Home » დეზინფორმაცია: ნორმანდიის ნაცისტ-ფაშისტი ვეტერანი ზელენსკის ეხუტება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: ნორმანდიის ნაცისტ-ფაშისტი ვეტერანი ზელენსკის ეხუტება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ვეტერანის ვიდეოს ავრცელებს და ამტკიცებს, რომ „ნორმანდიის ყოფილი ვეტერანი დესანტი“, რომელიც უკრაინის პრეზიდენტს ეხუტება, ნაცისტი და ფაშისტია (არქივირებული ბმული). სინამდვილეში, ვიდეოზე სწორედ ნაციზმის წინააღმდეგ მებრძოლი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია გამოსახული.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს შორის შეხვე

დრა 2024 წლის 6 ივნისს, საფრანგეთში D-Day-ის 80 წლისთავის აღსანიშნად გამართულ ღონისძიებაზე შედგა.

1944 წლის 6 ივნისს ნაცისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში დესანტის გადასხმის ოპერაცია, ხშირად მოხსენიებულია, როგორც D-Day ან ოპერაცია ნეპტუნი, უპრეცედენტო იყო მასშტაბითა და გამბედაობით. სწორედ ამ ოპერაციით დაიწყო საფრანგეთისა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების გათავისუფლება გერმანული ოკუპაციისგან. ოპერაციის დროს სულ  მოკავშირეთა 4414 ჯარისკაცი დაიღუპა, მათ შორის 2501 ამერიკელი.

ვიდეო გავრცელებისას, თავდაპირველად ვეტერანის ვინაობა უცნობი იყო, თუმცა ჩანდა, რომ მას ამერიკელი ვეტერანების მხარდამჭერი ორგანიზაციის ბრენდირებული ქურთუკი ეცვა. მოგვიანებით, 2024 წლის 7 ივნისს  AP News-მა სტატიაში აღნიშნა, რომ გადამდგარი შტაბის სერჟანტი, წარმოშობით ამერიკელი, 99 წლის მელვინ ჰურვიცი იყო.

იგი სხვა ვეტერანებთან ერთად უცხოელ მაღალჩინოსნებს ხუთშაბათს, ნორმანდიაში, შეხვდა. ზელენსკისთან შეხვედრისას, ჰურვიცმა უკრაინის ლიდერს ხელზე აკოცა, ჩაეხუტა და უთხრა: „შენ ხარ ხალხის მხსნელი!“, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა: „არა, არა, თქვენ გადაარჩინეთ ევროპა“. ჰურვიცმა უკრაინის პრეზიდენტთან ფოტოც გადაიღო და უთხრა, რომ მისთვის ლოცულობს.

ამრიგად, ვიდეოზე გამოსახული ვეტერანი არა ნაცისტი ან ფაშისტი, როგორც ამას Facebook-მომხმარებელი ამტკიცებს, არამედ ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ, მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი ამერიკელი ვეტერანია.