Home » რა ვიცით რუმინეთი-უკრაინის მატჩზე გადაღებული ვირუსული ვიდეოს შესახებ
გადამოწმებული ფაქტები საგაზეთო სტატია

რა ვიცით რუმინეთი-უკრაინის მატჩზე გადაღებული ვირუსული ვიდეოს შესახებ

სოციალურ ქსელში ქართულენოვანი Facebook-ანგარიშები ვიდეოს აქვეყნებენ შემდეგი აღწერით: (1; 2; 3) „რუმინელი გულშემატკივრები უკრაინასთან მატჩზე სკანდირებენ “პუტინი!”“. სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია ყალბია, ხოლო ვიდეო – რედაქტირებული.

ვიდეოს ნამდვილობას ეჭვქვეშ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი აყენებს. საგულისხმოა, რომ ვიდეო ინსტაგრამის ე.წ „სთორის“ წარმოადგენს, რაც სოციალურ ქსელებში 24 საათის შემდეგ იშლება. ასევე, არ ჩანს ინტერნეტ-მომხმარებლის სახელი ე.წ username, რაც საშუალებას მოგვცემდა ინფორმაცია უშუალოდ პირველწყაროსთან გადაგვემოწმებინა. გადამოწმებას ართულებს ის ფაქტიც, რომ გულშემატკივრები ზურგით დგანან, შესაბამისად, არ უჩანთ სახე და შეუძლებელია ხმისა და ტუჩების მოძრაობის შესაბამისობის დადგენა.

ვიდეო სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ენაზე ვირუსულად გავრცელდა (1; 2;). რუმინულ მედიაში ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე სტატია გამოქვეყნდა (1; 2; 3).  Orange sport-ის სტატიაში წერია, რომ ვიდეო თავდაპირველად X-ზე გვერდმა სახელად Censored Men გამოაქვეყნა, რომელმაც შემდგომში ვიდეო წაშალა. მოგვიანებით, როგორც რუმინული მედია წერს, იტალიურმა სპორტულმა გაზეთმა Gazzetta dello Sport ყალბი ვიდეოს გამოყენებით სტატია გამოაქვეყნა, სადაც როგორც Orange sport წერს „უსაფუძვლოდ გააკრიტიკა რუმინელი ფანები იმ შეძახილის გამო, რომელიც სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გამოიგონეს“. ამჟამად იტალიური გაზეთის სტატია წაშლილია.

საინტერესოა ისიც, რომ ინტერნეტსივრცეში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი ვიდეო იძებნება. ამასთან, გავრცელებული ვიდეო უცხოენოვან სანდო მედიასაშუალებებზე არ გვხვდება.

მტკიცებას უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია. პოსტის მიხედვით, რეალურად ფანები არა „პუტინს“, არამედ „Путін – ху*ло!“-ს სკანდირებდნენ. X-ზე იდენტური ვიდეო Путін – ху*ло-ს შეძახილითაც ვრცელდება. თუ ხმებს კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ეს ორი ვიდეო იდენტურია,  ერთი განსხვავებით – ვირუსულად გავრცელებულში ერთი სიტყვა – ху*ло არ ისმის. სავარაუდოდ, სწორედ ეს ნაწილია რედაქტირებული, რაც ვიდეოს შინაარს უცვლის.

რუმინეთი-უკრაინის მატჩთან დაკავშირებით გერმანულმა გამოცემა Bild-მაც დაწერა. მათ სტატიაში ვკითხულობთ, რომ მატჩზე, სოლიდარობის ნიშნად, 40 000-მდე რუმინელი „უკრაინას“ სკანდირებდა, რაც ძალიან ემოციური სანახაობა იყო.

ზემოხსენებული მტკიცების გარდა, ზოგიერთი Facebook-ანგარიში პოსტში იმასაც წერდა, რომ რუმინელმა გულშემატკივრებმა ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (ДНР)-ის დროშაც გაშალეს, რასაც შესაბამისი ფოტოსურათით ადასტურებდნენ.

რეალურად, ეს ინფორმაციაც ყალბია. მატჩის სრული ვერსიის ნახვისას, ამ მომენტზე (იხ. 44:27-დან) ე.წ. ДНР-ის დროშა არ ჩანს. ეს მტკიცება რუსულენოვანმა პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმაც გამოაქვეყნეს, კერძოდ, ТАССРЕН ТВLenta.ruVesti.ru და სხვებმა, თუმცა შემდგომ, ზოგიერთმა მათგანმა, მაგალითად, Московский Комсомолец-მა სტატიაში აღიარა, რომ ფოტოსურათი ყალბია.

შესაბამისად, ზემოხსენებული მტკიცება, რომ რუმინელები „პუტინს“ სკანდირებდნენ, არ დასტურდება.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]