილიონ ევროს (აქედან: სესხი (KfW) – 20 მილიონი ევრო, გრანტი (EU NIF) – 3,5 მილიონი ევრო, ადგილობრივი კონტრიბუცია – 4 მილიონი ევრო).
მიუხედავად იმისა, რომ ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის დაწყება არაერთხელ დაანონსდა და მოსახლეობასთანაც არაერთი შეხვედრა გაიმართა, ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში კვლავ ფუნქციონირებს ძველი ნაგავსაყრელი, რომელიც მოსახლეობას ნამდვილ კოშმარად ექცა. 2013 წლიდან ნაგავსაყრელი ექსპლუატაციაში გადაეცა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“. მას შემდეგ კომპანიამ, ტერიტორიის მოწესრიგების მიზნით, რამდენიმე სამუშაო განახორციელა, თუმცა ახალი, დაპირებული პროექტის მშენებლობა ვერ დაიწყო და ძველი პოლიგონი კვლავ დიდ პრობლემად რჩება როგორც მოსახლეობისთვის, ისე ეკოლოგიური თვალსაზრისით.
ამდენად, ჯეოფაქტსის დასკვნით, სამინისტროს დაპირება, რომ 2019 წელს იმერეთის რეგიონს ევროსტანდარტების ნაგავსაყრელი ექნებოდა, არ შესრულდა.
ანალიზი: ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ქუთაისი-გეგუთის საავტომობილო მაგისტრალზე, მდებარეობს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ნაგავსაყრელი პოლიგონი, რომელიც 2013 წელს ექსპლუატაციაში გადაეცა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიას“. ნაგავსაყრელის მიმდებარედ მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა, განთავსებულია სხვადასხვა დანიშნულების, მათ შორის, კვების, საგანმანათლებლო თუ სამედიცინო დაწესებულებები. პოლიგონის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობა, უკვე წლებია, ხელისუფლებისგან შესაბამისი ზომების მიღებას ითხოვს. ხელისუფლებაც მუდმივად აანონსებს, რომ ევროსტანდარტების ნაგავსაყრელის მშენებლობას იწყებს. თუმცა კომპანიამ, არსებული პოლიგონის მოწესრიგების მიზნით, მხოლოდ რამდენიმე პროექტი განახორციელა. ამ ეტაპზე ნიკეას ნაგავსაყრელზე ტარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის დასრულების ვადაც არაერთხელ შეიცვალა.
რაც შეეხება დაანონსებულ პროექტს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისთვის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის ვადად, თავდაპირველად, 2014-2018 წლები იყო განსაზღვრული. ამის შესახებ საუბარია პროექტის საინფორმაციო ბიულეტენში, რომელიც 2016 წლის აპრილში გამოიცა. მასში აღნიშნულია, რომ პროექტი “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემა – ქუთაისი”, რომელიც ითვალისწინებს ნიკეას ნაგავსაყრელის დახურვასა და ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობას, 2015 წლიდან ხორციელდება. ბიულეტენის გამოქეყნების დროს, როგორც ირკვევა, გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში მზადდებოდა. „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საბოლოო ვერსია 2017 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა. პარალელურად, იმავე წლის ოქტომბერში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელშიც აღწერილია, როგორი იქნება ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, ნაგავსაყრელი. ვიზუალურ მასალაზე დართულ ტექსტში კი ნათქვამია, რომ მშენებლობა 2018 წელს დაიწყება და 2019 წელს დასრულდება.
თუმცა მშენებლობა არ დაიწყო. უფრო მეტიც, 2019 წლის იანვარში, როცა, დაპირების თანახმად, სამშენებლო სამუშაოები, სულ მცირე, აქტიურ ფაზაში მაინც უნდა ყოფილიყო, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას მშენებლობის დაწყების შესახებ. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ლევან დავითაშვილი, რომელიც იმ დროს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო. აღსანიშნავია, რომ იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ნარჩენების მართვის რეგიონული სამუშაო ჯგუფი მხოლოდ 2021 წელს შეიქმნა და პირველი შეხვედრაც იმავე წლის 16 ივლისს გაიმართა. საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ადგილმდებარეობის შერჩევის პროცესიც 2021 წელს დაიწყო. მანამდე რამდენიმე სავარაუდო ლოკაცია შეირჩა, თუმცა მიმდებარედ მცხოვრებმა მოსახლეობამ ნაგავსაყრელის მშენებლობის წინააღმდეგ აქციები გამართა, რის შემდეგაც კომპანიამ ახალი ტერიტორიის მოძიება გადაწყვიტა. პარალელურად მიმდინარეობდა მუშაობა სკოპინგის ანგარიშზე, რომელიც 2022 წლის აპრილში გამოქვეყნდა, ხოლო 2023 წლის მარტში გამართულ შეხვედრაზე კომპანიის დირექტორმა კვლავ მოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრა.
სკოპინგის ანგარიშის თანახმად, ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის შეირჩა „მუხიანის ადგილმდებარეობა“, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. მოსამზადებელი ეტაპი 2021 წლის 8 სექტემბრიდან 2023 წლის მარტამდე პერიოდს მოიცავდა. მეორე ეტაპის ვადა, რომელიც მშენებლობის ზედამხედველობის ეტაპს გულისხმობს, 2023 წლის 8 მარტიდან 2024 წლის 8 მაისამდე უნდა გაგრძელებულიყო. ოპერირების ანუ მესამე ფაზა კი 2025 – 2044 წლებს მოიცავს. იმავე სკოპინგის ანგარიშით, ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი, ჯამში, 16 მუნიციპალიტეტს მოემსახურება. ესენია: ქუთაისი, ბაღდათი, ჭიათურა, ხარაგაული, ხონი, საჩხერე, სამტრედია, თერჯოლა, ტყიბული, წყალტუბო, ვანი და ზესტაფონი (იმერეთი); ამბროლაური, ლენტეხი, ონი, ცაგერი (რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი). გარდა ამისა, ობიექტი მოემსახურება სამ მუნიციპალიტეტს: აბაშას, მარტვილსა და ლანჩხუთს. ნარჩენების ტრანსპორტირება ნარჩენების განთავსების ობიექტამდე განხორციელდება ექვსი გადამტვირთავი სადგურის გამოყენებით. რომელთა სავარაუდო ლოკაციებია ცაგერი, ამბროლაური, საჩხერე, ტყიბული, თერჯოლა და სამტრედია.
ჯეოფაქტსმა სცადა გარკვევა, თუ რა ეტაპზეა ამჯერად პროცესი. ჩვენ ინფორმაცია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისგან გამოვითხოვეთ, რომელმაც წერილი პროექტების მართვის კომპანიას გადაუგზავნა. თითქმის ორი თვის შემდეგაც კი, პასუხი არ მიგვიღია. კომპანიამ გვითხრა, რომ პასუხი მერიას დაუბრუნა, მერიამ გვამცნო, რომ მათთან წერილი არ შესულა. ამდენად, პროექტთან დაკავშირებული უახლესი ამბების შესახებ საჯარო ინფორმაცია ვერ მივიღეთ.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ჯეოფაქტსის დასკვნით, სამინისტროს დაპირება, რომ 2018 წელს იმერეთის რეგიონში ევროსტანდარტების ნაგავსაყრელის მშენებლობა დაიწყებოდა, არ შესრულდა.
ცნობისთვის: პროექტის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 27,5 მილიონ ევროს (აქედან: სესხი (KfW) – 20 მილიონი ევრო, გრანტი (EU NIF) – 3,5 მილიონი ევრო, ადგილობრივი კონტრიბუცია – 4 მილიონი ევრო).