Home » დეზინფორმაცია: თურქეთი აშშ-მ NATO-ში შეიყვანა, რათა საქართველოს ტაო-კლარჯეთი არ დაებრუნებინა
ტყუილი

დეზინფორმაცია: თურქეთი აშშ-მ NATO-ში შეიყვანა, რათა საქართველოს ტაო-კლარჯეთი არ დაებრუნებინა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც საუბარია, რომ NATO-მ, აშშ-ის მეთაურობით, თურქეთი NATO-ში შეიყვანა, რადგან სტალინს საქართველოსთვის ტაო-კლარჯეთი არ დაებრუნებინა და ამდენად, NATO და აშშ საქართველოს რეალური მეგობრები არ არიან. ვიდეოს სრული ტექსტი იხილეთ ქვემოთ:

„1952 წელს ჩვენმა მეგობარმა NATO-მ, ამერიკის მეთაურობით, თურქეთი შეიყვანეს ყოველგვარი ცერემონიის გარეშე NATO-ში. მიზეზი ამისა იყო ის, რომ სტალინმა აქტიურად დაიწყო საუბარი და მოქმედებები ტაო-კლარჯეთის საქართველოსთვის გადაცემაზე, კერძოდ, არტაანი, ართვინი და ლარსის ოლქები. ამაზე აღტაცებით წერდნენ ნიკო ბერძენიშვილი, სიმონ ჯანაშია და სხვანი, რაც ჩვენმა მეგობრებმა ვერ აიტანეს. ჰარი ტრუმენი დაემუქრა ატომური ბომბის გამოყენებით, თურქეთში შეუშვეს სამხედრო ხომალდები „ლინკოლნი“, „მისური“ და სხვა, მილიონობით დოლარი დახარჯეს თურქეთის გადაიარაღებაზე, თუმცა სტალინი მაინც თავისას განაგრძობდა; მაგრამ 1952 წელს თებერვალში თურქეთი NATO-ში შეიყვანეს, სტალინმა კი ხელი აიღო ამ საქართველოსთვის დიდებულ გეგმაზე, მოერიდა მესამე მსოფლიო ომს ატომური იარაღის გამოყენებით“.

აღნიშნული ტექსტი მანიპულაციური ხასიათისაა და ისტორიულ ფაქტებს დამახინჯებულად წარმოადგენს; ასევე მასში გამოტოვებულია არაერთი მნიშვნელოვანი დეტალი.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ვიდეო ცდილობს, წარმოაჩინოს, თითქოს ისტორიულად სტალინი საქართველოსთვის ტერიტორიების დაბრუნებას ცდილობდა, ხოლო აშშ და NATO მას ამის საშუალებას არ აძლევდა. ეს ისტორიის მნიშვნელოვანი დამახინჯებაა, რადგან საკითხის განხილვისას მანიპულაციურად გამოტოვებულია საჭირო კონტექსტი.

პირველ რიგში, მოცემული საკითხის განხილვისას, არსებითი ფაქტია, თუ როგორ აღმოჩნდა ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორია თურქეთის საზღვრებში. კერძოდ, ამ ტერიტორიის საკითხი გადაწყდა 1921 წლის მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებებით. 1921 წლის მოსკოვის ხელშეკრულება წარმოადგენდა სსრკ-სა და თურქეთს (მუსტაფა ქემალ ათათურქის მეთაურობით) შორის ძმობისა და მეგობრობის პაქტს. სხვა საკითხებთან ერთად, მოსკოვის ხელშეკრულებით, ბოლშევიკურმა საბჭოთა რუსეთმა და თურქეთმა კავკასიაში ტერიტორიები გაიყვეს. მათ შორის, განისაზღვრა თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვარი სოფელ სარფამდე იმდაგვარად, რომ ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორია თურქეთის კონტროლის ქვეშ ხვდებოდა. აღნიშნული შეთანხმება, რომელიც, ფაქტობრივად, ტაო-კლარჯეთის ტერიტორიის თურქეთისთვის გადაცემას/დაკანონებას მოიცავდა, რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურმა რესპუბლიკამ (იგივე ბოლშევიკური რუსეთი), რომლის ერთ-ერთი ლიდერიც სტალინი იყო, შეუთანხმდა თურქეთს 1920 წელს, მაშინ, როდესაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა აღნიშნულ ტერიტორიას თავისად მიიჩნევდა და მას თურქეთის ნაწილად არ აღიარებდა. მოსკოვის ხელშეკრულება 1920 წლის 16 მარტს გაფორმდა. ხოლო 1920 წლის 7 მაისს საქართველომ გააფორმა რუსეთთან საზავო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რუსეთი აღიარებდა საქართველოს და მის საზღვრებს, მათ შორის, მთელ ბათუმის ოლქს (მოიცავდა ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიის ნაწილს) საქართველოს რესპუბლიკის ნაწილად. ე.ი. რუსეთი, რომლის მთავრობაშიც სტალინიც შედიოდა, საქართველოს, ფაქტობრივად, ატყუებდა, რომ ტაო-კლარჯეთის ტერიტორიას მის ნაწილად განიხილავდა, თუმცა რეალურად, თურქეთს შეუთანხმდა, რომ აღნიშნული ტერიტორია თურქეთს ეკუთვნოდა.

რუსეთმა 1920 წლის საქართველოსთან დადებული ხელშეკრულება დაარღვია და სერგო ორჯონიკიძის მეთაურობით „წითელი არმია“ საქართველოში შეიჭრა და 1921 წელს საქართველოს ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია მოახდინა. თბილისის აღება უშუალოდ სტალინის მითითებით განხორციელდა. ე.ი. რუსეთმა სტალინის მითითებით საქართველო დაიპყრო და ის შემდგომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შეიყვანა. ეს ნიშნავს, რომ სტალინი არათუ საქართველოს ტერიტორიის დაბრუნებას ცდილობდა, არამედ ის მთლიანად დაიპყრო, როგორც რუსეთის მთავრობის წევრმა.

1921 წლის რუსეთის მიერ საქართველოს დაკავებას, საქართველოში ბოლშევიკური კომუნისტური რეჟიმის დამყარება მოჰყვა. ამ მხრივ, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესოა, რომ რუსეთმა საქართველოს კომუნისტურ რეჟიმს თურქეთთან ყარსის ხელშეკრულებაზე მოაწერინა ხელი. ყარსის ხელშეკრულებას ხელს აწერდნენ, ერთი მხრივ, თურქეთი, ხოლო მეორე მხრივ, სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის კომუნისტური რეჟიმები (რუსეთის მონაწილეობით). ყარსის ხელშეკრულება თურქეთის საზღვრებთან დაკავშირებით იმეორებდა მოსკოვის ხელშეკრულების პირობებს და შესაბამისად, ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიას თურქეთის ნაწილად აცხადებდა (ასევე სომხეთის ისტორიული ტერიტორიების ნაწილსაც). ე.ი., რუსეთმა, რომლის მთავრობაშიც სტალინი შედიოდა, საქართველოს აიძულა აღნიშნული ტერიტორია დაეთმო და ფაქტობრივად, რუსეთმა დააკარგვინა (შემდგომ წლებში საქართველოს სასაზღვრო რეგიონებში სადავო საკითხები რუსეთმა (სტალინის ჩართულობით) ასევე საქართველოს საზიანოდ გადაწყვიტა).

აქედან გამომდინარე, კონტექსტი, რომელიც გავრცელებულ ვიდეოში გამოტოვებულია, მიუთითებს, რომ ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორია საქართველოს სწორედ სტალინის ჩართულობით რუსეთმა დაათმობინა. ამდენად, საუბარი, თითქოს, სტალინი საქართველოსთვის აღნიშნული ტერიტორიის დაბრუნებას ისახავდა მიზნად, რეალობას არ შეესაბამება. ასევე, 1921 წელს სტალინის პირდაპირი ჩართულობით კომუნისტურმა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია მოახდინა (დაიპყრო) და შემდგომ ის საბჭოთა კავშირს შეუერთა. ამდენად, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო არ იყო.

1991 წელს მიღებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის თანახმად:

1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული აგრესიის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს ოკუპაცია, რასაც შემდგომში მოჰყვა მისი ფაქტობრივი ანექსია.

საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს, დამოუკიდებლობის აქტი და კონსტიტუცია დღესაც იურიდიული ძალის მქონეა, ვინაიდან დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას ემიგრაციაში.

საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი პერიოდი აღინიშნა სისხლიანი ტერორითა და რეპრესიებით, რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია. ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია, დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ“.

აღნიშნული ადასტურებს, რომ რუსეთმა საქართველო დაიპყრო და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში უკანონოდ შეიყვანა. ეს ასევე მიუთითებს იმაზეც, რომ როდესაც სტალინი თურქეთისგან ტერიტორიების, მათ შორის, ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიის, წართმევას ცდილობდა, ის აღნიშნული ტერიტორიის არა დამოუკიდებელი საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირის (რომელშიც დომინანტი რუსეთი იყო და სსრკ-ს დაშლის შემდგომაც, მის სამართალმემკვიდრედ რუსეთი გამოცხადდა) შემადგენლობაში შეყვანას ცდილობდა.

შესაძლებელია ვარაუდის გამოთქმა, რომ თურქეთისგან აღნიშნული ტერიტორიის წართმევის შემთხვევაში მისი ნაწილი საქართველოს, ხოლო ნაწილი სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების ნაწილი გახდებოდა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ დამოუკიდებელი საქართველოსა და სომხეთის ნაწილი იქნებოდა. თუმცა სტალინის ეს მცდელობა მეორე მსოფლიოს ომის შემდგომ პერიოდს და 1950-იანი წლების დასაწყისს შეეხება (როგორც ეს ვიდეოშიცაა აღნიშნული) და იმ დროს საბჭოთა კავშირის დაშლა დღის წესრიგში არ იყო და წარმოუდგენლად მიიჩნეოდა. ამიტომ, მომავლის პერსპექტივიდან ისტორიული მოცემულობის შეფასება იმგვარად, თითქოს სტალინი საქართველოსთვის ტერიტორიების დაბრუნებას ცდილობდა, როგორც ეს ვიდეოშია მოცემული, არასწორია და ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია – სტალინის ქმედება დანახული უნდა იყოს იმ დროს არსებული რეალობიდან გამომდინარე. შესაბამისად, ვიდეოში გაჟღერებული მტკიცება, რომ „სტალინმა აქტიურად დაიწყო საუბარი და მოქმედებები ტაო-კლარჯეთის საქართველოსთვის გადაცემაზე“, ტყუილია.

სტალინს რომ თურქეთის ტერიტორიის ნაწილის დაკავება სურდა, რაც საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიების ნაწილს მოიცავდა, რეალობას შეესაბამება (მაგალითად იხილეთ სხვადასხვა წყარო 1, 2, 3, 4, 5, 6, 7). ამაზე მიუთითებს ვიდეოში აღნიშნული ფაქტიც, რომ ქართულ აკადემიურ წრეებში და ჟურნალ-გაზეთებში, რომლებიც სრულად საბჭოთა კავშირის ცენზურას ექვემდებარებოდა (ამდენად, მასში გამოთქმული მოსაზრებები, მეტად სავარაუდოა, რომ საბჭოთა კავშირის ინტერესების გათვალისწინებით იყო გაჟღერებული), მოცემული საკითხი გააქტიურდა (იგივე მოცემულობა იყო სომხეთის შემთხვევაშიც). საბჭოთა კავშირმა არ განაახლა თურქეთთან 1925 წელს დადებული თავდაუსხმელობის ხელშეკრულებაც, რადგან სსრკ აღნიშნულის საფუძვლად თურქეთის მიერ კონტროლირებადი ისტორიული საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიების საკითხის განხილვას ითხოვდა.

ვიდეოში ნათქვამია, რომ სტალინის მიერ საქართველოსთვის ტერიტორიების დაბრუნების მცდელობა საქართველოს „მეგობრებმა“ (იგულისხმება აშშ და NATO) „ვერ აიტანეს“. ეს მორიგი მანიპულაციაა – 1952 წლისთვის საქართველო საერთაშორისო ურთიერთობებში დამოუკიდებელ აქტორს არ წარმოადგენდა (მათ შორის, არ იყო გაერო-ს წევრიც) – ის საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იძულებით შედიოდა და ამდენად, საერთაშორისო არენაზეც საბჭოთა კავშირი წარმოადგენდა. შესაბამისად, აშშ-სა და NATO-ს იმ დროს საქართველოსთვის ურთიერთობები საერთოდ არ ჰქონდა და ისინი საბჭოთა კავშირთან ურთიერთობდნენ და მათი ქმედებებიც მათი საბჭოთა კავშირისადმი დამოკიდებულებით იყო განპირობებული და არა საქართველოსადმი. ეს ურთიერთობები კი ე.წ. ცივი ომის კონტექსტს ემყარებოდა, რაც დასავლურ ბლოკსა (რომლის ლიდერიც აშშ, ხოლო მთავარი ორგანიზაცია NATO იყო) და საბჭოთა კავშირს შორის ყველა სფეროში დაპირისპირებას გულისხმობდა.

1952 წელს თურქეთის NATO-ში გაწევრიანებაც სწორედ ცივი ომის კონტექსტიდან გამომდინარეობს. სსრკ-ს ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთის წინააღმდეგ ამ გადაწყვეტილების განმაპირობებელ ფაქტორად შეიძლება იქნას მიჩნეული. სსრკ-ს მიერ თურქეთისადმი ტერიტორიული პრეტენზიები უფრო აქტიური უშუალოდ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იყო და საბჭოთა კავშირიც ამ მხრივ სწორედ მოცემული პერიოდში (1945-1947 წლები) აქტიურობდა. საბჭოთა კავშირის პრეტენზიები ასევე შეეხებოდა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებსაც, კერძოდ, სსრკ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სრუტეების საერთო სამხედრო კონტროლს ითხოვდა. ამ პერიოდში საბჭოთა კავშირიდან ზეწოლის ფონზე, თურქეთი აშშ-სთან უფრო ახლო ურთიერთობებსა და მოკავშირეობას ავითარებდა. საერთაშორისო თვალსაზრისით (როგორც ეს ვიდეოშია განხილული), სრუტეების საკითხი საქართველოსა და სომხეთის ისტორიული ტერიტორიების საკითხთან შედარებით ბევრად დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებდა.

სწორედ სსრკ-ს მიერ თურქეთის წინააღმდეგ სრუტეებთან დაკავშირებული ზეწოლა (და ასევე ისტორიული საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიებთან, თუმცა ეს არ წარმოადგენდა მთავარ უფრო დიდი მნიშვნელობის საკითხს) და ასევე სამოქალაქო ომი საბერძნეთში (ამავე კონტექსტში საბერძნეთსაც რეგიონში გეოსტრატეგიული თვალსაზრისით, როგორ ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელის მქონე ქვეყანას, მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა), სადაც აჯანყებული კომუნისტები ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობდნენ, გახდა საფუძველი აშშ-ის პოლიტიკის ჩამოყალიბებისთვის. კერძოდ, ეს გამოიხატა აშშ-ის პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის დოქტრინაში. ტრუმენის დოქტრინა გულისხმობდა ავტორიტეტული ქვეყნებიდან (იგულისხმებოდა სსრკ) მომდინარე საფრთხეების წინაშე მყოფი დემოკრატიული ქვეყნების მხარდაჭერას. დოქტრინის არგუმენტი იყო, რომ თუ ორი საკვანძოდ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საბერძნეთი და თურქეთი – საბჭოთა კავშირის ზეწოლის ქვეშ დაეცემოდა (და კომუნისტური გახდებოდა), კომუნიზმი გავრცელდებოდა სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად ირანში. აქედან გამომდინარე, კონგრესის გაერთიანებული სესიისადმი მიმართვისას პრეზიდენტმა ტრუმენმა საბერძნეთისა და თურქეთის ეკონომიკური და სამხედრო დახმარებისათვის 400 მილიონი დოლარის გამოყოფა ითხოვა. აღნიშნული დახმარების პაკეტი კონგრესმა დაამტკიცა და ის განხორციელდა. საბერძნეთსა და თურქეთთან მიმართებით ტრუმენის დოქტრინის კულმინაციას 1952 წელს საბერძნეთისა და თურქეთის NATO-ში გაწევრიანება წარმოადგენს. ამის მიზანი იყო აშშ-ის და NATO-ს სხვა მოკავშირეების სურვილი საბერძნეთი და თურქეთი საბჭოთა კავშირისგან მომავალი საფრთხისგან დაეცვათ. აღნიშნულმა იმუშავა და როგორც ვიდეოშიცაა აღნიშნული, სტალინი აშშ-სა და NATO-სთან პირდაპირ დაპირისპირებას მოერიდა და თურქეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების მხრივ აქტიური ნაბიჯები აღარ გადაუდგამს.

საბოლოო ჯამში, განხილულ ვიდეოში გავრცელებული მტკიცებების ნამდვილობის შესახებ მოცემული ფაქტებიდან გამომდინარეობს, რომ 1) მტკიცება, თითქოს აშშ და NATO იმ დროს საქართველოს მეგობრებივით არ იქცეოდნენ, მანიპულაციურია, რადგან საქართველო, როგორც დამოუკიდებელი აქტორი არ არსებობდა და აშშ-სა და NATO-ს პოზიცია სსრკ-თურქეთის ტერიტორიული დავის შესახებ მათი სსრკ-სადმი პოლიტიკით იყო განპირობებული; 2) აშშ-ის მეთაურობით, თურქეთის NATO-ში შეყვანის ერთ-ერთი მიზეზი იყო სსრკ-ს ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთისადმი, რაც ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიასაც მოიცავდა. თუმცა უფრო სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის ზეწოლა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე თურქეთს საბჭოთა კავშირთან ერთად საერთო სამხედრო კონტროლი დაეშვა და ასევე საფრთხე, რომ საბერძნეთი და თურქეთის კომუნისტური ქვეყნები გახდებოდნენ. საბერძნეთთან და თურქეთთან განვითარებული პროცესები ასევე მიუთითებს, რომ აშშ და NATO თურქეთის გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით საქართველოსა და მისი ისტორიული ტერიტორიების მიხედვით არ მსჯელობდნენ. ამდენად, ეს მტკიცებაც მანიპულაციურია, რადგან ინფორმაციას არასრულად, შერჩევითად და დამახინჯებულად წარმოადგენს; 3) მტკიცება, თითქოს სტალინი საქართველოსთვის ტაო-კლარჯეთის გადაცემას ცდილობდა, ტყუილია, რადგან რეალურად ა) საქართველო იმ დროს დამოუკიდებელი სახელმწიფო არ იყო და სსრკ-ს შემადგენლობაში იძულებით შედიოდა და ტერიტორიაც სსრკ-ს ნაწილი გახდებოდა და არა დამოუკიდებელი საქართველოსი (ხოლო სსრკ-ს შემდგომი დაშლის იმ დროს წინასწარმეტყველება შეუძლებელი იყო); ბ) სტალინის უშუალო ჩართულობით, კომუნისტურმა რუსეთმა საქართველოს არათუ ტერიტორიები დაუბრუნა, არამედ მთლიანად მოახდინა მისი ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია; გ) რუსეთმა, სტალინის მთავრობაში ყოფნის დროს, ჯერ თურქეთთან გააფორმა ხელშეკრულება 1920 წელს და ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორია  თურქეთის ნაწილად აღიარა, ხოლო საქართველოში დამყარებულ კომუნისტურ რეჟიმს 1921 წელს ყარსის ხელშეკრულებით აღნიშნული დაადასტურებინა და ტაო-კლარჯეთის ტერიტორია თურქეთის ნაწილად აღიარებინა.