სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ფანტინა ფანტინა, რომელსაც დეზინფორმაცია არაერთხელ გაუვრცელებია (1; 2; 3) ამჯერად EURO-2024-ის შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. პოსტის აღწერაში წერს: „რა სიმბოლიკა ქონდათ გუშინდელ მოთამაშეებს ოროვე მხარეს? გეიევროკავშირის?“. პოსტს თან ახლავს ორი ფოტოსურათი, პირველზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები გიორგი ქოჩორაშვილი და გიორგი მიქაუტაძე არიან გამოსახული, ხოლო მეორეზე – EURO-2024-ის ლოგო. სინამდვილეში, EURO-2024-ის ლოგოს სრულიად სხვა მნიშვნელობა აქვს და ის არც ლგბტ დროშის ფერებთან და არც ევროკავშირთან კავშირში არ არის.
EURO-2024-ის ვებგვერდზე ლოგოს შესახებ არსებული აღწერის მიხედვით, ტურნირის ლოგოს იდეა მომდინარეობს UEFA-ს (The Union of European Football Associations) 55 წევრი ასოციაციის დროშიდან და მათი ფერებიდან, რომლებიც სხვადასხვა კომბინაციას ასახავენ და ქმნიან ოლიმპიური სტადიონის (Olympiastadion – სტადიონი ბერლინში, სადაც EURO-2024-ის ფინალი გაიმართება) სახურავის ფორმას. ანრი დელონეს ცნობილი თასი კი გამოსახულია ლოგოს ცენტრში, ხოლო თასის გარშემო არსებული 24 ფერადი ზოლი EURO-2024-ში მონაწილე გუნდებს წარმოადგენს.
აღნიშნული ლოგო გამოსახულია ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელების ეკიპირებაზეც (მაგალითები იხილეთ ქვემოთ).
საქართველოს ნაკრები:
ჩეხეთის ნაკრები:
შესაბამისად, ლოგოს და მასზე გამოსახულ ფერებს არც ლგბტ დროშასთან და არც ევროკავშირთან საერთო არ აქვს. ის მონაწილე ქვეყნების დროშების ფერების ინსპირაციითაა შექმნილი.